განათლება,მთავარი,სიახლეები

სკოლა, რომელსაც 32 მასწავლებლიდან 10 ტოვებს

28.05.2019 • 3491
სკოლა, რომელსაც 32 მასწავლებლიდან 10 ტოვებს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის საჯარო სკოლის ათმა პენსიონერმა პედაგოგმა დღეს სკოლის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგები, რომლებსაც სტატუსი არ აქვთ, პროფესიიდან გასვლის სანაცვლოდ ჯილდოს – ორი წლის ხელფასს ჯამურად სექტემბერში მიიღებენ.

კირნათის სკოლის დირექტორის თქმით, პროფესიაში დარჩენა  მხოლოდ ორმა პენსიონერმა მასწავლებელმა გადაწყვიტა. დირექტორი ამბობს, რომ ისინი ზაფხულის საგნობრივ გამოცდაზე აპირებენ გასვლას. „ერთი პედაგოგი ჯერ კიდევ ფიქრობს, შესაძლოა სკოლა მათაც დატოვონ“, – გვითხრა სკოლის დირექტორმა, მერი ცინცაძემ.

კირნათის საჯარო სკოლაში სულ 32 პედაგოგი მუშაობს. დღეიდან სკოლაში ვაკანტურია ქართულის, რუსულის, მათემატიკის, ინგლისურის, ბუნების, დაწყებითისა და სპორტის მასწავლებლების ადგილები.

საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პენსიონერ, პრაქტიკოს მასწავლებელს ჯილდოს აღების უფლება აქვს მხოლოდ 2019 წლის ბოლომდე. მომდევნო წელს პენსიონერი პედაგოგი სახელმწიფოსგან იმავე შეთავაზებას აღარ მიიღებს.

პრაქტიკოს, პენსიონერ მასწავლებელს, უფლება აქვს, საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე ორჯერ გავიდეს – 2019 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე. თუ ვერ მიიღებს სათანადო შეფასებას, პედაგოგის ადგილზე ვაკანსია გამოცხადდება. კვალიფიციური კადრის გამოჩენის შემთხვევაში, ახალი კადრი მას ავტომატურად ჩაანაცვლებს.

ამავე თემაზე:

როგორ გაიზრდება მასწავლებლის ხელფასი სტატუსის მიხედვით სექტემბრიდან – მინისტრის განცხადება

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: