აჭარის მთავრობის ახალი შენობის აშენებას 28 მილიონი ლარი დასჭირდება – პროექტი


აჭარის ბიუჯეტიდან 2018 წელს 542 800 ლარია გადახდილი პროექტში, რომლის მიხედვითაც ბათუმში აჭარის მთავრობის ახალი შენობა უნდა აშენებულიყო. მშენებლობისთვის თანხა კი არც მიმდინარე წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული და არც 2020 წლის ბიუჯეტის მუშა პროექტში დევს. ახალი ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად 28 მილიონი ლარია საჭირო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ შესაბამისი თანხა ამ ეტაპზე არ აქვთ.

ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე კონკურსი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულებით, 466 100 ლარი. შენობის აშენება ქალაქ ბათუმში, მამია კომახიძის ქუჩა №119-შია დაგეგმილი [აქ არსებულ შენობაში დღეს აჭარის სამი სამინისტროა განთავსებული].

კონკურსში გაიმარჯვა შპს „მეგაპოლისმა“. რაც შეეხება სახელშეკრულებო თანხას – 542 800 ლარს, როგორც სამინისტროში გვითხრეს, კომპანიის მიერ შეთავაზებულ თანხას – 460 ათას ლარს დაემატა დღგ-ს ოდენობა.

„მეგაპოლისი“ თბილისში, 2017 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის წილებს თანაბრად ფლობენ მარიამ ბლიაძე და არჩილ კაჭარავა.

დოკუმენტაციის შესყიდვა ორეტაპიანი იყო. პირველი ეტაპი – კონცეფცია (კონკურსი); ხოლო მეორე ეტაპი – გამარჯვებული კონკურსანტის მიერ კონცეფციის შესაბამისად საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავება.

საკონკურსო პირობის მიხედვით, „არსებული ადმინისტრაციული შენობის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს ახალი შენობის ძირითადი ნაწილის (რომელიც აუცილებელია უწყებებისა და ორგანიზაციების ფუნქციონირებისათვის) მშენებლობის დასრულების შემდგომ. ასევე შესაძლებელია განხილულ იქნას მიწის ნაკვეთის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდის საკითხი, მოქმედი რეგულაციების შესაბამისად“.

მზა პროექტი სამინისტრომ 2018 წლის 25 ნოემბერს ჩაიბარა.

„მთავრობის უწყებების საერთო შენობის მშენებლობის პროექტი ძალიან საინტერესოა, რადგან უნდა გაამარტივოს მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისებზე წვდომა. ამ ეტაპზე, აჭარის 2019 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული თანხა აღნიშნული პროექტის დაფინანსებაზე, ვინაიდან თანხები ჯანდაცვას, სოციალურ სფეროს და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. აღნიშნული პროექტის დეტალური ფინანსური ანალიზის შემდეგ, ბიუჯეტის ფორმირების ეტაპებზე, მიღებული იქნება გადაწყვეტილება პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით,“ – მოგვწერეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან.

აჭარის მთავრობის ახალი ადმინისტრაციული შენობის ესკიზი. წყარო: საკონკურსო დოკუმენტები

დააწკაპუნეთ იმის გასაგებად საკონკურსო პირობის მიხედვით ახალ შენობაში რომელი სამთავრობო უწყებები უნდა განთავსებულიყო
  • აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – საშტატო ნუსხით – 88 ერთეული; შტატგარეშე – 25 ერთეული.
  • აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საშტატო ნუსხით – 58 ერთეული; შტატგარეშე – 12 ერთეული.
  • აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო – საშტატო ნუსხით – 53 ერთეული; შტატგარეშე – 10 ერთეული.
  • აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საშტატო ნუსხით – 53 ერთეული; შტატგარეშე – 14 ერთეული.
  • აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო – საშტატო ნუსხით – 45 ერთეული; შტატგარეშე – 12 ერთეული.
  • აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი – საშტატო ნუსხით – 33 ერთეული; შტატგარეშე – 14 ერთეული.
  • აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი-საშტატო ნუსხით – 59 ერთეული; შტატგარეშე – 5 ერთეული.
  • აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ბათუმის რესურსცენტრი-საშტატო ნუსხით – 7 ერთეული; შტატგარეშე – 2 ერთეული.
  • აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახური – საშტატო ნუსხით – 9 ერთეული; შტატგარეშე – 1 ერთეული.
  • ა(ა)იპ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო – საშტატო ნუსხით – 13 ერთეული.
  • სსიპ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი – საშტატო ნუსხით – 43 ერთეული.
  • სსიპ აჭარის დასაქმების სააგენტო – საშტატო ნუსხით- 24 ერთეული.
  • ა(ა)იპ აგროპროდუქტების მართვის ცენტრი – საშტატო ნუსხით – 23 ერთეული.
  • სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსი“ – საშტატო ნუსხით – 5 ერთეული.
  • სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო – საშტატო ნუსხით – 51 ერთეული.
  • აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი საშტატო ნუსხით – 16 ერთეული. შტატგარეშე – 5 ერთეული.
  • შპს „სტადიონი“ – საშტატო ნუსხით – 10 ერთეული.
  • შპს „ჰიგიენა 2009“ – საშტატო ნუსხით – 10 ერთეული.
  • სსიპ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა“ – საშტატო ნუსხით – 20 ერთეული.
  • შპს „გოდერძი რიზორტი“ – საშტატო ნუსხით – 9 ერთეული.
  • სსიპ „ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური“ – საშტატო ნუსხით – 23 ერთეული.
  • სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური – 11 ერთეული.

ახალი შენობის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი 2018 წლის მაისში, აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან შეთანხმებით გამოაცხადა. მთავრობა ერთ შენობაში გეგმავდა სამინისტროებისა და მასზე დაქვემდებარებული უწყებების განთავსებას. ამავე წლის ბოლოს კი, არაოფიციალურად ამბობდნენ, რომ ეს იდეა აჭარის მთავრობის მოქმედმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დაიწუნა.

არსებული ადმინისტრაციული შენობა კომახიძის ქუჩაზე [ზემოთ] და ახალი ადმინისტრაციული შენობის ესკიზი – ფოტომონტაჟი [ქვემოთ]

_____

ამ თემაზე:

პროექტი, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 460 000 ლარი დაიხარჯა, აჭარის მთავრობამ თაროზე შემოდო

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com