მთავარი,სიახლეები

„აპრილში ავიღე ხელფასი 17 ლარი და 55 თეთრი“ – ექთნები ბათუმის „რესპუბლიკურიდან“

27.05.2019 • 4897
„აპრილში ავიღე ხელფასი 17 ლარი და 55 თეთრი“ – ექთნები ბათუმის „რესპუბლიკურიდან“

„აპრილში ავიღე ხელფასი 17 ლარი და 55 თეთრი. „რესპუბლიკურში“ ზუსტად 35 წელია ვმუშაობ,“ – ამბობს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიის განყოფილების ექთანი ნარგიზ შარაძე. ის და ამ განყოფილების სხვა ექთნები დაბალ ხელფასებს აპროტესტებენ. მათი განმარტებით, პაციენტების რაოდენობამ მას შემდეგ იკლო, რაც ახალი კლინიკის მშენებლობა დაიწყო და ჯერჯერობით ვერ სრულდება. ექთნები მიიჩნევენ, რომ ამის მიუხედავად, კლინიკის შემოსავლები თანაბრად არ ნაწილდება და შესაძლებელია „ოდნავ ღირსეული ხელფასის გაცემა“. ექთნები ამბობენ, რომ 100 ლარიც კი მათთვის საოცნებო ხელფასია.

„31 წელია აქ ვმუშაობ, ყოველდღე აქ ვარ, დილის ცხრიდან საღამოს ხუთის ნახევრამდე,“ – გვიყვება კარდიოლოგიის განყოფილების ექთანი, მაგული წულუკიძე, – „აღარ გვაქვს ბევრი საქმე, არ ვწუწუნებ, ვერც სახლში ვჯდები, რა ვქნა… ამდენი წელია აქ ვარ, შევეჩვიე აქაურობას. თანაც, ამ ბოლოს ითქვა, ახალი აშენდება, ისევ რესპუბლიკურს ექნება ყველაზე მეტი დაფასებაო და გავჩერდი. წლების წინ მოჭრით გვქონდა ხელფასი 150 ლარი, შემდეგ გამომუშავების სისტემა დაწესდა და ახლა ხან 30 ლარს ვიღებ, ზოგჯერ თუ კარგი მუშაობაა – 75 ლარიც ამიღია. აპრილში, მაგალითად, 29 ლარი ავიღე… გვპირდებიან, ახალი რომ გაიხსნება, კიდევ უფრო მეტი ექთანი იქნება საჭიროო და არ მივდივართ ამიტომ“.

კარდიოლოგიურ განყოფილებაში სულ 11 ექთანია. სამი დღისით მუშაობს, დანარჩენი – ღამით მორიგეობენ. ექთნების თქმით, პაციენტების რაოდენობის შემცირება კონკურენტულმა გარემომაც განაპირობა და ამით განსაკუთრებით კარდიოლოგიური განყოფილება დაზარალდა. ექთნებს აღიზიანებთ შეკითხვა, რატომ არ გადავიდნენ ისინი აქამდე სამუშაოდ სხვა კლინიკაში.

ნარგიზ შარაძე, ექთანი: „სად უნდა გადავსულიყავი? რესპუბლიკური სამშობლოსავითაა… არც სხვაგან გადასული მინახავს ვინმე გახარებული. აპრილში ღამით სულ ხუთი მორიგეობა მომიწია. მე იმას ვითხოვ, რომ გამოინახოს რესურსი ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით და ასაკის მიხედვით და შეგვითავსონ სხვა განყოფილების ექთნობაც. ჩვენ მაღალ ანაზღაურებას არ ვითხოვთ, 100-150 ლარიც საოცნებოა… ახალი თანამშრომლები აჰყავთ, ან კიდევ იმ თანამშრომლებს უთავსებენ შტატებს, რომლებსაც ხელფასი ისედაც მაღალი აქვთ – 150 და 200 ლარი“.

ექთნებმა რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა დაგვისახელეს, როცა ადმინისტრაციის თანამშრომელს სხვა პოზიცია შეუთავსეს. ამას ადასტურებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, მალხაზ ხალვაშიც. თუმცა მისი მტკიცებით, დამატებითი პოზიცია იმ თანამშრომელს შეუთავსა, ვისი კომპეტენციაც კონკრეტული პოზიციის შესაბამისი იყო. კლინიკის დირექტორს ვკითხეთ, რა გზით დადგინდა, რომ მაგალითად, კარდიოლოგიის განყოფილების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექთნებს არ ჰქონდათ ვაკანტური უფროსი ექთნის შესაბამისი კომპეტენცია. ექთნების თქმით, უფროსი ექთნის პოზიცია ადამინისტრაციის თანამშრომელმა შეითავსა.

„უფროსი ექთანი არის მენეჯერული პოზიცია და მენეჯერულ კომპეტენციებს აფასებს საწარმოს ხელმძღვანელი, ანუ მე. მე უკვე ვიცი მათი კომპეტენციები, რადგან წლებია მათთან ერთად ვმუშაობ… მარტო ჩემი გადაწყვეტილება არ იყო ეს, ეს იყო კლინიკური მენეჯერის გადაწყვეტილებაც“, – გვითხრა მალხაზ ხალვაშმა, „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორმა.

მალხაზ ხალვაში ადასტურებს, რომ ექთნების ხელფასი დაბალია. „მაგრამ შემოსავალი რაც არის, იმას ვანაწილებთ,“ – ამბობს ის. ხალვაში „კრიზისული ეტაპის“ დასრულებას მას შემდეგ ელის, როცა კლინიკა ახალ შენობაში გადავა, თუმცა ამ ეტაპზე ისევ უცნობია, როდის გამოიძებნება თანხა ბიუჯეტში „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ახალი შენობის აღჭურვისთვის.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა გვითხრა ისიც, რომ, მაგალითად, დიალეზის განყოფილებისთვის ექთნის პოზიცია ისევ ვაკანტურია და ექთნებმა იქ დასაქმებაზე უარი თქვეს. „იქ ხელფასი 400 ლარია, მაგრამ არავის სურს მუშაობა… რატომ არ სურთ მუშაობა, არ მიკითხავს,“ – აღნიშნა მალხაზ ხალვაშმა „ბათუმელებთან“.

„შეიძლებოდა გადასვლა, მაგრამ მაქ ძალ-ღონით სავსე ექთანია საჭირო, რომელიც დილიდან საღამოს ათამდე იმუშავებს, მაგას ვეღარ შევძლებთ…“ – გვითხრა ექთანმა ნარგიზ შარაძემ, რომელსაც ვკითხეთ, რატომ არ გადავიდა სამუშაოდ დიალეზის განყოფილებაში.

მთავარი ფოტო: ნარგიზ შარაძე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: