მთავარი,სიახლეები

რატომ ვერ იქცა 26 მაისი სახალხო დღესასწაულად – ინტერვიუ ლაშა ბაქრაძესთან

25.05.2019 • 3023
რატომ ვერ იქცა 26 მაისი სახალხო დღესასწაულად – ინტერვიუ ლაშა ბაქრაძესთან

თბილისში – რუსთაველის ქუჩას, ბათუმში კი მემედ აბაშიძეს, ხვალ, 26 მაისი, ანუ დღესასწაული დაეტყობა – ეროვნულ დროშებს გამოფენენ. ამ ქუჩებს მიღმა ადამიანებისთვის 26 მაისი ერთი მორიგი დღე იქნება. ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე ამბობს, სახელმწიფო ჩვენში ჯერ კიდევ აღიქმება, როგორც „მტერი“. შესაბამისად, „დამოუკიდებლობა კი არ მიხარია, არამედ მისგან თავს ვიცავ“.

ოკუპაციის მიღმა ლაშა ბაქრაძე თვლის, რომ დღეს დამოუკიდებლობის ძირითადი გამოწვევა საქართველოში სამართლიანობის განცდაა. რატომ ვერ იქცა 26 მაისი სახალხო დღესასწაულად? – ამ თემაზე ისტორიკოს ლაშა ბაქრაძეს ვესაუბრეთ.

ბატონო ლაშა, თქვენი დაკვირვებით, როგორ ვუყურებთ ამ ქვეყნის მოქალაქეები 26 მაისს, რა დღეა ეს?

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, მაგრამ, სამწუხაროდ, იგი ფორმალობად იქცა. მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არ იცის ამ დღის მნიშვნელობა. 26 მაისი 1918 წელთან ასოცირდება, 90-იანი წლების დასაწყისთანაც, როდესაც თავიდან მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა. ეს დღე ფორმალობად იქცა, რადგან ახლა, მაგალითად, თბილისში რუსთაველის ქუჩაა გადაკეტილი და ძალიან ბევრი ადამიანია უკმაყოფილო ამით, რადგან საცობებში უწევს ყოფნა. ვერ შედგა დამოკიდებულება 26 მაისის, მე ასე ვიტყოდი, ამ მართლაც უმნიშვნელოვანესი სამოქალაქო დღესასწაულის მიმართ.

რატომ ვერ შედგა, თქვენ რას უკავშირებთ ამას? 

ძნელი სათქმელია. წლების განმავლობაში 90-იან წლებში რაღაცნაირი ცუდი დამოკიდებულება არსებობდა „სოციალ-დემოკრატებთან“, რადგან ისინი იყვნენ მმართველი პარტია და ეჭვის თვალით უყურებდნენ მათ პატრიოტიზმს, სამშობლოს სიყვარულს. უნდა ითქვას, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის ისტორია, განსაკუთრებით მე-20 საუკუნის, კარგად არ ვიცით. არ ვიცით, რამდენი რამ გაკეთდა ამ თუნდაც მოკლე პერიოდში, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1918 წელს.  ჩემი ღრმა რწმენით, საქართველო იქნებოდა ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფო, ისე რომ განვითარებულიყო, როგორც იმ წლებში ეს იყო დაგეგმილი.

ხელახლა მოპოვებული დამოუკიდებლობა რატომ ვერ გახდა საქვეყნო სიხარულის საგანი, როგორც ეს სხვებთანაა, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, ან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ნაციონალური დღესასწაულები აღინიშნება პომპეზურად.

ამას გარკვეული ტრადიციის შემუშავება სჭირდება, როგორ უნდა აღინიშნებოდეს მსგავსი დღესასწაულები. ჩვენ ამაზე ფიქრითაც არ შეგვიწუხებია თავი – როგორ შეიძლება ეს გახდეს მართლაც საერთო-სახალხო დღესასწაული და მხოლოდ ერთ ქუჩაზე არ აღინიშნებოდეს იგი. ადამიანებს, რომლებიც მესვეურებად ითვლებიან, ასე ვთქვათ, არასდროს აინტერესებდათ ეს საკითხი. მოქალაქეებს კი, როგორც წესი, ასეთი საკითხების აღნიშვნისკენ უბიძგებს სახელმწიფო. თუკი ჩვენ გვინდა, რომ დემოკრატიულ, პროევროპულ ფესვებზე გვქონდეს საუბარი, რასაკვირველია, პირველი რესპუბლიკა ამის ნათელი და კარგი მაგალითია და ჩვენ ძალიან ბევრი რამ უნდა გვესწავლა იმ წლებისგან.

პოლიტიკოსები ხშირად აქცენტირებენ იმაზე, რომ სამშობლო უყვართ, ანუ ეს კარგ ტონად ითვლება პოლიტიკურ ტრიბუნებსა, თუ სუფრებზე, მაგრამ პომპეზური არის ძირითადად რელიგიური დღესასწაულები: შობა, აღდგომა… ასევე ახალი წელი. 

საერო დღესასწაულების მიმართ არის საერთოდ ეს დამოკიდებულება. საერო დღესასწაულებს სჭირდებოდა უფრო მეტი ყურადღება. ადამიანები მაშინ აფასებენ დამოუკიდებლობას, მაშინ ჩნდება ეს შეგრძნება, როცა სახელმწიფო არის მოწესრიგებული, როდესაც სახელმწიფო გარანტიებს აძლევს თავის მოქალაქეებს, რომ მას ექნება სტაბილურობა, სამართლიანი გარემო, მას ექნება სოციალურად ისეთი გარემო, სადაც ნორმალურად ცხოვრებას შეძლებს. სხვა შემთხვევაში, ადამიანები სახელმწიფოს მნიშვნელობას ვერ დაინახავენ, ჩვეულებრივი და პატრიოტული შეძახილებით ეს არ ხდება.

სამწუხაროდ, როგორც ჩანს, დღემდე ჩვენი მოქალაქეები სახელმწიფოს არ აღიქვამენ ასე პოზიტიურად, ამაში გარკვეულ როლს თამაშობს მტრული დამოკიდებულება  სახელმწიფოსადმი, ან კომფორმისტული დამოკიდებულება, რაც არსებობდა საბჭოთა წარსულში, მაშინ ხომ სახელმწიფო გარკვეულწილად მტრადაც კი აღიქმებოდა ადამიანისთვის. როდესაც შენ შენი ქვეყანა გაქვს, შენი სახელმწიფო, ცოტა რთული ხდება ამის გაგება, მაგრამ მარტივად რომ ვთქვათ: თუ არ იქნება მოწესრიგებული სამართლებრივი, სოციალური, პოლიტიკური და სხვა საკითხები, ძალიან რთულია, მხოლოდ მოწოდებების დონეზე ადამიანებს უთხრა, რომ უნდა იყვნენ პატრიოტები და უყვარდეთ სამშობლო, უცხოეთში არ წავიდნენ და იქ დარჩენა არ ითხოვონ და ასე შემდეგ.

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არაა რეალურად დამოუკიდებელი, თუმცა ამ ტიპის დისკუსიებში ხშირად არგუმენტად ის სახელდება, რომ ქვეყანას არ ჰყავს ეფექტური ხელისუფლება. რატომ ხდება ასე, როცა ადამიანები ქვეყნის მართვას პირდაპირ აკავშირებენ დამოუკიდებლობის მნიშვნელობას? 

აქ მთავარი ისევ საბჭოთა გამოცდილებაა – მტრული დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ. ამ საბჭოთა ტრავმიდან უნდა გამოვიდეთ და დავინახოთ, რომ სახელმწიფო არ არის ადამიანის მტერი, უნდა გაჩნდეს აღქმა, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, ნაწილი ამ სახელმწიფოსი და ჩვენ ვაშენებთ მას იმისთვის, რომ უკეთესი გარემო შევქმნათ.

ძირითადად 26 მაისი აღინიშნება კულტურული და გასართობი ღონისძიებებით. თქვენ რა სახის აქტივობის საჭიროებას ხედავთ?

პირველ რიგში, განათლებაა მთავარი. ქუჩაში რომ გახვიდეთ, ახალგაზრდა მოქალაქეების დიდი ნაწილი ვერ გეტყვით, რა არის საერთოდ 26 მაისი, რასთან არის იგი დაკავშირებული. მათ საამისოდ არც განათლება აქვთ, მედიაშიც არ ხდება ბევრი რამე… ჩვეულებრივი ახალგაზრდა ადამიანისთვის, უცნობი და გაუგებარია, რატომ ვზეიმობთ საერთოდ ამ დღეს. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვითქვამს მკაფიოდ, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს 26 მაისი. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ყოველმა მოქალაქემ ეს დღე გაიაზროს, გაიგოს თუნდაც ისე, რომ ჩვეულებრივი მოქალაქე ამაში მონაწილეობდეს და ეს არ გამოიხატებოდეს მხოლოდ რუსთაველის ქუჩაზე გასეირნებით.

ან სურვილი უჩნდებოდეს, საკუთარი სახლის აივანზე მარტივად გადმოფინოს საქართველოს დროშა. 

კი. ამისთვის მე ვიტყოდი, რომ საჭიროა კარგი მაგალითები არსებობდეს. პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა აჩვენოს, რომ დაინტერესებულია ამით. ხელისუფლებას შეუძლია სამაგალითო რამე გააკეთოს სახელმწიფო შენობებზე… მე ვიტყოდი, რომ 26 მაისის, როგორც საერო დღესასწაულის გაძლიერება არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის. 26 მაისი არის ერთგვარი სიმბოლო სახელმწიფოს და ამ სიმბოლოს უფრო მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს.

თქვენი აზრით, დღეს რა არის საქართველოს დამოუკიდებლობის ძირითადი გამოწვევა? 

ჩვენ ისევ ბევრი გამოწვევა გვაქვს: ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორია, გვაქვს სასაზღვრო პრობლემები, საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებული პრობლემებიც…. მე ასევე მინდა გამოვყო სამართალთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც ასევე დამოუკიდებლობის გამოწვევაა. ვგულისხმობ სამართლიანობის შეგრძნებას, რომ აი, ამ ქვეყანაში სამართალს ვერ იპოვი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: