მთავარი,სიახლეები

„ორბის“ მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილმა სამშენებლო მასალებმა ავტომანქანები დააზიანა

25.05.2019 • 3153
„ორბის“ მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილმა სამშენებლო მასალებმა ავტომანქანები დააზიანა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე კომპანია „ორბის“ მშენებარე კორპუსიდან სამშენებლო მასალები ქუჩაში გადმოვარდა. საპატრულო პოლიციამ ქუჩის კონკრეტული მონაკვეთი გადაკეტა, მობილიზებულია სამაშველო სამსახურიც.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მასალების გამო არავინ დაშავებულა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით დაზიანებულია 4 ავტომანქანა. სამაშველო სამსახურში სხვა შეტყობინება არ შესულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო გადმოვარდნილმა რკინის კონსტრუქციამ რამდენიმე ავტომანქანა დააზიანა. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით. საპატრულო პოლიციას უსაფრთხოების მიზნით აქვს გადაკეტილი ქუჩა.

ბათუმის მუნიციპალური განვითარების სააგენტოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია „ორბის“ მშენებარე კორპუსის, ან ქალაქში ქარის გამო შექმნილი სხვა პრობლემის შესახებ.

„განთიადში ვიყავით გასულები, სახურავი გადმოვარდა და მოგვარდა უკვე… თუკი სადმე პრობლემა შეიქმნა, გავალთ,“- გვითხრა ჯუმბერ კობალაძემ, ააიპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა.

“ორბის” მშენებარე კორპუსზე მომუშავე მუშების ნაწილი მშენებლობიდან გაიყვანეს, ნაწილი კი ქარის მიუხედავად შენობაში რჩება.

„ბათუმელები“ ამ ეტაპზე კომპანია „ორბს“ კომენტარისთვის ვერ დაუკავშირდა.

“ორბის” მშენებარე კორპუსიდან მუშების ნაწილი გაიყვანეს, ნაწილი კი შენობაში დარჩა

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: