მოვიდა სქრინები სხვა სტუდენტებისგანაც – ბსუ-ს ეთიკის კომისია სტუდენტის სექსუალურ შევიწროებაზე


ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის დღევანდელ სხდომაზე, ამავე უნივერსიტეტის ლექტორისგან სტუდენტის სექსუალური შევიწროების თემას განიხილავდნენ.

ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, ანზორ ბერიძე სხდომის დასასრულს კომისიის სახელით ადასტურებს, რომ მოისმინეს სტუდენტების მოსაზრებები, მიიღეს დამატებითი მტკიცებულებები სხვა სტუდენტებისგანაც. „[ეს] ძალიან დიდი ეჭვის ქვეშ აყენებს ლექტორის პოზიციას, რომ მისი ფეისბუქგვერდი გატეხილია. გვაქვს ბევრი ინფორმაცია და მტკიცებულებები, ველოდებით მეორე მხარის, ლექტორის ბათუმში ჩამოსვლას, რომელიც საქართველოში არ იმყოფება”, – ამბობს ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.

ეთიკის კომისიის წევრია ასევე ბსუ-ს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი ლევან ჯაყელი.

„მოვიდა „სქრინები” სხვა სტუდენტებისგანაც, რაოდენობას ვერ გეტყვით, მაგრამ ბლომად მასალა დაგვიგროვდა დასამუშავებლად. არის ინფორმაცია, რომელიც საჭიროებს შესწავლას, ავთენტურობის დადგენას,  შესაძლებელია დამოუკიდებელ ექსპერტიზასაც მიმართოს უნივერსიტეტმა სქრინების ავთენტურობის დასადგენად”, – ამბობს ლევან ჯაყელი.

მისი თქმით, მასალების შეკრების პროცესი არ დასრულებულა და შეუძლებელია რაიმე შეფასების გაკეთება, რადგან მეორე მხარე არ არის გამოკითხული.

ბსუ-ს სამართლის ლექტორი, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, მივლინებაშია და ბათუმში 28 მაისს ბრუნდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან