მიიღებს პედაგოგი ზაფხულის ხელფასს, თუ განაცხადს ჯილდოზე მაისში გააკეთებს


დღეს 24 მაისს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე და მასწავლებლის პროფესიის რეგულირების პროგრამის ხელმძღვანელი, ხათუნა ბარაბაძე ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში, სკოლების პედაგოგებს და დირექტორებს შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. პედაგოგებმა კითხვები წერილობით ფორმატში წარმოადგინეს. გთავაზობთ პედაგოგების კითხვებს და მასწავლებელთა სახლის პასუხებს შეხვედრიდან.

  • კითხვა: თუ მასწავლებელი მაისის თვეში განაცხადებს თანხმობას ჯილდოს მიღებაზე, მიიღებს თუ არა ზაფხულის საშვებულებო ხელფასს?

პასუხი: რა თქმა უნდა მიიღებს. ჯერ მიიღებს საშვებულებოს, შემდეგ კი, სექტემბერში მიიღებს ჯილდოს.

  • კითხვა: პენსიონერი მასწავლებელი, რომელიც 2018 წლის სექტემბრიდან იმყოფება უხელფასო შვებულებაში, შეძლებს თუ ვერა მიიღოს ჯილდო და როგორ გამოითვლება მისი ოდენობა?

პასუხი: თუ პედაგოგი ხელშეკრულებით მუშაობს და ითვლება მოქმედ პრაქტიკოს მასწავლებლად, მასაც შეუძლია ჯილდოს აღება. ვარაუდია, რომ გამოითვლება მანამდე არსებული ხელფასით, ვიდრე შვებულებაში გავიდოდა. მაგრამ, თუ მას უწევს გამოსვლა 2019 წლის სექტემბრიდან და მასზე განაწილდება რაღაც საათები, მას შეეძლება არსებული საათების და ხელფასის მიხედვით მიიღოს ჯილდო. ამასთან დაკავშირებით რეალურად გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ჯილდო რომ მიეცემა ფაქტია.

  • კითხვა: როგორც ვიცით ფულადი ჯილდო დაანგარიშდება ხელზე ასაღები ხელფასიდან, დაანგარიშებული ჯილდოდან დაიქვითება თუ არა 20%-იანი საშემოსავლო?

პასუხი: ხელზე ასაღები ხელფასიდან ხდება ჯილდოს დაანგარიშება, თუმცა ჯილდო არ ექვემდებარება საშემოსავლოს დაქვითვას.

ბერიკა შუკაკიძე ბათუმში პედაგოგებს შეხვდა.
ფოტო: ლელა დუმბაძის

  • კითხვა: თუ მასწავლებელი მუშაობს ორ საჯარო სკოლაში, ორივე სკოლის შემთხვევაში მიიღებს თუ არა ჯილდოს?

პასუხი: რა თქმა უნდა. მასწავლებლის ხელფასი და საათობრივი დატვირთვა იმ ორი სკოლის ხელფასის მაგალითზე იქნება განხილული, ორივე სკოლიდან მიიღებს ჯილდოს, ოღონდ ორივე სკოლიდან უნდა წავიდეს.

  • კითხვა: თუ არის ჯილდოს დაანგარიშებისას გათვალისწინებული კლასის დამრიგებლის ანაზღაურება?

პასუხი: არა. თუმცა, თუ მაღალმთიანი რეგიონის დანამატია, ამ შემთხვევაში იქნება გათვალისწინებული. კლასკომპლექტების დანამატი ზუსტად არ ვიცი როგორ დაანგარიშდება, ალბათ საათების მიხედვით.

  • კითხვა: საპენსიო ასაკის სპეციალურ მასწავლებელს შეუძლია თუ არა მიიღოს ფულადი ჯილდო?

პასუხი: სამწუხაროდ ვერა, რადგან მას საათობრივი დატვირთვა აღარ აქვს და მასწავლებლის ხელშეკრულება შეწყვეტილი აქვს.

  • კითხვა: პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც არ არის საპენსიო ასაკის, შეუძლია თუ არა 2019 წელს, ორჯერ გავიდეს გამოცდაზე?

პასუხი: არამხოლოდ საპენსიო ასაკის მასწავლებელს, ყველას. მთავარია ის ახლა იყოს დარეგისტრირებული. საშემოდგომო გამოცდას ჰქვია განმეორებითი გამოცდა. ვინც ზაფხულის გამოცდაზე ვერ მიიღებს საკადრის შეფასებას ან არ იქნება კმაყოფილი შეფასებით, მას უფლება ექნება გადააბაროს გამოცდა. სხვა შემთხვევაში, საშემოდგომო გამოცდაზე ვერ გავა.

  • კითხვა: თუ კერძო სკოლის პრაქტიკოსი მასწავლებელი ვერ აიმაღლებს სტატუსს 2019 წლამდე, 2020 წლისთვის გაუუქმდებათ თუ არა პრაქტიკოსის სტატუსი?

პასუხი: კერძო სკოლები არის კერძო სტრუქტურა და ისინი თავად არიან უფლებამოსილნი გადაწყვიტონ ვის გაუფორმებენ ხელშეკრულებას, რომელ სქემაშიც იქნებიან ჩართული, იმის შესაბამისად. კერძო სკოლას უფლება აქვს ჰქონდეს თავისი სქემა, მისი პროფესიული განვითარების სისტემით.

პედაგოგები და დირექტორები ბათუმში ბერიკა შუკაკიძეს შეხვდნენ.
ფოტო: ლელა დუმბაძის

  • კითხვა: 2019 წლის 26 ნოემბერს ვხვდები 60 წლის, შემიძლია თუ არა პენსიაზე გასვლის შემთხვევაში მივიღო ჯილდო?

პასუხი: 60 წლის რომ გახდებით, მაშინ შეგიძლიათ გააკეთოთ განაცხადი, წინსწრებით ვერა.

  • კითხვა: ვარ ფიზიკოსი მასწავლებელი, დადასტურებული მაქვს კომპეტენცია, ასევე ჩატარებული მაქვს შიდა შეფასების გაკვეთილები. მიგროვდება 15 კრედიტქულა. მომეცემა თუ არა საშუალება კრედიტქულიანი ტრენინგებით შევივსო 4 დარჩენილი ქულა?

პასუხი: თქვენ გეძლევათ უფლება 19 კრედიტქულა შეივსოთ ამ წლის ბოლომდე და აიმაღლოთ სტატუსი. დეკემბრის ჩათვლით.

  • კითხვა: მასწავლებელი, რომელიც დაადასტურებს კომპეტენციას და 2019 წლის ბოლომდე დააგროვებს შესაბამისი რაოდენობის ქულებს, როდის მიენიჭება სტატუსი?

პასუხი: 2020 წლის იანვრიდან. ყველა მასწავლებელს სჭირდება გადამოწმება და მასწავლებლის სახლს ერთთვიანი პერიოდი აქვს გადასამოწმებლად.

  • კითხვა: კვლევა თუ არ ჩაეთვლება მასწავლებელს, 2019 წლის სექტემბრიდან თუ მიეცემა კვლევის ხელახლა განხორციელების უფლება?

პასუხი: კვლევის განხორციელება ეხება უფროს მასწავლებელს. მასწავლებელს რომელსაც ექნება ყველა აქტივობა განხორციელებული და 15 კრედიტქულა მოგროვებული მიმდინარე წლის ივლისისთვის, მას სექტემბრიდან შეეძლება გარე დაკვირვების ჩატარება. ამიტომ ვთხოვთ დირექტორებს, რომ 24 ივნისს მთავრდება კვლევის ატვირთვა და როცა განისაზღვრება შეფასების პერიოდი, პირველ რიგში განახორციელონ იმ პედაგოგების შეფასება, რომლებსაც 15 კრედიტქულა აქვთ თავიანთი კვლევით.

„ხშირად შემოდის საჩივარი, რომ „დირექტორი მემტერება“, „რაღაც არ ამატვირთინა“ და ა.შ. თუ ეს ნაცნობი სურათია, ასეთი სკოლის დირექტორებს რესურსცენტრებმა მიხედონ, თუ ის ვერ მიხედავს, ჩვენ მივხედავთ.

ვისაც კვლევა გაქვთ გაკეთებული, თუმცა მიგაჩნიათ, რომ კვლევის ანგარიში რაღაცის დამატებას მოითხოვს, თქვენ გაქვთ უფლება მიმართოთ შეფასების ჯგუფს და ხარვეზის ოქმის შემთხვევაში ხელახლა ატვირთოთ თქვენი კვლევის ანგარიში. ჩვენ არ გვაქვს დახარვეზების ვალდებულება, ჩვენ ვამოწმებთ, არის თუ არა შეფასებული სწორად.

  • კითხვა: დირექტორს და მოადგილეს აქვს თუ არა უფლება აიღოს ჯილდო საათების მიხედვით და გააგრძელოს მუშაობა როგორც დირექტორმა?

პასუხი: რა თქმა უნდა. როგორც დირექტორს, ასევე მოადგილეს ამის უფლება აქვთ, რადგან ჯილდოს იღებს როგორც მასწავლებელი და არა როგორც დირექტორი ან მოადგილე.

  • კითხვა: 27 მაისიდან 15 ივნისადმე, თუ აქვს უფროს მასწავლებელს უფლება ჩაატაროს ორი სამოდელო გაკვეთილი?

პასუხი: ამას დებულება არეგულირებს. თუ იქ წინააღმდეგობა არ გაქვთ, შეგიძლიათ ჩაატაროთ სამოდელო გაკვეთილი.

  • კითხვა: რუსული სექტორის დაწყებით კლასებში არ არის სასერთიფიკაციო გამოცდა. ამის გამო, მასწავლებელს არ ეძლევა საშუალება აიმაღლოს სტატუსი, ამ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა?

პასუხი: გეთანხმებით. რუსულ ენასა და ლიტერატურაში როგორც ასეთი არ არის გამოცდა, მომავალი წლისთვის აუცილებლად იქნება ეს დარეგულირებული. ამ მასწავლებლებისთვის არ არის ეს აქტივობა სავალდებულო. ალტერნატიული მექანიზმები მუშავდება და იქნება შემოთავაზებული. თუ ჯილდოს აღება ენდომება შეუძლია ჯილდო აიღოს.

_______

ბერიკა შუკაკიძე პედაგოგებს პენსიონერი მასწავლებლების პროფესიიდან გასვლის ახალ მოდელთან დაკავშირებით შეხვდა. შუკაკიძის თქმით, ამ დროისთვის პროფესიიდან გასვლასთან დაკავშირებით განცხადება 5 ათასმა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა გააკეთა.

სტატისტიკური მონაცემებით საჯარო სკოლებში ამ დროისთვის 12 300 პრაქტიკოსი პენსიონერი მასწავლებელი მუშაობს. იმ შემთხვევაში თუკი პროფესიიდან ყველა გავა, სახელმწიფომ ბიუჯეტიდან ამ პედაგოგების ჯილდოებისთვის ასი მილიონი ლარი უნდა დახარჯოს.

ამავე თემაზე:

ორი წლის ხელფასი სკოლიდან წასვლის სანაცვლოდ – შეთავაზება ასაკოვან პედაგოგებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com