სამინისტრო გონიოში 48 ჰექტარ მიწას აუქციონზე გასაყიდად გაიტანს


აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გონიოში მდებარე მიწის ნაკვეთებს წლის ბოლომდე აუქციონზე გაიტანს. ამის შესახებ დღეს, აჭარის მთავრობის ბიზნესმენებთან შეხვედრაზე გახდა ცნობილი. გონიოს განვითარების კონცეფცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თორნიკე კუჭავამ წარმოადგინა.

„ავიღეთ პოლიგონის მარცხენა მხარე, რომლის დაგეგმარებასაც ვაპირებთ. ახლა აქტიურ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებიც გლობალურ დაგეგმარებას გააკეთებენ. არ არის ადვილი საერთაშორისო კომპანიას მიაღებინო ტენდერში თავისი საგარანტიო მოთხოვნებით მონაწილეობა. ჩვენ უკვე გვყავს კომპანია, რომელიც აუცილებლად შემოვა ტენდერში და ბიუჯეტის კვლევისთანავე ჩვენ ამ ტენდერს გამოვაცხადებთ.  ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლოს გონიოს ტერიტორია იქნება აუქციონზე გამოტანილი თავისი  ნაკვეთების შესაბამისად. ანუ თითოეულ თქვენგანს შეუძლია დაგეგმოს სასტუმროს განთავსება თუ სხვა ტიპის ინფრასტრუქტურის მოწყობა,“ – მიმართა მან დარბაზში მყოფ ბიზნესმენებს.

აჭარის მთავრობასთან შეხვედრას 600-მდე ადამიანი ესწრებოდა.

თორნიკე კუჭავას თქმით, სამინისტროს აქვს თავისი ხედვა, თუ რას ითხოვენ დამგეგმარებლებისა და არქიტექტორებისაგან.

„უნდა გაითვალისწინონ ის ეკონომიკური მდგომარეობა, რაც არის აჭარის რეგიონში, უნდა გაითვალისწინოს ეკოლოგიური მოთხოვნები, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ ლოკაციის მიმართ და რაც მთავარია ის კულტურული შემოგარენი, რომელიც ახლავს ამ მონაკვეთს იმისათვის, რომ ის განვითარდეს სწორი მიმართულებით,“ – ამბობს თორნიკე კუჭავა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ამბობს, რომ საინვესტიციო ტერიტორია პოლიგონის მცირე ნაწილსაც მოიცავს.

„ეს არის გონიოს ციხის პირდაპირ 48 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია რომ ეს ტერიტორია გახდეს ინვესტიციების მოზიდვის წყარო, იქცეს ახალ ტურისტულ ლოკაციად. ურბანული განვითარების თვალსაზრისითაც  მნიშვნელოვანია არსებული პროექტის განხორციელება,“ – ამბობს მინისტრი.

ამავე თემაზე:

გონიოს ყოფილ პოლიგონზე მთავრობამ საინვესტიციო კონცეფცია მოამზადა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი