მთავარი,სიახლეები

საკრებულომ “დინამო ბათუმი” აჭარის მთავრობას გადასცა

24.05.2019 • 2434
საკრებულომ “დინამო ბათუმი” აჭარის მთავრობას გადასცა

ბათუმის საკრებულომ “დინამო ბათუმი” აჭარის მთავრობას გადასცა. გადაწყვეტილება დღეს, 24 მაისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

საფეხბურთო კლუბ ბათუმის დინამოს 100%-იანი წილის გადაცემა აჭარის მთავრობის მოთხოვნა იყო. ცნობილია, რომ მთავრობა  კლუბის პირდაპირი წესით გადაცემას შპს „ლამინი ჯგუფისთვის“ აპირებს. “ლამინი ჯგუფს” კლუბს 49-წლიანი  მართვის უფლებით გადასცემენ, სანაცვლოდ კი ისინი ყოველწლიურად 100 000 ლარს გადაიხდიან ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ამას გარდა, “ლამინი ჯგუფმა” ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის ვადაში 200 ათას ლარიანი გარანტია უნდა წარმოადგინოს, ხოლო 3 თვის ვადაში განვითარების კონცეფცია უნდა შეიმუშაოს და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარუდგინოს.

კონცეფცია უნდა მოიცავდეს ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას, ბავშვთა გუნდისთვის დამხმარე ფართს, საფეხბურთო კლუბ “დინამო ბათუმისთვის” შენობას, სადაც ფეხბურთელთა საცხოვრებელი ფართი იქნება.

„ლამინი ჯგუფი“ რომელსაც აჭარის მთავრობა “დინამო ბათუმს” გადასცემს 2013 წელს დაფუძნებული კომპანიაა. მისი ასპროცენტიანი წილის მფლობელი ქეთინო ბერიძეა, ხოლო კომპანიის დირექტორი – არჩილ ბერიძე, რომელსაც აჭარის მთავრობასთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, ის მთავრობასთან თანასაკუთრებაში ფლობს  შპს „ახალ ტექნოლოგიას“. მას აქვს ასევე სამშენებლო ბიზნესი.

საკითხის განხილვისას საკრებულოს წევრი ნოდარ დუმბაძე დაინტერესდა, რატომ არ განიხილა მერიამ „ალიანს ჰოლდინგის“ წინადადება დინამოს შესახებ, რაზეც მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, გოგა ლომაძემ განმარტა, რომ „ალიანსს“ წინადადება არ დაუზუსტებია და საერთოდ აღარ გამოსულა კონტაქტზე.

საკრებულოს სხდომა. ცაგო კახაბერიძის ფოტო

ამავე თემაზე:

აჭარის მთავრობა „დინამო ბათუმს“ ასხვისებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: