მთავარი,სიახლეები

როგორ დაგსჯის კანონი თუკი სექსუალური შევიწროება დაგიმტკიცდება

25.05.2019 • 3922
როგორ დაგსჯის კანონი თუკი სექსუალური შევიწროება დაგიმტკიცდება

გამოძიებამ კვალიფიკაცია უკვე შეუცვალა საქმეს, სადაც სტუდენტი ლექტორს სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს. გამოძიება თავდაპირველად „სისხლის სამართლის კოდექსის“ იძულების მუხლით დაიწყო, ამჯერად  კი, საქმე უფრო მძიმე -„სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების“ მუხლის მეორე ნაწილზე გადაკვალიფიცირდა.

რა სახის სასჯელი არსებობს „სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებისთვის“ და რას ითვალისწინებს „სექსუალური შევიწროვება“, რომელიც ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდა 3 მაისიდან – განმარტება პაატა დიასამიძეს, საია-ს იურისტს ვთხოვეთ.

„სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება“, ანუ სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლი გულისხმობს „პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებას, რომელიც ჩადენილია ქონებრივი დაზიანების, სახელის გამტეხი ინფორმაციის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან ისეთი ცნობის გახმაურების მუქარით, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის უფლება, ან დაზარალებულის უმწეობის, ან მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით.“

თუკი ამ მუხლის მეორე ნაწილის დარღვევა დაუდგინდება ლექტორს [მეორე ნაწილი მძიმე შედეგის დადგომას გულისხმობს], მას 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. ეს მუხლი ქმედების იძულებაზეა ორიენტირებული, ანუ უნდა დადგინდეს, რომ ლექტორი სტუდენტს კონკრეტული სექსუალური ქმედების ჩადენას აიძულებდა და სტუდენტი დაზარალდებოდა, თუკი ის ლექტორის მოთხოვნას არ შეასრულებდა.

იურისტი პაატა დიასამიძე განმარტავს, რომ სისხლის სამართლის ეს მუხლი თავის არსში მოიცავს „სექსუალურ შევიწროებასაც“, რომელიც ამ ეტაპზე „სისხლის სამართლის კოდექსში“ არ გვაქვს და მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედებაა.

ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, „სექსუალური შევიწროება“ გულისხმობს „საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველ სექსუალური ხასიათის ქცევას, რომელიც მიზნად ისახავს, ან იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ, ან შეურაცხმყოფელ გარემოს“.

მუხლი მოიცავს სექსუალური შევიწროების განმარტებასაც – სექსუალური ხასიათის ქცევად მიიჩნევა სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმა ან/და მიმართვა, გენიტალიების ჩვენება ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა.

რას ნიშნავს „საზოგადოებრივი ადგილი“ და მოიაზრებს თუ არა კანონით გათვალისიწნებული საჯარო სივრცე ინტერნეტ სივრცესაც? – საია-ს იურისტის, პაატა დიასამიძის აზრით, სექსუალური შევიწროების მუხლი ვირტუალური სივრცეს არ მოიცავს და თუ ადამიანმა თავი სექსუალური კუთხით შევიწროეუბულად იგრძნო, მაგალითად, ფეისბუკში დატოვებული საჯარო კომენტარის გამო, მას შეუძლია მიმართოს სახალხო დამცველს, ან სასამართლოს.

რაც შეეხება სანქციებს – სექსუალური შევიწროების მუხლი ძირითადად ჯარიმას ითვალისწინებს. პირველ შემთხვევაში, ჯარიმა 300 ლარია, განმეორების შემთხვევაში – 500 ლარი, ან გამასწორებელი სამუშაოები ერთთვემდე ვადით. ადამიანი 500-დან 800 ლარამდე დაჯარიმდება, თუკი მას სექსუალური შევიწროვების ფაქტს დაუდასტურებენ არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ.

„სექსუალური შევიწროება დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად დადგინდა… ადამიანს შეუძლია მოითხოვოს დისკრიმინაციის დადგენა, თუკი ინტერნეტსივრცეში დაფიქსირდება მის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტი, სექსუალურ შევბიწროვებას განმარტავს ანტიდისკრიმინაციული კანონი. შესაბამისად, შესაძლებელია, მოქალაქემ მიმართოს სახალხო დამცველს და თუკი დისკრიმინაცია დადგინდა, მას შეუძლია სასამართლოში ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს“, – გვითხრა პაატა დიასამიძემ.

იურისტის განმარტებით, სექსუალური შევისწროება, როგორც დისკრიმინაცია, სახალხო დამცველის მხრიდან შეიძლება დადგინდეს მაშინაც, თუკი იგი საზოგადოებრივ ადგილას არ მოხდა, როგორც ამას ადმინისტრაციული სამართლადარევის კოდექსი განმარატავს.

რას მოიაზრებს „უმწეო მდგომარეობა“? – იურისტის თქმით, ეს მდგომარეობა ავტომატურად გულისხმობს ვითარებას, როცა მსხვერპლს თავის დაცვის, წინააღმდეგობის გაწევის საშუალება არ აქვს, მაგალითად, სასმელში საძილე აბების გარევის გამო.

ვის უნდა მიმართოს ადამიანმა, თუკი ის შევიწროებულად გრძნობს თავს?

„სექსუალური შევიწროების შემთხვევაში, პოლიციას აქვს რეაგირების ვალდებულება. ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში უნდა მოახდინოს რეაგირება და შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი,“ – განმარტავს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე.

საია-ში ასევე მიიჩნევენ, რომ მეტი სიზუსტისთვის უკეთესი იქნება, თუკი სექსუალური შევიწროვების დარეგულირდება სისხლის სამართლის კოდექსშიც გაჩნდება, რადგან „სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების მუხლი“, რომლითაც ახლა სტუდენტის და ლექტორის საქმის ძიება მიმდინარეობს, ფოკუსირებულია იძულებაზე, სექსუალური შევიწროება კი, არასასურველ სექსუალური ხასიათის ქცევაზეა აქცენტრიებული, როგორებიცაა – მზერა, ფრაზა, ან გენიტალიის ჩვენება.

 

ამ თემაზე:

„თამამი სელფი გამომიგზავნე“ – სტუდენტი ბსუ-ს ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: