მთავარი,სიახლეები

მერაბ წულუკიძე აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსში მონაწილეობს

23.05.2019 • 2971
მერაბ წულუკიძე აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსში მონაწილეობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიერ გამოცხადებულ დირექტორობის კონკურსში, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ბათუმის ბიუროს ჟურნალისტი, მერაბ წულუკიძეც მიიღებს მონაწილეობას. მან განცხადება დღეს, 23 მაისს შეიტანა. მერაბ წულუკიძე „ბათუმელებთან“ თავისი გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს.

მერაბ, რატომ გადაწყვიტეთ ამ კონკურსში მონაწილეობა, რა არის მთავარი მოტივაცია?

მაქვს ამბიცია შევძლო ის, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავისი ფუნქცია შეასრულოს ნებისმიერი ხელისუფლების, ნებისმიერი საზოგადოებრივი განწყობის პირობებში. თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირება და მისი მოვალეობის შესრულება, რაც მას კანონით ევალება, დამოკიდებული იქნება გარემოებაზე, რომელიმე კონკრეტული ხელისუფლების პირობაზე, მაშინ ეს იდეა არის მკვდარი. მე ვფიქრობ, კანონი გვაძლევს შესაძლებლობას, გვაქვს მაუწყებლის ქცევის კოდექსი და მთავარია ამ კანონის დაცვა. ვფიქრობ, პროფესიონალიზმით ამ კანონის დაცვა სრულიად შესაძლებელია.

თქვენ იცით, როგორი მოვლენები განვითარდა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში და რა ფორმით დატოვა ნათია კაპანაძემ დირექტორის თანამდებობა. საქმე სასამართლოშია. ამის გათვალისწინებით, ფიქრობთ, რომ ამ ტელევიზიაში მოგეცემათ თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა?

ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, უბრძოლველად არავინ არაფერს არ მოგვართმევს. ეს მოტივაცია მქონდა მე.

რას გულისხმობთ ბრძოლაში, ანუ, ნათია კაპანაძე არ იბრძოდა იმისთვის, რომ ტელევიზია გამხდარიყო უკეთესი?

შეფასებებისგან თავს შევიკავებ, რადგან ჯერ მოქმედი ჟურნალისტი ვარ. რა იქნება და რა გადაწყვეტილებას მიიღებს მრჩეველთა საბჭო, ბუნებრივია არ ვიცი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

ძალიან კრიტიკული იყო მედიაექსპერტების შეფასება მრჩეველთა საბჭოს მიმართ, მათ ღიად თქვეს რომ საბჭო ასრულებდა პოლიტიკურ დაკვეთას. ამის გათვალისწინებით, თქვენ ენდობით ამ მრჩეველთა საბჭოს?

თუ გადავალ მეორე ტურში, ალბათ მექნება საშუალება წარვუდგინო ჩემი ხედვა. ვფიქრობ, მრჩეველთა საბჭომ უნდა მოახერხოს საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ ის არ არის პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ. ვფიქრობ, მრჩეველთა საბჭო ამას შეეცდება. მინდა დავამტკიცო, რომ შესაძლებელია ბრძოლა. ბრძოლა რა არის – პროფესიონალიზმი და სიმართლე. როცა ხარ მართალი, ხარ ძალიან ძლიერი, ანგარიშგასაწევი ძალა, გინდა ხელისუფლებისთვის, გინდა ოპოზიციისთვის ან საზოგადოებისთვის. მთავარი იარაღი არის სიმართლე, ობიექტურობა და პროფესიონალიზმი. პროფესიონალიზმი გულისხმობს სწორი, უტყუარი ინფორმაციის მიწოდებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ.

ფიქრობთ, რომ ნათია კაპანაძეს აკლდა პროფესიონალიზმი ან სიმართლე?

ნათია კაპანაძეს არ ჰქონდა ჯადოსნური ჯოხი, რომ  აჭარის ტელევიზია უცებ გადაექცია იდეალურ, ძალიან ძლიერ საზოგადოებრივ მაუწყებლად. მას ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი. ახალ ველოსიპედს ვერც მე გამოვიგონებ, მაგრამ ვთქვი, რომ კანონი გვაძლევს საშუალებას, გვქონდეს ნორმალური საზოგადოებრივი მაუწყებელი.

პოლიტიკოსების ბუნებაა, რომ გავლენა ჰქონდეთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელსაც აქვს გარანტირებული ბიუჯეტი, ვიდრე კერძო ტელევიზია დააფინანსონ და ეს არ არის მარტო ჩვენი პრობლემა. ამას თუ არ გავუმკლავდით, გამოდის საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთოდ არ არის საჭირო.

პროგრამა როდის შეიმუშავეთ თუ ახლა აპირებთ მუშაობას?

სიმართლე გითხრა, მე ჩემი კოლეგების რჩევით მივიღე ეს გადაწყვეტილება. ნაწილი თეზისების ჩამოწერილი მაქვს და ეს არ მოითხოვს დიდ დროს. ძირითადი ხედვები უნდა წარვადგინო. მე შევთავაზებ ჩემს პროგრამას, ბორდისთვის გასათვალისწინებელი იქნება ალბათ ჩემი ჟურნალისტიკაში მუშაობის 21-წლიანი პერიოდიც.

როგორია თქვენი ძირითადი ხედვა?

მძლავრი საინფორმაციო სამსახური, მძლავრი ონლაინ მედია. რა თქმა უნდა, საავტორო გადაცემებია საჭირო, ეკონომიკის თემაზე ყველაზე მეტად, რადგან ქვეყნის დიდი გამოწვევაა ეკონომიკა. როდესაც ადამიანებს სურთ ბიზნესის დაწყება ელემენტარული ინფორმაცია არ აქვთ. ტურიზმი აუცილებლად იქნება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. უბრალო მაგალითს გეტყვით, უცხოელი ტურისტი როცა ჩამოდის აქ და ძალიან მარტივი ტექნიკური საშუალებებით იღებს ვიდეო რგოლს, ასი ათასობით ნახვა აქვს… ძალიან ძნელია ადამიანს ელაპარაკო ღირებულებებზე, როცა მას ძალიან უჭირს.

ამბობენ, რომ თორნიკე რიჟვაძე თქვენი დეიდაშვილია. ეს სიმართლეა?

თორნიკე რიჟვაძესთან ნამდვილად არ მაკავშირებს არავითარი ნათესაობა. მე არ ვიღებ მონაწილეობას საჯარო სამსახურის კონკურსში. ტელევიზიის დირექტორის არჩევის საკითხი უნდა გადაწყვიტოს ბორდმა.

იცით ვინ იქნებიან თქვენი კონკურენტები?

მე რაც ვიცი, განცხადება შეიტანეს ჟურნალისტებმა – ირმა ზოიძემ და ბაჩო გურაბანიძემ. ვფიქრობ, ღირსეული კონკურენტები არიან, მაგრამ, ვფიქრობ, მეც კონკურენტუნარიანი ვარ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: