მთავარი,სიახლეები

„ხელს არავის არ ვაფარებთ“ – საკრებულო სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ლექტორზე

22.05.2019 • 2521
„ხელს არავის არ ვაფარებთ“ – საკრებულო სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ლექტორზე

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თავისი ლექტორი, ბათუმის საკრებულოს წევრი, სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

სულიკო თებიძის განცხადებით, საკრებულო გმობს ყოველგვარ ძალადობას:

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, ყოველგვარ შევიწროებას. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია არაოფიციალურად, საკრებულოს წევრისგან მოხდა იძულების ფაქტი. ჩვენ დაველოდებით გამოძიების შედეგებს, ხელს არავის არ ვაფარებთ, ვინც არ უნდა იყოს ის, კანონის სრული დაცვით აგებს პასუხს. ჩვენ, ჯერჯერობით, ოფიციალურად, არ ვიცით ვისზეა საუბარი, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, დაველოდებით გამოძიების შედეგებს“ – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

ლექტორი, რომელიც სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის, „ქართული ოცნების“ წევრია. სულიკო თებიძემ აღნიშნა, რომ ამ თემაზე უმრავლესობის წევრებს ჯერ არ უსაუბრიათ.

„როცა ოფიციალურად იქნება საუბარი ვინ არის, არც მე დავმალავ. კანონის წინაშე მკაცრად აგებს პასუხს, შესაძლებელია დატოვოს უმრავლესობაც. ვნახოთ, რას იტყვის გამოძიება,“ – განაცხადა სულიკო თებიძემ.

დღეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებულმა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომაც გაავრცელა განცხადება. საბჭომ მოუწოდა საკრებულოს თავმჯდომარეს, გენდერულ საბჭოს და საკრებულოს თითოეულ წევრს, დააფიქსირონ მკვეთრი პოზიცია ბათუმის საკრებულოს წევრის მხრიდან სტუდენტის სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით. ხოლო საკრებულოს წევრს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი, მრჩეველთა საბჭო მოუწოდებს, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეიჩეროს უფლებამოსილება.

სტატია იმის შესახებ, რომ ბათუმის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, „ბათუმელებმა“ 21 მაისს გამოაქვეყნა. 19 წლის სტუდენტი ამბობს, რომ ლექტორი მას ფეისბუქზე წერდა, სთხოვდა თამამ სელფებს და უკომპლექსოდ მოქცევას. ასევე, ჰპირდებოდა, რომ ამის შესახებ ვერავინ გაიგებდა.

სტუდენტისგან სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ლექტორმა ბრალდება „ბათუმელებთან” უარყო. მისი თქმით, ბოლო კვირაა რაც შენიშნა, რომ ფეისბუქი გაუტეხეს, თუმცა IT სპეციალისტთან მისვლა ვერ შეძლო.

სტუდენტმა განცხადებით მიმართა უნივერსიტეტს და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

დღეს, 22 მაისს, კი ცნობილი გახდა, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, უნივერსიტეტმა ლექტორის სტატუსი დროებით შეუჩერა.

ფოტოზე: სულიკო თებიძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. ფოტო: „ბათუმელები“, ლელა დუმბაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: