მოსამართლე მუსლიმ თემს: „რა ვქნათ, ჩვენი ბრალი არ არის“


“ბათუმის მეჩეთის საქმის” განხილვა ისევ გადაიდო. მორიგი პროცესი 12 ივნისს გაიმართება და მოსამართლე მხოლოდ მხარეების რეპლიკებს მოისმენს.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს პროცესის ბოლოს არ დაუმალავს, რომ ამით მან მერიას კიდევ ერთი შანსი მისცა მოლაპარაკების მისაღწევად – დღეს, 22 მაისს, გამართულ სხდომაზე ბათუმის მერიამ სხდომის კიდევ ერთხელ გადადება მოითხოვა და ივნისის პირველ კვირაში შეხვედრა დააანონსა. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, თუმცა სხდომის ბოლოს თქვა, რომ “შესაძლოა, მერიას მართლაც ჰქონდეს რეალური შეთავაზება”.

მოსამართლემ დარბაზს ისევ გაუმეორა, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა რამდენიმე ეტაპს მოიცავს და მხოლოდ სასამართლოში საქმის მოგებით მუსლიმი თემი მიზანს ვერ მიაღწევს.

“არსებობს გენერალური გეგმა?”- ჰკითხა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მერიის იურისტს არსებითი განხილვის დროს.

“არა,”- უპასუხა მოსამართლეს მერიის იურისტმა, ვახტანგ გედენიძემ. მოსამართლემ ეს შეკითხვა მერიის გადაწყვეტილების რეალური საფუძვლების დასადგენად დასვა. გადაწყვეტილებაში მერია აღნიშნავს იმასაც, რომ იმ კონკრეტულ ადგილას, სადაც ახალი მეჩეთის აშენებას აპირებენ, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება.

მერიის იურისტმა პროცესზე ვერ დააკონკრეტა, კონკრეტულად რა პროექტების განხორციელებას გეგმავს მერია მეჩეთის ადგილას.

“ამაზე სპეციალისტები ისაუბრებენ,”- მიმართა მოსამართლეს მერიის იურისტმა.

“სპეციალისტები რატომ უნდა მოვიწვიოთ, თქვენი პროექტია ხომ, მუნიციპალურ პროექტებზეა საუბარი…”- თქვა მოსამართლემ.

კითხვა-პასუხში მუსლიმი თემის ინტერესების დამცველი, დავით ბერძული ჩაერთო:

“რომც იყოს დაგეგმილი პროექტები, ეს არ უშლის ხელს მეჩეთს… მას აქვს ცალკე მისასვლელი  გზა,”- აღნიშნა მან.

მერიის იურისტს კითხვა მუსლიმი თემის წარმომადგენელმა, ნოდარ პაქსაძემაც დაუსვა:

“თუ პროექტებია პრობლემა, როგორ გვეუბნებოდით მაშინ, რომ თუკი სამუფთოს გადავცემდით მიწის ნაკვეთს, მივიღებდით მშენებლობის ნებართვას?”- იკითხა მან.

ვიდრე მერიის იურისტი პასუხს მოიფიქრებდა, მოსამართლემ მიმართა მოსარჩელეებს.

“თუ ეს არის გამოსავალი, რატომ არის პრობლემა?”- იკითხა მოსამართლემ. ნოდარ პაქსაძემ მასაც უთხრა, რომ ეს დისკრიმინაციული მიდგომაა და მუსლიმ თემს აქვს უფლება, დამოუკიდებლად ააშენოს ახალი მეჩეთი ბათუმში.

“ეს არაა ჩვენი დავის საგანი…”- თავი აარიდა მოსამართლემ დისკუსიის გაგრძელებას და მორიგი მოთხოვნის განხილვაზე გადავიდა – არის თუ არა დისკრიმინაციული მიდგომა, როცა მუსლიმ თემს მეჩეთის აშენების საშუალება არ მისცეს?

“ამ ზონაში ეკლესიების ასაშენებლად მერიისთვის არ მოუმართავთ, ჩვენ არ გაგვიცია ნებართვები… შესაბამისად, დისკრიმინაცია არ არის,”- მიიჩნევს ვახტანგ გედენიძე, ბათუმის მერიის იურისტი.

“მაგრამ იმ ზონაში არსებობს, ფაქტია, სხვა სამლოცველოები… ეს საკმარისი არგუმენტია? მერიას აქვს სხვა მექანიზმებიც… ამ მოცემულობაში რას იტყვით?”- ჩაეძია მერიის იურისტს მოსამართლე.

“თანასწორობა უნდა იყოს კანონიერების ფარგლებში. თანასწორობა ვერ იქნება კანონიერი მოთხოვნა უკანონობაში,”- აღნიშნა ვახტანგ გედენიძემ.

მოსამართლე ასევე დაინტერესდა, რას ფიქრობდა მერიის იურისტი სახალხო დამცველის რეკომენდაციაზე.

“მერიის მიზანია მიღებულ იქნეს მაქსიმალურად ოპტიმალური გადაწყვეტილება.. უნდა მოხდეს ყველას ინტერესის გათვალისწინება, მათ შორის, სახალხო დამცველის,”- აღნიშნა მერიის იურისტმა, ვახტანგ გედენიძემ.

“სახალხო დამცველს არ უჭირს საჭიროების შემთხვევაში იმის თქმა, რომ საქმე დისკრიმინაციასთან გვაქვს… ამ შემთხვევაში რატომ არ გააკეთა მან ეს შეფასება?”- მიუბრუნდა მოსამართლე მუსლიმი თემის იურისტებს.

“სახალხო დამცველს არ ჰქონდა ეს შეფასება, რადგან როცა ეს რეკომენდაცია გამოიცა, სასამართლო განხილვა უკვე დაწყებული იყო…”-  უპასუხა მოსამართლეს მუსლიმი თემის ინტერესების დამცველმა იურისტმა, დავით ბერძულმა.

პაექრობის დასრულებამდე მოსამართლემ დარბაზს სხდომის გახანგრძლივების გამო მოუბოდიშა.

“ვიცი, მარხული ადამიანები ხართ… რა ვქნათ, ჩვენი ბრალი არ არის,”- დასძინა მოსამართლემ.

მუსლიმმა თემმა დღესვე სასამართლოს ფოიეში ლოცვა აღავლინა. სასამართლოს ადმინისტრაციას თემისთვის ხელი არ შეუშლია. ლოცვა რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი