რაზე გაურიგდნენ „იალჩინ მარკეტს“ კონსულტანტები სასამართლოში


“არ აქვს აზრი არაფერს, იწელებოდა პროცესები… მოწმეები ვინც გვყავდა, ისინიც აღარ მოვიდნენ, რომ სიმართლე ეთქვათ. ჩვენ ერთიანად ისე გამოგვყარეს სამსახურიდან, რომ არავის უთქვამს, რატომ გაგვიშვეს,” – გვითხრა ირაკლი მამულაძემ. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც “იალჩინ მარკეტს” სასამართლოში უჩივლა, სამსახურში აღდგენა მოითხოვა და განაცდურის ანაზღაურებაც.

“იალჩინ მარკეტიდან” 10 კონსულტანტი ერთდროულად 2017 წლის 24 ნოემბერს გაათავისუფლეს. კონსულტანტებს მენეჯერთან ჰქონდათ კონფლიქტი და გასაუბრება დირექტორთან მოითხოვეს.

“ეს მოხდა ღამის საათებში, ადგილზე დირექტორი მივიდა, მაგრამ მას თანამშრომლების პრეტენზია არ მოუსმენია, უთხრა, რომ უშვებდა ყველას ერთიანად სამსახურიდან, რადგან ისინი თავთავიანთ ადგილებზე არ იყვნენ და ერთად შეგროვდნენ, დირექტორისთვის პრეტენზიები რომ ეთქვათ,” – განმარტავს ზურაბ ცეცხლაძე, რომელიც პროფესიული კავშირების იურისტია და სასამართლოში სამსახურიდან გათავისუფლებულების ინტერესებს იცავდა.

“დასაქმებულების მიერ სამუშაო ადგილის ჯგუფურად და თვითნებურად მიტოვება”, – ასე შეაფასა კონსულტანტების მოქმედება დამსაქმებელმა ბრძანებაში. თუმცა გათავისუფლების ბრძანებები კონსულტანტებმა სასამართლოში ჩივილის შემდეგ ნახეს. მანამდე არცერთი გათავისუფლებულისთვის ბრძანება არ ჩაუბარებიათ.

რამდენად სამართლიანი იყო ამ ფორმით დასაქმებულების გათავისუფლება? – ამ კითხვით “იალჩინ მარკეტის” ინტერესების დამცველს, ირაკლი ქამადაძეს მივმართეთ, ვიდრე მოსამართლე დარბაზში შემოვიდა. იურისტმა გვიპასუხა, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს.

სარჩელში, რომლითაც 10-მა ყოფილმა კონსულტანტმა სასამართლოს მიმართა, აღწერილია სხვა პრობლემებიც: 12-საათიანი სამუშაო დღე, შესვენება ნახევარი საათი და ჯარიმა 1 ლარი თითოეულ დაგვიანებულ წუთზე. კონსულტანტები მარკეტში 350 და 400 ლარად მუშაობდნენ.

გათავისუფლებიდან სამი დღის შემდეგ პროფკავშირმა დამსაქმებელს ბრძანებების წარმოდგენა სთხოვა, თუმცა ბრძანებები “იალჩინ მარკეტმა” მხოლოდ სასამართლოში წარმოადგინა. სარჩელში ხაზგასმულია ეჭვიც, რომ ბრძანებები გვიან მომზადდა ძველი თარიღით.

რატომ თქვეს უარი ყოფილმა კონსულტანტებმა დავის გაგრძელებაზე? – იურისტი ზურაბ ცევხლაძე ამბობს, რომ მოწმეების გარეშე რთული იქნებოდა ამ დარღვევების დადასტურება.

“მორიგება საუკეთესო გამოსავალია, კანონმდებელიც  ამბობს ამას,” – დასძინა ზურაბ ცეცლაძემ.

მორიგება ხელფასის ნაწილობრივ ანაზღაურებაზე შედგა – “იალჩინ მარკეტი”ყოფილ თანამშრომლებს 1000-1000 ლარს გადაუხდის.

“მერე აღარ მინდაო ვეღარ იტყვით, იცოდეთ…” – მიმართა ორ მოსარჩელეს მოსამართლე სალიხ შაინიძემ. დღევანდელ პროცესს მხოლოდ ორი მოსარჩელე დაესწრო.

მოსამართლემ მოსარჩელეებს ასევე უთხრა, რომ ბაჟის საფასურიც დაუბრუნდებათ – 100 ლარი.

“ნაყინს შეჭამთ ალბათ ამით,” – დაასრულა მოსამართლემ ღიმილით და დარბაზიდან გავიდა.

როგორ აისახება დავის ასე დასრულება შრომით ურთიერთობებზე ზოგადად და ვინ ვერ დაეხმარა სამსახურიდან გათავისუფლებულებს ამჯერად? – ვკითხეთ პროფკავშირების იურისტს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

“რეალურად დამსაქმებელს ერთჯერადად მოუწევს ათი ათასი ლარის გადახდა. ეს ნიშნავს იმას, რომ იგივეს იგი სხვა ვითარებაში აღარ გააკეთებს, ეს არის შედეგი,” – აღნიშნა ზურაბ ცეცხლაძემ.

“ვინც მოიგო დავა, რა შეიცვალა? არაფერი იცვლება… მე ისევ კონსულტანტად ვმუშაობ უკვე სხვა მარკეტში, აღარ მინდა ამაზე საუბარი,” – ეს კიდევ ერთმა მოსარჩელემ, თამარ შარაძემ გვითხრა, ვიდრე ის სასამართლო შენობას დატოვებდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი