მთავარი,სიახლეები

ახალი წესები იმ კვადროციკლებისთვის, რომლებიც ბათუმის ბულვარში იმოძრავებენ

21.05.2019 • 1908
ახალი წესები იმ კვადროციკლებისთვის, რომლებიც ბათუმის ბულვარში იმოძრავებენ

ბათუმის საკრებულოში მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება ბათუმის ბულვარში კვადროციკლებისა და ელექტრომობილების გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით უნდა გადავადდეს. უკვე მზადაა დადგენილების პროექტი, რომელიც ადრე დამტკიცებულ დოკუმენტში აკრძალვის ამოქმედების თარიღის ცვლილებას ითვალისწინებს:

„ნაცვლად 2019 წლის პირველი მაისისა, ამოქმედდეს 2019 წლის 1 დეკემბერს“.

ცვლილების მიზეზად კი მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს ასახელებენ.

იცვლება ადგილიც, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე შეზღუდვა ისევ შენარჩუნდება, კვადროციკლები ბათუმის დელფინარიუმიდან ახალი ბულვარის მიმართულებით და ახალი ბულვარიდან დელფინარიუმამდე მხოლოდ ველობილიკზე იმოძრავებენ. გარდა ამისა, ისინი დაამონტაჟებენ ჯიპიარესებსა და სიჩქარის მარეგულირებელ ჩიპებს, რომლითაც ბულვარის ადმინისტრაცია მათ გადაადგილებას დააკვირდება. კონტროლისთვის ასევე შეიძენენ სპეციალურ სკანერს, რომლითაც ბულვარის ადმინისტრაცია მოახდენს იდენტიფიცირებას, მოძრაობს თუ არა ბულვარში მხოლოდ ნებადართული კვადროციკლი ან ელექტრომობილი.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამ მოწყობილობებს თავად კვადროციკლების მეპატრონეები შეიძენენ და ბულვარის ადმინისტრაცია ამ ხარჯებს არ გაიღებს.

ბათუმის ბულვარში მოტოციკლით, კვადროციკლითა და ელექტრომობილით გადაადგილება, საკრებულოს გადაწყვეტილებით, პირველი მაისიდან აიკრძალა. ცვლილების ინიციატორი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია იყო. უწყების დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის განმარტებით, აკრძალვის აუცილებლობა გახშირებულმა ავარიამ განაპირობა.

„ეს შემთხვევები იმდენად მომრავლდა, კონტროლს ვერ ავუდივართ. ძირითადად, საფრთხეში არიან ბავშვები. იყო სერიოზული დაზიანების, მათ შორის სიცოცხლისთვის საშიში ტრავმის მიღების შემთხვევებიც“, – განმარტა ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საკითხის წარდგენისას.

ამის შემდეგ კვადროციკლების მეპატრონეებმა საპროტესტო აქციები დაიწყეს. ისინი ამბობდნენ, რომ ელექტრომობილებისა და კვადროციკლების გაქირავება მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა: „ამ შემოსავლის გარეშე ვერც ოჯახში მივიტანთ ფულს და ვერც სესხებს დავფარავთ“.

გადაწყვეტილების ცვლილებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, რომლებიც აკრძალვის თარიღის გადავადებას გულისხმობს, თან ახლავს ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წერილიც, რომელიც მან საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეს, ნატალია ზოიძეს გაუგზავნა. ის წერს, რომ ეთანხმება ფრაქციის თავმჯდომარეს აკრძალვის გადავადების თაობაზე, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

ბულვარის ტერიტორიაზე 1200-მდე კვადროციკლი მოძრაობდა. მათი მეპატრონეები ამბობდნენ, რომ თუკი მუშაობის გაგრძელების უფლებას მისცემდნენ, კვადროციკლების რაოდენობას 300-მდე შეამცირებდნენ. მთავრობამ კი მათ ახალი ბულვარის ტერიტორია შესთავაზა სამუშაოდ დროებით, ვიდრე სხვა გამოსავალს იპოვიდნენ. როგორც ირაკლი ჯინჭარაძე ამბობს, შეთანხმდნენ რაოდენობის შემცირებაზეც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: