მთავარი,სიახლეები

„თამამი სელფი გამომიგზავნე“ – სტუდენტი ბსუ-ს ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

21.05.2019 • 23135
„თამამი სელფი გამომიგზავნე“ – სტუდენტი ბსუ-ს ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

თამთა მ. [სახელი შეცვლილია] ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორეკურსელია. 19 წლის სტუდენტი ამბობს, რომ მას სამართლის ერთ-ერთი ლექტორი სექსუალურად ავიწროებს. სტუდენტი ამბობს, რომ მას ამის დამადასტურებელი მიმოწერა და ფოტოსურათები აქვს.

თამთას თქმით, სექსუალური ხასიათის მესიჯები მან ლექტორისგან პირველად 15 დღის წინ მიიღო. ჯერ იყო მოკითხვა – „როგორ ხარ“. მერე – „გყავს თუ არა ძმა, მამა“. შემდეგ გაჩნდა მოთხოვნა – „თამამი სელფი გამომიგზავნე“. მიმოწერაში სტუდენტი ყოველ ჯერზე სთხოვს ლექტორს, შეწყვიტოს ამის მოთხოვნა.

ლექტორი სტუდენტისგან ითხოვდა ისეთი ფოტოები გაეგზავნა „თითქოს ზღვაზე იყო საბანაოდ“.

მიმოწერას თან ახლავს ფოტოსურათებიც. ერთ ფოტოზე ლექტორი მაისურითაა, მეორე ფოტო კი წელსქვემოთაა გადაღებული და ერექციას ასახავს. ამ კადრზე კაცს შარვალი აცვია და მისი სახე არ ჩანს.

თამთა ამბობს, რომ ეს ლექტორი მას მუნიციპალურ სამართალს ასწავლის.

„პირველ კურსზე რომ ჩავაბარეთ, მაღალკურსელებმა გვითხრეს ამ და სხვა ლექტორზეც, ფრთხილად იყავით, ლექტორები სტუდენტებს წერენო. გამომწვევად, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით არ იაროთო“, – ამბობს თამთა. ის დეტალურად იხსენებს, როდის და რა სახის შეტყობინებები მიიღო ლექტორისგან.

19 წლის გოგონა საკუთარი ვინაობის გასაჯაროებას არ თანხმდება, მაგრამ თანახმაა, მისი და ლექტორის მიმოწერა გავასაჯაროვოთ.

„თავიდან სოციალურ ქსელში მომწერა. უბრალოდ მკითხულობდა, როგორ ვიყავი და მეც თავაზიანად ვპასუხობდი. მერე საკუთარი ფოტო გამომიგზავნა და ჩემი სელფიც მთხოვა, მკითხა, შევძლებდი თუ არა „თამამი სელფები“ გამეგზავნა მისთვის – ,,თითქოს ზღვაზე ვიყავი“, რაზეც ჩემგან უარი მიიღო, მაგრამ მაინც აგრძელებდა თხოვნას, რომ ,,მომეხსნა კომპლექსები“ და „არ შემშინებოდა“, რადგან ,,ყველაფერი ჩვენს შორის დარჩებოდა“ და ყველაფერი ,,ჩვენ გვეცოდინება მხოლოდ”. ცდილობდა, ფოტოების გაგზავნაზე დავეყოლიებინე. მეგონა, გაჩერდებოდა და მაქსიმალურად ზრდილობიანად, მშვიდად მივუთითებდი, რომ ასეთი საქციელი შეუფერებელია ლექტორისთვის. ბოლოს ისიც კი მივწერე, რომ უსინდისოდ იქცეოდა. მაგრამ არ წყვეტდა მიმოწერას“, – ყვება თამთა.

ბსუ-ს ლექტორისა და სტუდენტის მიმოწერის სქრინები

ლექტორის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ბრალდებით სტუდენტმა სამართალდამცავებს უკვე მიმართა, მერე კი ყველაფერი კურსელებს უამბო.

თამთა და მისი კურსელები ამ ლექტორის ლექციებზე დასწრებას აღარ აპირებენ. ისინი ლექტორის შეცვლას ითხოვენ. ამის თაობაზე სტუდენტებმა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანს, ლევან ჯაყელსა და ბსუ-ს რექტორს, მერაბ ხალვაშს გუშინ, 20 მაისს მიმართეს.

„სამართალმცოდნეობის დეკანთან, ლევან ჯაყელთან შევედით და ყველაფერი მოვუყევით, დეკანმა ომარ ფარტენაძეს დაუძახა და სასწრაფოდ ჩვენი ლექტორის შემცვლელის პოვნა დაავალა. რექტორსაც ავუხსენი სიტუაცია და ვუთხარი, რომ არ გავჩერდებოდი, ამას ლექტორისგან არ მოვითმენდი. „რა შემცვლელი, სასწრაფოდ უნდა წავიდეს უნივერსიტეტიდანო“ – ამბობდა რექტორი, გულის წვეთები დასჭირდა, მისგან და ლევან ჯაყელისგან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით“, – ამბობს სტუდენტი.

გუშინ, 20 მაისს, სტუდენტების ამ ჯგუფთან შეხვედრის ფაქტს ადასტურებს  ლევან ჯაყელიც – ბსუ-ს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი. ის ამბობს, რომ ყველაფრის საქმის კურსშია და სტუდენტებმა მას მიმოწერებიც გააცნეს. მისივე თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ამ ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო.

„შემაშფოთებელი ამბავია, ემოციებს ვერ ვმალავ, მიმოწერა სტუდენტებმა გამაცნეს”, – ამბობს დეკანი. კითხვაზე, ყოფილა თუ არა აქამდე უნივერსიტეტში მსგავსი შემთხვევა, ლევან ჯაყელი პასუხობს, რომ დადასტურებული შემთხვევა არ ყოფილა, თუმცა მისივე თქმით ყოფილა „მიმოთქმა და ასეთები, ბევრი რამ…“

„ეთიკური გადაცდომა დადასტურდება – ეთიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, სამართლებრივი დარღვევის შემთხვევაში იმოქმედებს სასამართლო. თუ სასამართლო არ დაადასტურებს სექსუალური შევიწროების ფაქტს, უნივერსიტეტის ეთიკის კომისია გამოსცემს საყვედურს, გაფრთხილებას, შენიშვნას, შესაძლოა ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხიც კი დადგეს დღის წესრიგში”, – ამბობს ფაკულტეტის დეკანი.

ლევან ჯაყელი მუნიციპალური სამართლის ლექტორს გუშინ, 20 მაისს, შეხვდა და ვითარება გააცნო. ასევე, სთხოვა შეეწყვიტა საკითხის გარკვევამდე სტუდენტების ამ კონკრეტულ ჯგუფთან სალექციო კურსი, რასაც ლექტორი დათანხმდა, თუმცა მან ლევან ჯაყელის თქმით, ბრალდება უარყო.

სტუდენტისგან სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ლექტორი ბრალდებას „ბათუმელებთანაც” უარყოფს. ის გუშინ, გვიან ღამით გაემგზავრა უკრაინაში მივლინებით. მან ჩვენს ზოგიერთ კითხვას სმს-ებით უპასუხა. გვითხრა, რომ დაბრუნების შემდეგ გაარკვევს ყველაფერს.

„ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუე და წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა, ფეისბუქით თითქმის არ ვსარგებლობ, გარდა პოლიტიკური შეფასებებისა, ვიღაცამ შეიძლება ჩემი სახელით ისარგებლა. ბოლო ერთი კვირაა შევამჩნიე, რომ ჩემი გვერდი გატეხილია… დროის უქონლობის გამო „აიტიშნიკთან” ვერ მივედი, საარჩევნო სიტუაციებიდან გამომდინარე. ვინც ამ შეკვეთებს აკეთებს, სავარაუდოდ ვიცი და მერე ადრესატი მიიღებს პასუხს”, – მოწერა „ბათუმელებს“ თამთას ლექტორმა.

მისი თქმით, ყველაფერი გუშინ ღამით გაიგო და სტუდენტისთვის მისაწერად და სიტუაციის ასახსნელად დრო არ ჰქონდა. ლექტორი სრულიად უარყოფს ყველა ბრალდებას.

მივლინებიდან ის 28 მაისს დაბრუნდება.

ბსუ-ს ლექტორთან სხვა კითხვებიც გვქონდა, თუმცა მან მოგვწერა, რომ მეტს ვეღარ გვიპასუხებდა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ამავდროულად ბათუმის საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირიც არის. ის ასევე სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნების“ გავლენიანი წევრია ბათუმში. თუმცა, როგორც ბსუ-ს რექტორი, მერაბ ხალვაში ამბობს, ეს მას, როგორც უნივერსიტეტის რექტორს, ხელს არ შეუშლის სასამართლოს მიერ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში უმკაცრესი ზომები მიიღოს.

„არავის თანამდებობას არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ყველა ლექტორი უნდა ურთიერთობდეს სტუდენტებთან საუნივერსიტეტო ეთიკის ნორმების დაცვით. ჩემთვის და არამარტო ჩემთვის, ეს არის უმნიშვნელოვანესი, ძალიან არასასიამოვნო ამბავი, მაგრამ რა უნდა ვქნათ”, – ამბობს მერაბ ხალვაში, რომელიც აღნიშნავს, რომ აქამდე მისთვის მსგავსი პრობლემით სტუდენტს არასდროს მიუმართავს.

„ამ ლექტორს დიდი გავლენები აქვს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. ალბათ ფიქრობს, რომ ყველაფერი გაუვა, მაგრამ მე არ გავჩერდები, დავიცავ ყველა სტუდენტს იმისგან, რასაც მე მწერდა. არაფრის მეშინია. მაგრამ ყველა ჩემნაირი არ არის, სამომავლოდ შეიძლება უამრავ სუსტ ადამიანს სუიციდიც კი აფიქრებინოს მსგავსმა შემთხვევამ“, – ამბობს თამთა.

შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ხომ არ გაგრძელდება ამ საქმის გამოძიებაც წლობით ისე, როგორც არაერთი სხვა სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში ხდება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე „ბათუმელებმა“ შს სამინისტროში იკითხა, თუ არსებობს ინსტრუმენტი ამ საქმის ოპერატიულად გამოსაძიებლად? შსს-ში გვიპასუხეს, რომ ამ მუხლის საქამეების გამოძიებაზე არავითარი დათქმა და ვადები არ არსებობს.

მთავარი ფოტო: ბსუ-ს ლექტორისა და სტუდენტის მიმოწერის სქრინები.

ამავე თემაზე

„თვითონ შეიჩერა სტატუსი“ – ბსუ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ლექტორზე

„ხელს არავის არ ვაფარებთ“ – საკრებულო სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ლექტორზე

 

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა”. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არარის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: