მთავარი,სიახლეები

რატომ მოხვდა სუს-ის განცხადებაში ბათუმის „დინამო“ – ინტერვიუ ასლან ბალაძესთან

20.05.2019 • 1928
რატომ მოხვდა სუს-ის განცხადებაში ბათუმის „დინამო“ – ინტერვიუ ასლან ბალაძესთან

წუხელ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა. „ვიტ ჯორჯიას“ ხუთი ფეხბურთელი ამ კლუბსა და ბათუმის „დინამოს“ შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ დააკავეს. სუს-ის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერია: „უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოსთან“ შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს“. ბათუმის „დინამომ“ გუშინ „ვიტ ჯორჯიას“ 2:0 მოუგო.

გთავაზობთ ბლიცინტერვიუს ბათუმის „დინამოს“ სპორტულ დირექტორთან, ასლან ბალაძესთან.

  • ბატონო ასლან, გუშინ ბათუმის „დინამოსთან“ თამაშის დასრულების შემდეგ „ვიტ ჯორჯიას“ 5 ფეხბურთელის დაკავება რას ნიშნავს თქვენთვის, როგორც ბათუმის „დინამოს“ სპორტული დირექტორისთვის? 

უბრალოდ, ეს არის დამთხვევა, მეტი არაფერი. ჩვენი თამაში დაემთხვა [ვიტ ჯორჯიასთან]. ბათუმის „დინამო“ არ არის არავითარ მაქინაციებში ჩართული, არც იყო და არც იქნება არასდროს. ეს არის გამორიცხული. ჩვენ ვგმობთ ასეთ რაღაცებს. ვინც ნახა ეს თამაში, ჩვენც გაოცებული ვიყავით – უბრალოდ, გამოძიება მიდიოდა, ეტყობა თავიდან ეს გუნდი იყო ეჭვმიტანილი, ვიტ ჯორჯიას ვგულისხმობ და დაემთხვა ჩვენს თამაშს.

  • თქვენ გაეცანით სუს-ის განცხადებას?

ვიცი ეს ყველაფერი, გავიგე, წავიკითხე. უბრალოდ, ხდება ეს ყველაფერი… ჩვენ არ ვართ ის კლუბი, რომ ასეთ საქმეებში… კიდევ გიმეორებთ, ჩვენ ვითამაშეთ სუფთა ფეხბურთი. ვინც ნახა ეს თამაში, ყველა მიხვდება, რა მონდომება იყო ბათუმის „დინამოს“ მხრიდან. უბრალოდ, დამთხვევა იყო – „ვიტ ჯორჯიას“ რომ ეთამაშა სხვა გუნდთან, იქ მოხდებოდა ეს ამბავი. ეტყობა მიჰყვნენ ბოლომდე ამ კლუბს, შსს იყო თუ სუს-ი, არ ვიცი, ვინც იყო და დაემთხვა ჩვენს თამაშს. ჩვენ ამ სიტუაციაში არავითარი წვლილი არ გვაქვს.

მე როგორც წავიკითხე, იმიტომ ახსენეს ჩვენი გუნდი, რომ ბოლო მომენტშიც აინტერესებდათ იმ გუნდის მოქმედება და იქვე გასახდელში მოხდა [დაკავება]. ჩემთვის გასაკვირი იყო, რატომ არ მოხდა ეს [დაკავება] თამაშამდე, თუ იცოდნენ. ალბათ ბოლომდე უნდოდათ სიტუაციაში გარკვევა.

  • თუმცა, სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ გუშინდელი „თამაშის ორბურთიანი სხვაობით დასრულება წინასწარი იყო გადაწყვეტილი“.

კიდევ ვიმეორებ, ბათუმის „დინამოსთან“ ეს იყო დამთხვევა. უბრალოდ, ამ გუნდს ჩვენთან მოუწია თამაში. ჩვენ ვითამაშეთ სუფთად. სხვათა შორის, ძალიან მძიმე თამაში იყო. ის გოლები, რომლებიც გავიტანეთ და გამარჯვებამდე მივიყვანეთ თამაში, არავითარ ეჭვს არ ბადებდა. „ვიტ ჯორჯიას“ ამბავი ჩვენი საქმე არ არის. იცოდეს სულ ყველამ, რომ ბათუმის „დინამო“ ამ საქმეში არ იყო და არც იქნება მომავალში. ჩვენ ვთამაშობთ ფეხბურთს, გვიყვარს მაყურებელი და ქართული ფეხბურთი.

ჩვენ  ეჭვი რომ შეგვპარვოდა გუშინ რამეში, თამაში არ ჩატარდებოდა. ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო, როცა ის ხალხი შემოვიდა. შევიდნენ გასახდელში, არავითარი ფორიაქი არ ყოფილა, გაესაუბრნენ, დაადეს ხელბორკილები და გაიყვანეს.

  • თუ დადგინდება, რომ თამაშები გაყიდულია, ამას რა გაგრძელება მოჰყვება კლუბისთვის, ფეხბურთელებისთვის?

მე მომხრე ვარ იმის, რომ მკაცრად დაისაჯოს ის ხალხი, ვინც ამაში მონაწილეობს ან მონაწილეობას ხელს უწყობს. თუ დამტკიცდა, რომ ეს ნამდვილი ამბავია, მოქმედი ფეხბურთელები, ვინც მონაწილეობდნენ, მიიღებენ დისკვალიფიკაციას. ევროპაშიც იყო ასეთი, მსოფლიოშიც მოდებული არიან ეს „ტოტალიზატორშიკები“ და ბევრი ქვეყანა იყენებს ამ მეთოდს. სადამსჯელო მოქმედებები არის სხვადასხვა – მაგალითად, კლუბი იხსნება გათამაშებიდან. ფეხბურთელები ისჯებიან. ასევეა ჯარიმდება კლუბი.

გააჩნია, რას ადგენს გამოძიება.

რატომ დააკავა წუხელ სუს-მა 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: