მთავარი,სიახლეები

ბათუმში პუტინის მხარდამჭერი მომღერლის კონცერტი იგეგმება

20.05.2019 • 2236
ბათუმში პუტინის მხარდამჭერი მომღერლის კონცერტი იგეგმება

ივენთკომპანია „კლიკი“ ბათუმში რუსეთში მცხოვრები მომღერლის, ქეთა თოფურიასა და A-Studio-ს  ჩამოყვანას აპირებს. განცხადება კონცერტის შესახებ განთავსებულია კლუბ „UP2U ბათუმის“ ფეისბუქგვერდზე.

ამ განცხადების თანახმად, ქეთა თოფურია და ჯგუფი A-Studio ბათუმში 27 ივლისს იმღერებს.

ქეთა თოფურია რამდენიმე წელია რაც რუსეთში ცხოვრობს და ცნობილია მისი ლოიალური დამოკიდებულება  რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის მიმართ. ქეთა თოფურიამ  და ჯგუფმა  A-Studio-მ 2018 წელს პუტინის მხარდამჭერ კლიპში, სახელად „გზამკვლევი ვარსკვლავი“, იმღერეს. კლიპი ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერების Team Putin-ის კამპანიის ფარგლებში შეიქმნა.

ქეთა თოფურია ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ კლიპში.

მომღერალს არაერთხელ გამოუხატავს თავისი პოზიცია რუსულ-ქართულ ურთიერთობებთან დაკავშირებითაც, 2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ კი თოფურიამ ინტსაგრამზე რუსეთის მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და კომენტარებში აღნიშნა, რომ პუტინის არ არჩევის შემთხვევაში რუსეთში ცხოვრება აუტანელი გახდებოდა.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ გააკეთეს არჩევანი A-Studio-სა და ქეთა თოფურიაზე და იციან თუ არა, რომ ისინი პუტინის მხარდამჭერ კლიპში მონაწილეობდნენ,  კლუბის მენეჯერი ირაკლი თირანიშვილი გვეუბნება: „ჩვენ ვაკეთებთ კონცერტებს და პოლიტიკას არ ვეხებით, დიდად არ გვაინტერესებს. ვისაც მოსწონს ის მოვა, ვისაც არ მოსწონს – არა“.

ირაკლი თირანიშვილი ამბობს, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ამავე დროს დასძენს, რომ ბიზნესი უფრო მნიშვნელოვანია.

„ამ საკითხს ბიზნესის ჭრილიდან ვუყურებთ.  ძალიან ბევრის სურვილია მოუსმინოს ამ ჯგუფს, მიუხედავად იმისა, რაც მოხდა ქვეყანაში (აგვისტოს ომი).  ჩვენ ვმუშაობთ ტურისტულ სეგმენტზე, ბათუმი არის ტურისტული ზონა და აქ არ არიან მხოლოდ ბათუმელები და ქართველები,“ – გვითხრა კლუბის მენეჯერმა.

კითხვაზე, თუ ვისი მხრიდან იყო შეკვეთა, მენეჯერი პიროვნებებს და კომპანიებს არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ ქეთა თოფურიასთან მისი მეგობრები მეგობრობენ და მათი სურვილი იყო ჯგუფის ბათუმში ჩამოსვლა:

„არიან სპონსორები, ვინც შეგვიკვეთა, ჩემი მეგობრები არიან, ჩვენ მხოლოდ დავუკავშირდით და ჩამოგვყავს“.

კითხვაზე, რას ფიქრობს იმაზე, რომ ქეთა თოფურია პუტინის მხარდამჭერ ჰიმნს მღერის, ირაკლი თირანიშვილი ამბობს: „არ ვიცით რატომ უმღერა, ალბათ რაღაც დავალება ჰქონდათ. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა მოხდა იქ“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: