მთავარი,სიახლეები

წინასწარი ზეიმი და აჭარის მთავრობის მობილიზაცია ხულოს მერის არჩევნებზე

19.05.2019 • 984
წინასწარი ზეიმი და აჭარის მთავრობის მობილიზაცია ხულოს მერის არჩევნებზე

ხულოში საკუთარი კანდიდატის გამარჯვება მმართველმა პარტიამ ჯერ კიდევ შედეგების გამოცხადებამდე იზეიმა. ხულოში ჩასულმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ მართალია, ჯერ საბოლოო შედეგი არ არის ცნობილი, თუმცა მათი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ვახტან ბერიძე დამაჯერებელი შედეგით იგებს არჩევნებს.

წინასწარგამოცხადებული გამარჯვება ხულოში ფეიერვერკითაც აღნიშნეს.

დღეს ხულოში თითქმის სრულადაა მობილიზებული აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. ხულოში იმყოფებიან უმაღლესი საბჭოს წევრები და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე; აჭარის ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრები, ქობულეთის მერი და სხვა ოფიციალური პირები.

დღის ბოლოს ხულოში მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეც გამოჩნდა.

ხულოში მერის არჩევნებს ესწრება მაღალმთიანი აჭარის დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე, დაბაში იმყოფებიან პარლამენტარები აჭარიდან – ნუკრი ბეჟანიძე და ილია ნაკაშიძე.

ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, ხულოში ხმა მისცა 14 051-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა 52 პროცენტია.

ხულოში არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც პირდაპირი წესით არჩეული მერი გოჩა მელაძე 2018 წლის 17 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგა.

გადაბეჭდვის წესი