მთავარი,სიახლეები

მერობის კანდიდატების განცხადება ხმების დათვლამდე – არჩევნები ხულოში

19.05.2019 • 781
მერობის კანდიდატების განცხადება ხმების დათვლამდე – არჩევნები ხულოში

ხულოში მერის არჩევნების დასრულების შემდეგ მთავარმა კონკურენტებმა – მერობის კანდიდატებმა „ოცნებიდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“ განცხადება გააკეთეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხულოს მერობის კანდიდატმა ირაკლი ჯორბენაძემ კონკურენტს ურჩია თავი შეიკავონ წინასწარი ზეიმისგან და შედეგებს დაელოდონ. მასე ასევე განაცხადა, რომ თუ კი „ოცნების კანდიდატი გაიმარჯვებს, „ცივილურად“ მოიქცევა და მას გამარჯვებას მიულოცავს, თუმცა ისიც დასძინა, რომ თუ ასე მოხდება, „ოცნების“ კანდიდატს წინ დიდი ბრძოლა და ოპოზიციის მხრიდან ყოველდღიური კონტროლი ელის.

„ქართული ოცნების“ კანდიდატი ვახტან ბერიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვებას გამორიცხავს, მაგრამ აღნიშნავს, რომ თუ კი კონკურენტი „მაინც გაიმარჯვებს“, წარმატებებს უსურვებს, საკუთარი გამარჯვების შემთხვევაში კი თითოეულ ხულოელს გვერდში დგომას დაპირდა.

ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, ხულოში ხმა მისცა 14 051 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა 52 პროცენტია.

მისი თქმით დღეს, 19 მაისს, ხულოს მერის არჩევნებზე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, ათასზე მეტი ამომრჩეველი მივიდა ხმის მისაცემად. ოლქში სულ შესულია 22 საჩივარი, აქედან 18 ნაცმოძრაობამ შეიტანა, ოთხი კი „სამართლიანმა არჩევნებმა“.

გადაბეჭდვის წესი