ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ნაგავსაყრისა და ქობულეთის შემოვლითი გზების მიერთებისთვის 1,8 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

20.05.2019 • 1882
ნაგავსაყრისა და ქობულეთის შემოვლითი გზების მიერთებისთვის 1,8 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ცეცხლაურის ნაგავსაყართან მისასვლელი და ქობულეთის შემოვლითი გზების მიერთების სამუშაოებისთვის აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიამ 2 მილიონამდე ლარი გამოყო. ქობულეთში, ოჩხამურის ტერიტორიაზე, ნაგავსაყართან მისასვლელი გზის მიერთების მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სატენდერო თანხა 1 855 739 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცეცხლაურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ ნაგავსაყართან მისასვლელი გზის პროექტი დამუშავებულია 2014 წელს, მაგრამ ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულების შემდგომ საჭირო გახდა დაპროექტებული გზის მიერთების მოწყობა ახლად აშენებულ საავტომობილო გზასთან.

პროექტის მიხედვით, ნაგავსაყართან მისასვლელი გზის მიერთების სიგრძე ჯამში 996 მეტრია: „ქობულეთის შემოსავლელ გზაზე გათვალისწინებულია ამაჩქარებელ-შემანელებელი ზოლების მოწყობა შესაბამისად 100+80 და 180+80 გრძივი მეტრით, რისთვისაც საჭიროა მიწის ვაკისის გაგანიერება 1-2 მეტრით. გაგანიერების მცირე სიგანიდან გამომდინარე გათვალისწინებულია მიწის ვაკისის გაგანიერება გაბიონის საყრდენი კედლების მოწყობით მიწის ვაკისის ორივე მხრიდან სიმაღლით 2 მეტრი. ამაჩქარებელ-შემანელებელი ზოლებიდან საპროექტო გზის მიერთებამდე გათვალისწინებულია პანდუსების მოწყობა გზის ორივე მხრიდან სიგრძით 524+472 მეტრი, სადაც პანდუსების გადაკვეთაზე გათვალისწინებულია წრიული კვანძის მოწყობა. პროექტით ასევე გათვალისწინებულია გზის აღჭურვა დამატებითი სტანდარტული საგზაო ნიშნებით და საფარის მონიშვნა“.

„აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის პირველ ივნისს დაიწყება და 6 ივნისს დასრულდება. სამუშაოები კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღეში უნდა დასრულდეს.

შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ არის ყოფილი შპს „ჰიგიენა 2009“, რომლის საფირმო სახელწოდება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის ბრძანების საფუძველზე შეიცვალა. ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა, დირექტორი კი – გია ხალვაში.

„აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“, ანუ ყოფილი „ჰიგიენა 2009“, აჭარის მყარი ნარჩენების პროექტს ახორციელებს. ამ კომპანიის ანგარიშიდან 5 მილიონამდე ლარის მითვისებაში სასამართლომ, 2017 წლის მაისში, კომპანიის ყოფილი დირექტორი, ირაკლი ცეცხლაძე დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 4 მილიონ 984 ათას 200 ლარი მიითვისა.

დაბრუნდა თუ არა კომპანიის ანგარიშზე აღნიშნული თანხა ან თანხის ნაწილი და კონკრეტულად რამდენი? – ამ კითხვაზე თავის დროზე „ბათუმელებს“ პასუხი არც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიაწოდა და არც „ჰიგიენა 2009“-მ.

ამ თემაზე: დაბრუნდა თუ არა ბიუჯეტში მითვისებული 5 მილიონი

 აჭარის მყარი ნარჩენების პროექტზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო, მაგრამ 7 მილიონი ევრო სესხი და გრანტი სახელმწიფომ ამ დრომდე ვერ აითვისა. ამის გამო სახელმწიფო წლებია ვალდებულების საკომისიოს იხდის.

7 მილიონი ევროდან, რაც ნაგავსაყრის პროექტს უნდა მოხმარდეს, 3 მილიონი ევრო EBRD-ის სესხია, ხოლო 4 მილიონი ევრო – შვედეთის სახელმწიფოს გრანტი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალ ნაგავსაყარს თურქული კომპანია Goksin Insaat-ი ააშენებს. ამ კომპანიამ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა.

ამ თემაზე:

ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ახალ ნაგავსაყარს თურქული კომპანია ააშენებს

მთავარი ფოტო: ქობულეთის შემოვლითი გზა / „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: