მთავარი,სიახლეები

„ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგი ხულოში – დასურათებული სიები და პოლიციის პიკაპი

19.05.2019 • 1287
„ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგი ხულოში – დასურათებული სიები და პოლიციის პიკაპი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია აბულაძე აცხადებს, რომ ხულოში „ოცნების“ კოორდინატორებს დასურათებული სიები გამოართვა და მას ამის დამადასტურებელი ვიდეო კადრებიც აქვს. ვიდეოში, რომელიც ენმ-მ გაავრცელა, ჩანს როგორ ართმევს გია აბულაძე სავარაუდოდ კოორდინატორს დასურათებულ სიას.

გია აბულაძე ასევე აცხადებს, რომ სოფელ ტაბახმელაში მობილიზებულია სპეცრაზმი და პერიოდულად გადაადგილდება, ამის დასადასტურებლად მან ჟურნალისტებს ფოტო და ვიდეო მასალა წარუდგინა, ერთ ფოტოზე ჩანს პოლიციის პიკაპი, მეორეზე კი – ვილისი.

პოლიციის პიკაპი. ფოტო: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

გია აბულაძე ამბობს, რომ ამ მანქანებში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სპეცრაზმელები იმყოფებიან.

შს სამინისტროს პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით ხდება საპოლიციო ძალების გადაადგილება და შს სამინისტრომ ამის შესახებ საგანგებო განცხადებაც გაავრცელა.

საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. კოორდინატორების მიერ ამომრჩევლების აქტივობის აღრიცხვასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.
„აღნიშნულ თემაზე გავრცელდა ვიდეოკადრებიც და ინფორმაცია, რომ თითქოს ხდება სამაგიდო სიების გამოყენება. პარტიებს და დამკვირვებელ ორგანიზაციებს აქვთ უფლება გამოითხოვონ და მიიღონ ამომრჩეველთა სიის სურათებიანი ვერსია. აღნიშნულ კადრებში ფიქსირდება არა სამაგიდო სია, არამედ სავარაუდოდ უფლებამოსილ პირებზე კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სია. რაც შეეხება რეაგირებას, საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს უფლებამოსილებას კენჭისყრის შენობაში და კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს ამომრჩევლების პირადი მონაცემების დამუშავება.
ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ კრძალავს ნებისმიერი პირის მიერ ამომრჩევლის აქტივობის აღწერას უბნის გარე ტერიტორიაზე; თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესმა არ შეაფერხოს ამომრჩევლის ნების თავისუფლად განხორციელება“, – განაცხადა ანა მიქელაძემ, ცესკოს პრესსპიკერმა.

დღეს, 19 მაისს ხულოში, მერს ირჩევენ. ხულოს მერობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის.

ამომრჩეველთა აქტივობა ხულოში დილიდანვე მაღალია.

ხულოში არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც პირდაპირი წესით არჩეული მერი გოჩა მელაძე 2018 წლის 17 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგა.

______________

მთავარ ფოტოზე: გია აბულაძე ბრიფინგზე, ხულო. ფოტო: „ბათუმელები“, ცაგო კახაბერიძე

გადაბეჭდვის წესი