მთავარი,სიახლეები

დისკუსია: გურიის მხრიდან ნებისმიერი მანქანა ადის გომის მთაზე, ჩვენი მხრიდან მხოლოდ სატვირთო 

18.05.2019 • 1586
დისკუსია: გურიის მხრიდან ნებისმიერი მანქანა ადის გომის მთაზე, ჩვენი მხრიდან მხოლოდ სატვირთო 

8 მაისს, „თავისუფალ ჟურნალისტთ სახლის“ ორგანიზებით, მედია-დისკუსია შუახევის  მუნიციპალიტეტის  სოფელ ხაბელაშვილების მაცხოვრებლებთან გაიმართა.

შეხვედრების მიზანი, ისევე როგორც წინა შემთხვევებში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების იდენტიფიცირება იყო. შეხვედრების  ფორმატი მოიცავდა მედიის წარმომადგენლების მონაწილეობას დისკუსიაში. ხაბელაშვილებში გამართული შეხვედრის მონაწილეები ამჯერად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა „ჰეშთეგის“  წამყვანი ივანე ბაკურაძე და „გაზეთ  ბათუმელების“ წარმომადგენელი ნაზი  ზოსიძე იყვნენ. თავდაპირველად მოქალაქეებს მედიის წარმომადგენლებმა თავიანთი მედია საშუალებების  მუშაობის პრინციპები გააცნეს.

ივანე ბაკურაძე – ვცდილობთ, რომ გამოწვევები და საჭიროებები, რაც რეგიონს გააჩნია, მივიტანოთ იმ ადამიანებამდე, ვისაც ამ პრობლემების გადაჭრა შეუძლია. ჩვენი მიზანია  თქვენგან მოვისმინოთ რა გამოწვევებია სოფელში, რეგიონში. ვაპირებ, მოვამზადო სიუჟეტი, რათა ბევრმა ადამიანმა გაიგოს თქვენს სოფელზე და თვითრეალიზაციის მეტი საშუალება გაგიჩნდეთ. სახელმწიფო ანგარიშვალდებულია მოქალაქეების წინაშე არსებული პრობლემები მოაგვაროს. თქვენგან მივიღებთ ნებისმიერ რჩევას და შენიშვნას იმის თაობაზე, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს ისეთი ტელევიზია, რომელსაც დიდი სიამოვნებით გადართავთ და მიიღებთ თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ნაზი ზოსიძე – გაქვთ საშუალება, თქვენს წინაშე არსებული პრობლემების შესახებ ისაუბროთ და ჩვენ მივაწვდით ინფორმაციას სხვადასხვა უწყებას… „გაზეთ  ბათუმელების“ წარმომადგენლის კითხვაზე – მიუწვდებათ  თუ არა ადგილობრივებს ხელი ჯანდაცვის პროგრამებზე და რამდენად იციან ამ პროგრამების შესახებ, სოფლის მცხოვრებლებმა თქვეს, რომ ამ  მხრივ პრობლემა არ აქვთ.

ივანე ბაკურაძე – ტურიზმთან დაკავშირებით როგორია თქვენი ხედვა, რა უნდა შეიცვალოს, რომ მეტი ტურისტი ჩამოვიდეს ხეობაში? თუ არის სოფელში მოწყობილი სახლები სათანადოდ, ტურისტები რომ მიიღოთ?

ზვიად  ბოლქვაძე, ადგილობრივი მცხოვრები:  სახლები არის მომზადებული, გასულ წელს ტურიზმის დეპარტამენტმა გადაიღო სოფელი ჩაქოხი. წელს კეთდება რაღაცეები, მაგრამ ტენდერი ჩავარდა, თვე-ნახევარში უნდა იყოს ცნობილი შედეგები და ველოდებით.

შეხვედრა სოფელ ხაბელაშვილებში

ივანე ბაკურაძე – ხეობაში რამდენი ადგილია, რაც ტურისტებისთვის შეიძლება იყოს საინტერესო?

ნოდარ  ბერიძე, ადგილობრივი  მცხოვრები: აქედან მთებში გადადიან. გომის მთაზე.  პრობლემებია გზებზე – არ წმენდენ დროულად. არ არის სანიაღვრე არხები. გურიის მხრიდან  ნებისმიერი მანქანა ადის გომის მთაზე, ჩვენი მხრიდან მხოლოდ სატვირთო მანქანა. ოთხი საათია საჭირო ქალაქიდან რომ წამოვიდეს ადამიანი.

ივანე ბაკურაძე – რა მეურნეობებია განვითარებული ძირითადად თქვენთან?

თამაზ  ბერიძე – ძირითადად განვითარებულია მესაქონლეობა, მეთხილეობა, სიმინდისა და  და თამბაქოს მოყვანა. ახალგაზრდებს არ სურთ მესაქონლეობაში ჩართვა, საკმაოდ შრომატევადი საქმეა და ალბათ მაგიტომ. არ გვაქვს ისეთი ადგილები, სადაც საქონელს გავუშვებთ და მარტივი იქნება მათი გამოკვება.

შეხვედრის დროს სოფლის შიდა გზის  შეკეთების  სამუშაოები  მიმდინარეობდა. როგორც ერთ-ერთმა აქ მცხოვრებმა, თამაზ ბერიძემ აღნიშნა, ეს სამუშაოები სამი კილომეტრს მოიცავს და სკოლასთან სრულდება. იმისთვის, რომ გზა გომის მთის ასასვლელამდე  მივიდეს,  დამატებით ორი კილომეტრზე უნდა დაეგოს ასფალტი. მოსახლეობის სურვილია, რომ  ხარისხიანი გზა გაკეთდეს.

სოფელ ხაბელაშვილებში გაზი არ მიეწოდებათ, შესაბამიდან ზამთარში გათბობისა თუ სხვა  საჭიროებისთვის ისევ  შეშას იყენებენ.

კიდევ  ერთი პრობლემური საკითხი, ისევე როგორც აჭარის  სხვა სოფლებში,  ახალგაზრდების  მეზობელ  ქვეყანაში სამუშაოდ გადინებაა. შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი ძირითადად თურქეთში მიდიან სამუშაოდ.

ნოდარ ბერიძე  კიდევ  ერთ  პრობლემას  გვიზიარებს – ამბობს, რომ რთულია შეშის მოსაჭრელად  ბილეთის  მიღება. „ერთ დღეს უნდა აიღო ბილეთი, ახვიდე, მოჭრა შეშა და ჩამოხვიდე, ძალიან რთულია. ძალიან გვიან იძლევიან ბილეთებს, ნოემბრის დასაწყისში უკვე თოვს ტყეში“.

შეხვედრა სოფელ ხაბელაშვილებში

მოსახლეობა  უნდობლობით  უყურებს აგროსესხებს. შიშობენ, რომ მისი აღების შემთხვევაში თუ არ გაამართლა, გადახდას  ვერ შეძლებენ.

შეხვედრა სოფლის კლუბში მიმდინარეობდა, სადაც მოუწესრიგებელი გარემო დაგვხდა. ჩვენს კითხვაზე როგორ  წარმოუდგენიათ სოფლის განვითარება, ყველას ერთი მოსაზრება  აქვს – მათ ტურიზმის განვითარების იმედი  აქვთ. სურთ, რომ სოფელი და იქ  არსებული  ღირსშესანიშნაოებები ტურისტულ რუკაზე აისახოს. ამბობენ, რომ ტურისტები ხშირად  დადიან. სოფელში გაჩერებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების იმედი სწორედ ამას უკავშირდება.

სოფლის სავიზიტო ბარათად ადგილობრივები კილომეტრ-ნახევარი სიგრძის ველობილიკს ასახელებენ, რომელიც მდინარის პირას გადის, აგრეთვე სამი საუკუნის თაღოვან ხიდსა და ე.წ. ჩაქოხის უბანსა.

ახალგაზრდების წინაშე  მდგარი  პრობლემების  განხილვისას, გვითხრეს, რომ სოფელში არ არის  საფეხბურთო მოედანი. როგორც მოსახლეობამ  აღნიშნა, არ  აქვთ ტერიტორია, სადაც შეიძლება გაკეთდეს მოედანი.

___________

დისკუსია მომზადდა ამერიკული ორგანიზაციის NED-ის დაფინანსებული პროექტისდემოკრატიული იდეების განვითარება“ ფარგლებში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: