რატომ არ შეეხო რესპუბლიკურ საავადმყოფოს აღჭურვის პროგრამაში 14 მაისს შესული ცვლილებები


სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამაში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის აღჭურვისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. პროგრამა საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 28 იანვარს დაამტკიცა. ცვლილებები კი, 14 მაისს შეიტანა.

ამ პროგრამის მიხედვით, 2019 წელს, მაგალითად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მშენებარე მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო აპარატურითა და ავეჯით, ასევე საოჯახო ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვისთვის 8 448 300 ლარია გამოყოფილი. [სახელმწიფო პროგრამისთვის, რომელიც ზუგდიდის გარდა სხვადასხვა კლინიკების აღჭურვას თუ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებასაც ითვალისწინებს, მთლიანობაში 20 მილიონი ლარი გამოყოფილი].

ზუგდიდის რუხის კლინიკა, ერთ-ერთია იმ ოთხიდან, რომლებიც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, სახელმწიფო მართვაში მოიაზრება. ამ ოთხში ერთ-ერთი კი, მინისტრის თქმით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოა.

„საქართველოში უნდა შეიქმნას რამდენიმე სანიმუშო, ეტალონური კლინიკა, რომელიც იქნება სახელმწიფოს მართვაში, სახელმწიფოს საკუთრებაში. ეს კლინიკები იქნება: თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო; საჩხერის სამედიცინო ცენტრი; ზუგდიდის რუხის კლინიკა, რომლის მშენებლობა ასევე სრულდება და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო. მინიმუმ ეს ოთხი კლინიკა იქნება მოქცეული ერთიან კონცეფციაში და იქნება სახელმწიფო საკუთრებაში“, – განაცხადა 2018 წლის ნოემბერში „ბათუმელებთან“ დავით სერგეენკომ.

ამ თემაზე: დავით სერგეენკოს კომენტარი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე

„ბათუმელები“ ამჯერად აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ზაალ მიქელაძეს დაუკავშირდა. მინისტრმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ არის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ოთხი კლინიკის აღჭურვა ერთიან ჭრილში განიხილება და მასში აჭარის მთავრობის წარმომადგენელიც იქნება ჩართული.

„ეს პროგრამა, რაც თქვენ ახსენეთ, მართალია მე არ მინახავს, მაგრამ არ იქნება ის, რაც დასახელებული ოთხი საავადმყოფოს აღჭურვას ემსახურება. ეს შესაძლოა მშენებლობის დასრულებისთვის დასჭირდათ. 8 მილიონი არ არის ის თანხა, რაც რუხის კლინიკის აღჭურვისთვისაა საკმარისი, ვინაიდან ამ კლინიკის პროფილი უფრო დიდია, ვიდრე ჩვენი კლინიკის. ჩვენს კლინიკაში არ იქნება მაგალითად რადიოლოგია და ონკოლოგია, რაც აქვს ზუგდიდის კლინიკას. ამასთან, ჩვენ გარკვეული აპარატურა გვაქვს, მაგრამ საავადმყოფოს სრულად აღჭურვას, წინასწარი გათვლებით მაინც საკმაო ფინანსები დასჭირდება“, – ამბობს ზაალ მიქელაძე.

ბათუმის ახალი კლინიკის აღჭურვას „ბათუმელების“ ინფორმაციით დაახლოებით 35 მილიონი ლარი მაინც დასჭირდება.

ამ თემაზე: მინისტრი რესპუბლიკურის აღჭურვა, მართვა, გადამზადებაზე: გადაუდებელი აუცილებლობა არ გვაქვს

ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს საავადმყოფოს ახალი შენობის მიღება-ჩაბარების პროცედურების გავლა, რაშიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელიც იქნება ჩართული. ახალი შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ უნდა ჩაიბაროს.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა მშენებელ კომპანიასა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონს“ შორის დადებული ბოლო შეთანხმებით 2018 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

გარდა ამისა, ახალი საავადმყოფოს მშენებლობის პროექტი 2 მილიონზე მეტი ლარით გაძვირდა. შესაბამისად, მშენებლობა აჭარის ბიუჯეტს, საბოლოოდ, 25 768 251 ლარი დაუჯდება. ამ თანხის 99% [25 638 788 ლარი] მშენებელი კომპანიისთვის უკვე გადარიცხულია.

ამ თემაზე:

როგორ გამოიყურება ახალი რესპუბლიკური და როდის გაიხსნება 2,2 მილიონით გაძვირებული შენობა (ფოტო)

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com