განათლება,მთავარი,სიახლეები

სამინისტრო მზადაა 11 000 პრაქტიკოსი პენსიონერი პედაგოგი ჩაანაცვლოს სხვებით

17.05.2019 • 9210
სამინისტრო მზადაა 11 000 პრაქტიკოსი პენსიონერი პედაგოგი ჩაანაცვლოს სხვებით

განათლების სამინისტრომ პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგების სამსახურიდან წასვლის მექანიზმი შეიმუშავა. ამ გეგმის განხორციელება სახელმწიფოს მინიმუმ 100 მილიონი ლარი დაუჯდება. აქვს თუ არა კრიზისის დაძლევის გეგმა სამინისტროს იმ შემთხვევაში, თუკი პენსიონერი პედაგოგების დიდი ნაწილი დათანხმდება ჯილდოს აღებას და დატოვებს სკოლას? სკოლებში ახალი კადრების შეყვანის რა ვერსიებს განიხილავენ და როგორია პროფესიაში დარჩენის მსურველი პრაქტიკოსი მასწავლებლების სტატისტიკა? „ბათუმელებთან“ ამ საკითხებზე  მანანა რატიანი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე საუბრობს.

ქალბატონო მანანა, თუ აქვს სამინისტროს კონკრეტული გეგმა იმ დეფიციტის შესავსებად, რომელიც შეიძლება წარმოიშვას პენსიონერი მასწავლებლების სკოლიდან გასვლის შემდეგ?

დღევანდელი სტატისტიკით, სკოლებში 33 ათასამდე პრაქტიკოსი მასწავლებელი მუშაობს, აქედან 11 ათასამდე პენსიონერია. შეთავაზება, რომ აიღონ ორი წლის ჯამური ხელფასი და დატოვონ სკოლა, მხოლოდ პრაქტიკოს მასწავლებლებს გაუკეთდა, უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, თუკი მათ შორის არიან საპენსიო ასაკის, ჩვენ ვთავაზობთ გაზრდილ ანაზღაურებას.

საპენსიო ასაკის პედაგოგი, რომელიც დაადასტურებს კომპეტენციას, დარჩება სკოლაში, მიიღებს 150 ლარით გაზრდილ ანაზღაურებას და შეუძლია ხელფასის პარალელურად აიღოს პენსიაც.

პრაქტიკოსების ნაწილი არის საქალაქო დასახლებებიდან და, შესაბამისად, ასეთ დასახლებებში ხშირ შემთხვევაში მასწავლებლებს აქვთ არასრული განაკვეთი. ამიტომ, პირველ ხანებში შესაძლებელია ამ კრიზისის შევსება საათობრივი განაკვეთით, მეორე შემთხვევაში, გვაქვს არაერთი პროგრამა და შესაძლებელია კრიზისის  წარმოშობის შემთხვევაში მათი გამოყენება. ვნახავთ, რამდენი გაივლის რეგისტრაციას ჯილდოს მისაღებად და ამის მიხედვით გავაკეთებთ იმ ადამიანების მობილიზებას, რომლებსაც აქვთ კვალიფიკაცია და სწავლების ხარისხს არ დააგდებენ.

რომელ პროგრამებს გულისხმობთ?

ეს არის პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“, რომელიც მაღალმთიან რეგიონში  არაქართულენოვან სკოლებში უშვებს კადრებს, ასევე, მაძიებლობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ახალგაზრდების სკოლებში შეყვანას. ამ პროგრამით მოსარგებლე პირებს სწავლების პარალელურად დავეხმარებით, რომ პროფესიულადაც განვითარდნენ.

პრაქტიკა აჩვენებდა, რომ  მთის სკოლებში წასვლის სურვილს ნაკლები პედაგოგი გამოთქვამდა. რას შესთავაზებთ ასეთ შემთხვევაში მათ მოტივაციისთვის?

გვიგზავნიდნენ კადრებს, მაგრამ ჩვენ ვერ ვახერხებდით დეფიციტის დაკმაყოფილებას სრულად, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი ეს იყო დაბალი ბიუჯეტი და მეორე მიზეზი იყო მცირე საათები – არ ითვალისწინებდა სრულ დატვირთვას. ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვახერხებდით მასწავლებლის გაშვებას მთის სკოლაში, რადგან არახარჯთეფექტური იყო პროგრამა. ამიტომ, გარკვეულ რეგიონებში ინგლისურის მასწავლებლების გაშვებას ვერ ვახერხებდით. ამ შემთხვევაში ავამოქმედეთ დისტანციური პროგრამა, რომლის პილოტი აჭარის ორ სკოლაში დავნერგეთ.

უნივერსიტეტიც ამზადებს 60-კრედიტიანი პროგრამით ან მილევადი მაინორ პროგრამით ადამიანებს, რომლითაც შეუძლიათ სკოლაში შესვლა. ეს ყველა გარე პროგრამა და სამინისტროს დაქვემდებარებული ჩვენი ცენტრის პროგრამები იმუშავებს. ასევე, გაცხადებული იყო, რომ იმ პედაგოგებს, რომლებიც კომპეტენციას ვერ ადასტურებენ, კრიზისის შემთხვევაში ხელშეკრულება გაუფორმდეთ და დარჩნენ სკოლაში. ჩვენი მიზანია, სწავლების უფლება არ შეეზღუდოთ მოსწავლეებს და საგნები კვალიფიციურმა კადრებმა ასწავლონ.

გარკვეულ სკოლებში ერთი პედაგოგი რამდენიმე საგანს ასწავლის. თუკი ასეთი პედაგოგი წავა სკოლიდან, იქ რა იქნება. თუ გაქვთ შესწავლილი ასეთი სკოლების რაოდენობა რამდენია?

ჩვენ ვიმუშავებთ ყოველ კონკრეტულ  ვაკანსიაზე, რომ მაქსიმალურად შევძლოთ კადრებით დაკმაყოფილება. ბევრი ახალგაზრდა გვირეკავს და სურვილი აქვთ, რომ სკოლაში დაიწყონ  მუშაობა.

ალბათ, ქალაქზეა მოთხოვნა, თუ სოფლის სკოლებშიც სურთ მუშაობა?

განსხვავებული მოთხოვნებია. ყველანაირი რეკავს. პროგრამის გარეშეც შეიძლება ბევრი დაინტერესდეს ვაკანსიებით, რადგან გაზრდილია ანაზღაურება და მეორე მხრივ, თუკი სკოლები თვითონ ვერ მოახერხებენ შეავსონ ვაკანსიები, ჩვენ დავეხმარებით პროგრამებით.

თუ გაქვთ ზუსტი მონაცემები, რამდენ ადამიანს სურს სკოლაში დასაქმება?

ამ ეტაპზე ეს სტატისტიკა არ გვაქვს, თუმცა ჩვენ მოვემზადებით სექტემბრისთვის და გვექნება ეს რეესტრიც.

ჯილდოზე როცა ვსაუბრობთ, რამდენი ლარიდან იწყება ათვლა და დაახლოებით რამდენი ლარი უჯდება ბიუჯეტს ამ ჯილდოს გაცემა?

ათვლა ხდება იქედან, რამდენ ლარსაც იღებს კონკრეტული პედაგოგი. პრაქტიკოსი მასწავლებლის საბაზო ხელფასი 405 ლარია. ზუსტად რა ბიუჯეტზეა საუბარი, ვერ გეტყვით, 2019 წლის ბიუჯეტში ეს თანხა არ იყო, თუმცა მოლაპარაკებები არის მთავრობასთან და, შესაბამისად, ამ თანხებს მოვიძიებთ. დაფინანსება შესაძლებელი რომ არ ყოფილიყო, არც შეთავაზება იქნებოდა.

როგორია მოლოდინი, პენსიონერი პედაგოგების დაახლოებით რამდენი პროცენტი დატოვებს სკოლას?

ძნელია წინასწარ თქმა, თუმცა ჯილდოთი ასივე პროცენტმა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა რომც ისარგებლოს, ჩვენ გვაქვს  მზაობა.

წელს ბევრი მასწავლებელია დაინტერესებული სტატუსის ამაღლებით. რით არის ეს გამოწვეული? კომპეტენციის დადასტურების ახალი მოდელი ხომ არ აშინებთ?

გრძელვადიან გეგმებზე ვერ გეტყვით, ამ ეტაპზე მთავრობასთან გადაგზავნილია ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს  მოპოვებული სტატუსის შენარჩუნებას. იმედია, მთავრობის უახლოეს სხდომაზე ეს დამტკიცდება.

2020 წლიდან როცა ამუშავდება მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი, რომელიც სქემას ჩაანაცვლებს, იქნება სხვა ტიპის ვალდებულებები.  სტატუსის მოსაპოვებლად პედაგოგს მოუწევს კომპლექსური შეფასების გავლა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ  ნაწილში. დეტალებზე ვიმსჯელებთ ექსპერტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან.

როგორც ვიცი, გარე დაკვირვება იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი კრედიტის დასაგროვებლად. ეს კომპონენტი ახალი სქემითაც ნარჩუნდება, თუ შეიცვლება?

სახეცვლილი იქნება ფორმატი. კონცეპტუალური დოკუმენტი შემუშავებულია, თუმცა დეტალებზე ნაადრევია საუბარი. გარკვეული სახეცვლილება შეიძლება მოხდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: