ვინ არის თორნიკე ონიანი – 16 წლის ბიჭის წამების საქმე პოლიციის უფროსის წინააღმდეგ


თორნიკე ონიანი ბოლნისის პოლიციის უფროსი აღარ არის. ამის შესახებ „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში უთხრეს. თორნიკე ონიანი ბოლნისში პოლიციას ხელმძღვანელობდა, სადაც 16 წლის ბიჭი აწამეს, სცემეს, ხელი მოტეხეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ. ამ საქმეზე ამ დრომდე დასჯილი არავინაა. მსხვერპლი ბიჭი ამბობს, რომ მას უშუალოდ პოლიციის უფროსმა სცემა.

„ასეთი ამბავი უახლოეს ისტორიას არ ახსოვს, რაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში. პროკურატურა ადასტურებს წამების ფაქტს და არავის იჭერს… თორნიკე ონიანი უნდა დაეჭირათ იმ პოლიციელებთან ერთად, ვინც ეს ჩაიდინეს. თუ ამას გამოძიების დაწყებიდან 6 თვეში არ გააკეთებენ, მივმართავ სტრასბურგის სასამართლოს არაეფექტური გამოძიების კუთხით,“ – ამბობს დაზარალებულად ცნობილი ბიჭის ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი.

ეს შემთხვევა ბოლნისში 2018 წლის 13 თებერვალს მოხდა. 16 წლის ბიჭი წამების ფაქტზე დაზარალებულად პროკურორმა გიორგი ლომჯარიძემ 10 აპრილს მიიჩნია. პროკურორი დადგენილებაში წერს, რომ 12 თებერვალს 16 წლის თ.ა.-მ ძვირფასეულობის მაღაზია გაქურდა, მეორე დილით კი, სკოლის ეზოში მასთან პოლიციელები მივიდნენ. პროკურორი წერს, რომ ბიჭი პოლიციელებმა მანქანაში ძალით ჩასვეს.

„…პოლიციელები მას აგინებდნენ ჩადენილი ქურდობის გამო და ურტყამდნენ ხელებს თავის არეში. მისი ცემა და გინება გაგრძელდა პოლიციის შენობაში მიყვანის შემდეგაც. პოლიციელები მას აფურთხებდნენ, ურტყამდნენ ხელებს და ფეხებს სხეულის სხვადასხვა ადგილებში, თავში ურტყამდნენ პლასტმასის ბოთლს, რომელშიც იყო ყინული,“ – წერია პროკურატურის დადგენილებაში.

„დადგენილებაში პროკურორი აღწერს საქმის იმ მასალებსაც, რომლის მიხედვითაც პოლიციის შენობაში ბიჭს შარვალი ჩახადეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ, მან წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელებს, დააგდეს და ხელი მოტეხესო… 10 აპრილს რომ ამას წერს პროკურორი, 11 აპრილს რატომ არ დააკავეს თორნიკე ონიანი? მით უმეტეს მაშინ, როცა დადგენილია, რომელმა პოლიციელებმა დააკავეს ეს ბიჭი და ვინ მიიყვანა საავადმყოფოში ხელის მოტეხილობით და რენტგენის ფულიც ვინ გადაუხადა,“ – გვიყვება ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი.

ადვოკატი წინა ხელისუფლების დროს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში მოგებულ საქმეს იხსენებს – „გიორგი მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“. მაშინ საქართველოს პროკურატურა ირწმუნებოდა, რომ ბრალდებულმა პოლიციის განყოფილებაში თვითდაზიანება მიიყენა.

„აქ კი პირდაპირ ამბობს პროკურორი, რომ პოლიციელებმა აწამეს ადამიანი… სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა მკაფიო და ხისტია ამ მიმართულებით – როცა ადამიანი შედის საღსალამათი პოლიციის განყოფილებაში და იქედან გამოდის დაზიანებებით, ყველა შემთხვევაში პასუხი მოეთხოვება პოლიციას. თუ თვითდაზიანებას მიმართავს დაკავებული, დაადე ხელბორკილი… გამოდის, რომ ადამიანი აწამეს პოლიციელებმა, შსს და პროკურატურა კი დამნაშავეებს ხელს აფარებს,“ – მიიჩნევს ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი.

სამართალდამცავ ორგანოების უმოქმედობაზე საუბრობს „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი როლანდ ასაკიშვილი. ის 2016 წლიდან გიორგი ადეიშვილის ინტერესებს იცავს. ამ საქმეშიც თორნიკე ონიანი ფიგურირებს. მაშინ გიორგი ადეიშვილი ამბობდა, რომ ისანი სამგორის მეორე განყოფილების უფროსი, თორნიკე ონიანი მას პოლიციასთან თანამშრომლობას აიძულებდა, უარის მიღების შემდეგ კი, „ნარკოტიკი ჩაუდეს“. ფაქტის მოკვლევა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციამ დაიწყო.

„გეინსპექციას ერთი მოქმედებაც კი არ ჩაუტარებია… პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და დაკითხეს, როგორც გიორგი, ასევე თორნიკე ონიანი, თუმცა დღემდე ეს გამოძიება გრძელდება და კონკრეტული შედეგი არ დადებულა. გასულ წელს მოგვწერეს პროკურატურიდან, რომ მიმდინარეობს გამოძიება, სხვა არაფერია ცნობილი,“ – გვითხრა როლანდ ასაკიშვილმა. მისივე თქმით, მარიხუანა გიორგი ადეიშვილს თბილისის ზღვაზე ჩაუდეს, სადაც ვიდეო კამერებია დამონტაჟებული, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჩანაწერი არცერთ კამერაში არ იყო. გამოძიებამ ასევე უარი თქვა ჩხრეკის დროს ამოღებული მარიხუანას შეფუთვაზე დნმ ექსპერტიზის ჩატარებაზე. გიორგი ადეიშვილი სასამართლომ დამნაშავედ მიიჩნია, თუმცა ამ კუთხით შეცვლილი კანონმდებლობის მიზეზით მისთვის სასჯელი არ დაუკისრებიათ  – გიორგის მხოლოდ 5 წლით ჩამოართვეს ავტომანქანის მართვის მოწმობა.

დამნაშავე რომ არ დაისაჯოს, ამ რისკს ხედავს როლანდ ასაკიშვილი 16 წლის ბიჭის საქმეშიც, რადგან საქმე პოლიციელებს ეხება. პოლიციელების წინააღმდეგ 2016 წელს დაწყებულ გამოძიებას კი არაფერი უთქვამს და თორნიკე ონიანი საბურთალოს განყოფილებიდან ბოლნისის პოლიციის უფროსად გადაუყვანიათ.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს პრესცენტრის ინფორმაციით, თორნიკე ონიანი ამ უწყებაში აღარ მუშაობს. აქ არ დაგვიკონკრეტეს, როდის გათავისუფლეს თორნიკე ონიანი თანამდებობიდან. ამავე უწყების პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიებას შესაძლო გადაცდომის შესახებ პროკურატურა აწარმოებს.

რატომ ვერ გამოიძია აქამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ თორნიკე ონიანთან დაკავშირებული წინა შემთხვევა, რომელიც 2016 წელს მოხდა? – შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში გვიპასუხეს, რომ გენერალური ინსპექციის დასკვნა არსებობს და მის მისაღებად უწყებას საჯარო ინფორმაციით უნდა მივმართოთ.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 28 წლის თორნიკე ონიანი ბოლნისის პოლიციის უფროსი გასული წლის დეკემბერში გახდა. 2018 წელს ის პოლიციის ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უფროსად მუშაობდა, მანამდე კი – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილედ.

 

 

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი