მთავარი,სიახლეები

26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები ბათუმში ევროპის მოედანზე გაიმართება

17.05.2019 • 1604
26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები ბათუმში ევროპის მოედანზე გაიმართება

ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, 2019 წლის 26 მაისს, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად ევროპის მოედანზე გაიმართება. ღონისძიებებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 80 ათასი ლარის დახარჯვას კულტურის ცენტრი ტენდერის გარეშე გეგმავს. შესაბამისი თანხმობისთვის ცენტრმა შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, როგორც კულტურის ცენტრის განაცხადშია აღნიშნული, „სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობდა ღონისძიების ცენტრალურ საორგანიზაციო კომიტეტთან. ჩვენი პროექტის საბოლოო შეთანხმება კი სიტყვიერად მოხდა 11 მაისს. თავიდან ღონისძიება ტრადიციულად დაგეგმილი იყო ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა აღნიშნულ ადგილას დაიგეგმა გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები და შეიცვალა ლოკაციის ადგილიც – ევროპის მოედანი, რამაც გამოიწვია რიგი დეტალების, აქტივობების და შესაბამისად ხარჯთაღრიცხვის ცვლილება“.

კულტურის ცენტრის ინფორმაციით „ღონისძიების ორგანიზებისათვის საჭირო საქონლის, მომსახურების და სამუშაოს შესყიდვის ჩატარება ტენდერის პროცედურების საშუალებით შეუძლებელს გახდის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შესრულებას მაღალ დონეზე, ხარისხიანად“, ამიტომ, „მიზანშეწონილია აღნიშნული ღონისძიებებისათვის საჭირო მომსახურებების შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელდეს“.

ბათუმში 2019 წლის 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს:

ბეჭდვითი მომსახურება (ბანერები, ფლაერები, ფერადი დროშები და თემატური დროშა ბანერები);
ჰელიუმის ბუშტები;
ყვავილებით უზრუნველყოფა;
თემატური ფოტოგამოფენის მოწყობა;
საბავშვო გასართობი კუთხეების მოწყობა;
ტექნიკური აპარატურით უზრუნველყოფა (განათების აპარატურა);
კარავითა და დახლებით უზრუნველყოფა;
ღონისძიებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სამონტაჟო და ტექნიკური სამუშაოები;
სცენის დეკორაცია;
პიროტექნიკური მომსახურება;
ტექნიკური პერსონალის (დაცვა, მუშები) და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა;
სარეკლამო ვიდეო-რგოლის დამზადება;
მუსიკალური ჯგუფებისა და სოლოშემსრულებლების ჰონორარი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: