პრემიერი: ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვანი ხარვეზები გვაქვს მართვაში


პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 17 მაისს, ბათუმში ყოფნისას განაცხადა, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.

„არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ ყველგან, სადაც ტარდება არჩევნები, ჩატარდება უმაღლესი სტანდარტით, მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში. სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მას სჩვევია, ცდილობს თავისი აგრესიით, თავისი რიტორიკით შეიტანოს დაძაბულობა საზოგადოებაში, მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ“, – განაცხადა პრემიერმა.

ჟურნალისტებმა ჰკითხეს პრემიერს საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებებზე, სადაც ის სახელმწიფო უწყებებში კორუფციაზე საუბრობდა.

მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ კონკრეტული ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, ხელისუფლება იქნება ძალიან მკაცრი: „ჩვენ მართვაში, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე გვქონდა და დღესაც გვაქვს მნიშვნელოვანი ხარვეზები, მაგრამ ბოლო კვარტალის შედეგები აჩვენებს, რომ ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს პროგრესი. ქობულიას რაც შეეხება, მრჩება განცდა, რომ გარკვეულწილად გაბრაზებული ადამიანის პოზიციას ვისმენდი“.

პრემიერმა ასევე ისაუბრა განათლების ბიუჯეტზე, რომელიც მისი თქმით, სამი მილიარდი ლარი უნდა გახდეს:

„ჩვენ გვაქვს გაცხადებული სტრატეგია, ეს არის ეროვნული იდეა განათლების სახით და ამ იდეის რეალიზაციას უზრენველვყოფთ. ტექნოლოგიური ქალაქიც, რომელსაც ბათუმში ვაშენებთ, ძირითადად, ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება. წელს განათლების  ბიუჯეტი არის მილიარდ 600 მილიონი, მომავალ წელს იქნება ორი მილიარდი, 2021 წელს იქნება ორ მილიარდ-ნახევარი და შემდეგ წელს კი ბიუჯეტის მეოთხედს მიაღწევს. ეს ინიციატივაც შეტანილია საქართველოს პარლამენტში და იმედია, იქნება მიღებული“.

ტექნოლოგიური ქალაქის მშენებლობა, როგორც პრემიერმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადეს, წელს დაიწყება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com