მთავარი,სიახლეები

პრემიერი ბათუმში განათლების ქალაქის მშენებლობასა და ახალ კანონპროექტზე

17.05.2019 • 2109
პრემიერი ბათუმში განათლების ქალაქის მშენებლობასა და ახალ კანონპროექტზე

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, ბათუმში მთავრობა ისეთივე განათლების ცენტრის მშენებლობას გეგმავს, როგორიც შენდება თბილისში. პრემიერის ინფორმაციით, ბათუმის საგანმანათლებლო სივრცე კომაროვის სკოლას, პროფესიულ განათლების ცენტრს, თანამედროვე ლაბორატორიებსა და საერთო საცხოვრებელს გააერთიანებს. საგანმანათლებლო სივრცეს სპორტული მოედნები და სარეკრეაციო სივრცეებიც ექნება. ეს  პრემიერმა დღეს ბათუმში პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

პრემიერმა ისაუბრა ასევე პროექტის მნიშვნელობასა და განათლების შესახებ მთავრობის ახალ კანონპროექტზე, რომლის დამტკიცების შედეგად, პრემიერის თქმით, ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედი განათლებას მოხმარდება.

„იცით ჩვენთვის განათლებას რამხელა მნიშვნელობა აქვს. ჩვენ გვაქვს იდეა, ეროვნული იდეა და ეს არის სწორედ განათლება. ჩვენ აჭარაში გვყავს ყველაზე ნიჭიერი ბავშვები და ეს პროექტი სწორედ მათთვის შენდება და მათთვის შეიქმნება, რომ ყველგან, საქართველოს ყველა კუთხეში, შევძლოთ იმავეს გაკეთება, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი ნიჭის და ცოდნის რეალიზაცია, ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი“.

პრემიერი ამ საკითხთან მიმართებაში კრიტიკოსებსაც გამოეხმაურა:

„მე ძალიან ბევრი უსაფუძვლო კრიტიკა მოვისმინე მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებით, რატომ არის ეს ჩვენთვის ეროვნული იდეა? – ეროვნული იდეა განათლება ჩვენთვის არის იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა იმისთვის, რომ ჩვენ დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული  ყველა გამოწვევა, იმისთვის, რომ საქართველო ოცდამეერთე საუკუნეში ვაქციოთ წარმატებულ ქვეყნად. მე ეს ღრმად მწამს, ქართველ ერს აქვს უნიკალური პოტენციალი, უნიკალური ნიჭი და განათლება არის ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღი იმისთვის, რომ ჩვენ საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა დავძლიოთ. მე განსაკუთრებით მიხარია, რომ ამ პროექტის რეალიზაციას ვახდენთ ბათუმში. “

პრემიერი შეეხო ასევე საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განათლების შესახებ:

„ეს არის ჩვენი ეროვნული იდეის განუყოფელი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ჩვენი ბიუჯეტის მეოთხედს მივმართავთ განათლებაზე, მომავალ თაობაზე, მასწავლებლებზე, პროფესორებზე, ახალგაზრდა მეცნიერებზე. იმ ხალხზე, რომლის მხრებზეც დგას ქართული სახელმწიფოებრიობა, საქართველოს მომავალი. წელს ჩვენი განათლების ბიუჯეტი გახლავთ მილიარდ ექვსასი მილიონი, მომავალ წელს ის გახდება ორი მილიარდი. 2021 წელს ის იქნება დაახლოებით 2 მილიარდ-ნახევარი და 2022 წელს ის მიაღწევს ჩვენი ბიუჯეტის მეოთხედს, შემდეგ სამი მილიარდ ოთხას მილიონ ლარს და ეს კანონი მიაღწევს იმას, რომ ყოველი შემდეგი მთავრობა იყოს ვალდებული, რომ ბიუჯეტის დიდი რესურსი მიმართოს არა მომდევნო არჩევნებში, არამედ ქვეყნის მომავალში. მე ღრმად მწამს, ეს არის გზა, რომელიც საქართველოს მოუტანს დიდ წარმატებას“,- განაცხადა პრემიერმა.

ბათუმში ტექნოლოგიური ქალაქის მშენებლობისთვის ადგილი თამარის დასახლებაში (ე.წ. ბნზ-ს ტერიტორია) გამოიყო. ქალაქი შვიდ ჰექტარზე გაშენდება. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ეს ადგილი ამჟამად ცარიელია და სახელმწიფოს საკუთრებაშია.

მამუკა ბახტაძე და მთავრობის სხვა წევრები დღეს ბათუმში საგანგებოდ ჩამოვიდნენ პრეზენტაციაზე დასასწრებად. ამ პრეზენტაციის მოსაწყობად აჭარის განათლების სამინისტრომ ბიუჯეტიდან 87 ათასი ლარი მოითხოვა.

ამავე თემაზე:

ბათუმში ტექნოლოგიური ქალაქი 7 ჰექტარზე გაშენდება – განათლების სამინისტრო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: