მთავარი,სიახლეები

როდის გაიხსნება სასტუმრო „კემპინსკი“ ბათუმში

20.05.2019 • 3719
როდის გაიხსნება სასტუმრო „კემპინსკი“ ბათუმში

ბათუმის ბულვართან, ყოფილი საფეხბურთო სტადიონის ადგილზე, ახალი სასტუმრო კომპლექსი 2009 წლის ბოლოს უნდა გახსნილიყო. შპს GIMG, რომელსაც ეს ვალდებულება გააჩნდა, პირობების შეუსრულებლობის გამო 10 მილიონზე მეტი აშშ დოლარის პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა. კომპანია აჭარის მთავრობამ ამ პირგასამტეხლოს გადახდისგან გაათავისუფლა, ოღონდ, ძველი და ახალი ვალდებულებების შესრულების პირობით.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და GIMG-ის შორის ახალი შეთანხმების აქტი 2019 წლის იანვარში გაფორმდა. ამ შეთანხმებით ახალი სასტუმრო კომპლექსი კომპანიამ ბათუმში 2020 წლის ივლისამდე უნდა აამოქმედოს.

დოკუმენტების მიხედვით, GIMG-მ 2018 წლის დეკემბერში სამინისტროს მიმართა წერილით, სადაც კომპანია აცხადებს, რომ „სხვადასხვა ობიექტურმა მიზეზებმა აღებული საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადის გაჭიანურება გამოიწვია. სასტუმროსა და ბიზნესცენტრის ოპერირების მიზნით ცნობილ საერთაშორისო ბრენდთან მიმდინარეობდა აქტიური თანამშრომლობა. მათ მოთხოვნებთან კომპლექსის შესაბამისობაში მოყვანა რთული და გრძელვადიანი პროცესი აღმოჩნდა, რამაც პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. დღეს ეს სამუშაოები ნაწილობრივ დასრულებულია. სასტუმროს მენეჯმენტისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ ბრენდთან კომპანიის ურთიერთობები შემდგომ თანამშრომლობასთან დაკავშირებით გადამწყვეტ ფაზაში შედის…“.

თავის დროზე აქ სასტუმრო „კემპინსკი“ უნდა გახსნილიყო. თუმცა, მშენებლობის გაჭიანურებასთან ერთად „კემპინსკისთან“ ურთიერთობაც შეჩერდა.

რომელი საერთაშორისო ბრენდის შემოყვანას აპირებს კომპანია?

„ჩვენ ვაპირებთ ისევ „კემპინსკისთან“ ხელშეკრულების გაგრძელებას, რომელიც ჩვენ შეჩერებული გვქონდა. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სხვა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მოპატიჟებული იქნება სხვა საერთაშორისო ოპერატორი, მაგრამ ეს იქნება აუცილებლად ქსელური ოპერატორი. როდესაც მივუახლოვდებით სასტუმროს კონცეფციას, ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილი რომელი ოპერატორი იქნება შესადაგი იმ კონცეფციისთვის, როგორიც გაიხსნება სასტუმრო. მაგრამ დღეს, დღის წესრიგშია კვლავ „კემპინსკი“  – უთხრა „ბათუმელებს“ შპს GIMG-ის დირექტორმა თეიმურაზ გამცემლიძემ.

სასტუმროს გახსნის დროში გჭიანურების მიზეზად დირექტორი პროექტში ცვლილებებს ასახელებს.

„ვერ განვითარდა – ამდენი ცვლილებები პროექტში, ამდენი დამატება-გამოცვლა… ოპერატორი თავად კი არ მონაწილეობს ფინანსირებაში, არამედ მის აქ ყოფნას და მუშაობას აფინანსებს ინვესტორი. ერთ ადგილზე ვიყავით გაჩერებული და არ იქნა საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილება, ამიტომ დროებით შევაჩერეთ ურთიერთობა „კემპინსკისთან“. ახლა ვაპირებთ აღვადგინოთ, მაგრამ თუ ეს არ ჩაიწერება იმ კონცეფციაში, რასაც ჩვენ ვავითარებთ დღეს, მაშინ მოვიპატიჟებთ სხვას. მაგრამ სხვას ამ ეტაპზე არ განვიხილავთ. „კემპინსკი“ თბილისშიც აპირებს შესვლას და ეს კარგი იქნება ჩვენთვისაც, ეს უკვე იქნება ქსელი“,- ამბობს თეიმურაზ გამცემლიძე.

შპს „ბათუმის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის“ 100% წილი და ქონება – 36 017 კვ.მ მიწის ნაკვეთი მთავრობამ 2 მილიონ აშშ დოლარად GIMG-ის 2006 წლის ოქტომბერში მიჰყიდა. კომპანიას 35 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და სამ წელში სასტუმრო კომპლექსი აემოქმედებინა.

კომპანიის მიერ სამინისტროში 2018 წლის ბოლოს გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ „დღეის მდგომარეობით ექსპლუატაციაში მიღებულია ორი საცხოვრებელი კომპლექსი, პავილიონი და ღია საცურაო აუზი ზღვის წყლით; ასაშენებელი 63 000 კვ.მ-ის ნაცვლად აშენებულია 94 284 კვ.მ და მხოლოდ სასტუმროს ნაწილში განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობამ  [2018 წლის დასაწყისისთვის] შეადგინა 33,9 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.“

ახალი შეთანხმებით:

2019 წლის ივლისამდე კომპანიამ უნდა უზრუნველყოს გარე ტერიტორიის გამწვანება და შიდა სივრცეებში 250 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოპარკინგის მოწყობა;
2019 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დაასრულოს შენობის ფასადის სამუშაოები;
2020 წლის ივლისამდე აამოქმედოს 120-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი [რომლის ოპერირება უნდა განხორციელდეს საერთაშორისო ბრენდის მიერ];
2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა აამოქმედოს ბიზნესცენტრი; ასევე მრავალფუნქციური კულტურულ-გასართობი ცენტრი [მათ შორის, როგორც კომპანიაში გვითხრეს, კაზინო, რომელიც უდიდესი იქნება რეგიონში, ასევე ტოტალიზატორები, კლუბები, ბავშვთა გასართობი ცენტრი და სხვ.]; ჯამში კი GIMG-იმ 65 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს .

ამასთან, GIMG-იმ, სასტუმროსა და ბიზნესცენტრის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა დაასაქმოს არანაკლებ 150 საქართველოს მოქალაქე და 2025 წლამდე ეს რაოდენობა გაზარდოს 500-მდე.

შპს GIMG ბათუმში, 2016 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის დირექტორი თეიმურაზ გამცემლიძეა. კომპანიის 100% წილის მფლობელი კი არის ავსტრიული შპს GAB-Resorst-ი.

პროექტის, რომელიც ბათუმის სტადიონის ყოფილ ტერიტორიაზე რამდენიმე წელია ხორციელდება, ერთ-ერთი ინვესტორი რუსეთის მოქალაქე, მილიონერი სოსო ორჯონიკიძეა. შპს GIMG-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარეობს მოლაპარაკებები პროექტში ახალი ინვესტორების შემოსაყვანად, თუმცა ამ დროისთვის არაფერი შეცვლილა.

მაშინ, როცა ბათუმში სასტუმროს მშენებლობა შეჩერებული იყო, „ინოვაციური სამშენებლო კომპანიამ“, რომლის 50% წილის მფლობელი იოსებ ორჯონიკიძეა, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა ასპინძის მუნიციპალიტეტში, ვარძიის დამცავ ზონაში წამოიწყო.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დაახლოებით ერთი თვის წინ გაავრცელა განცხადება, რომ „სააგენტოსა და სამოქალაქო გაერთიანება „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აქტიური ქმედებების შედეგად ვარძიის კომპლექსის დამცავ ზონაში კანონდარღვევით მიმდინარე სამშენებლო პროცესი შეწყდა“.

„სააგენტო მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კატეგორიის უძრავი ძეგლის დამცავ ზონაში წარმოებული უნებართვო სამუშაოები უხეშად არღვევდა კულტურული ღირებულების მქონე ისტორიული ლანდშაფტის ქსოვილს და სტრუქტურას. სამშენებლო პროცესის შედეგად ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოში წარმოიქმნა თვალსაჩინო დისონანსი“, – აღნიშნული იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ინოვაციური სამშენებლო კომპანიას“, სადაც მხოლოდ ის დაგვიდასტურეს, რომ ვარძიაში სამშენებლო სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია.

ბათუმში მშენებარე სასტუმრო კომპლექსი [ანბანის კოშკიდან მარცხნივ]

„ინოვაციური სამშენებლო კომპანიის“ მიერ წამოწყებული მშენებლობა ვარძიაში / კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ფოტო.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: