მთავარი,სიახლეები

გაეროს დაფინანსებული კვლევა: სახიფათოა ბათუმის კონცხზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა

15.05.2019 • 5663
გაეროს დაფინანსებული კვლევა: სახიფათოა ბათუმის კონცხზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა

„დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა დიდ სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს კონცხის ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრების ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა“, – ასეთი დასკვნა სპეციალისტებმა UNDP-ის მიერ  დაფინანსებული კვლევის საფუძველზე დადეს.

კვლევა 2013 წელსაა ჩატარებული, მაშინ როცა ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ამ ორგანიზაციაში პროექტების მენეჯერად მუშაობდა.

ახლა სწორედ ლაშა კომახიძემ უნდა გადაწყვიტოს, დაუშვებს თუ არა მშენებლობას ბათუმის კონცხზე, სადაც მიწის ნაკვეთის მფლობელი კომპანია ექვსი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ შესაბამისი განაშენიანების გეგმაც მოამზადა და მერიას წარუდგინა, თუმცა მოიწონა თუ არა ის მერიამ, ჯერ ისევ არ ვიცით, შესაბამისად ის განსახილველად არც საკრებულოსთვის გადაუგზავნია.

პროექტის რენდერი

ლაშა კომახიძეს ამ თემასთან დაკავშირებული დისკუსიებისას არასოდეს უთქვამს, რომ შესასწავლი იქნებოდა დაგეგმილ მშენებლობებთან მიმართებაში კონცხის მდგრადობა. თუმცა ასეთი კვლევის ჩატარებას გენგეგმა ითვალისწინებს. ბათუმის კონცხზე მშნებლობის საკითხი სხვა მიმართულებით დადგა დღის წესრიგში, რადგან ტერიტორია ისტორიული ბათუმის საზღვრებში მოექცა.

კვლევაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ ბათუმის კონცხზე მშენებლობა არათუ სასურველი არ არის, არამედ „არ შეიძლება“ და „დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული“. მეცხრამეტე საუკუნიდან დაწყებული 2013 წლამდე დაკვირვების მონაცემებით, სპეციალისტები საუბრობენ  მთლიანად სანაპირო ტერიტორიების საფრთხეებზე.

კვლევაში ნათქვამია, რომ ფართომასშტაბიანმა ტექნოლოგიურმა დატვირთვამ ათეული წლების განმავლობაში უარყოფითი გავლენა მოახდინა ზღვის სანაპირო ზონაში მიმდინარე პროცესებზე, რაც ნაპირების წარეცხვასა და მასზე აშენებული ობიექტების ნგრევაში გამოიხატა: „დატვირთვა ყველაზე მეტად შეეხო ზღვის სანაპირო ზონის ყველაზე აქტიურ ზოლს – პლაჟს.“

სპეციალისტები წერენ, რომ ზღვის სანაპირო ზონაში  აუცილებელია რაციონალური მიდგომა, რომელიც უზრუნველყოფს ნაპირების მდგრადობისა და რეკრეაციულ-საცხოვრებელი ტერიტორიების შენარჩუნებას. მათივე განმარტებით, პლაჟს განსაკუთრებული პრობლემა ჭოროხიდან ჩამოტანილი ნატანის ჯერ მკვეთრმა შემცირებამ, შემდეგ კი საერთოდ გაქრობამ შეუქმნა.

კვლევის მიხედვით, რომელიც ექვსი წლის წინაა ჩატარებული, ერთ-ერთი საყურადღებო პრობლემაა  ხმელეთის მიმართ ზღვის დონის აწევა. კვლევაში განხილულ პერიოდში [1961-2011 წწ.] ჩატარებული დაკვირვებების თანახმად, ბოლო 20 წლის განმავლობაში აჭარის სანაპიროზე ზღვის დონის საშუალო ნიშნულის ნაზარდმა 20 სმ-ს გადააჭარბა. დონის რყევადობის ექსტრემალურმა მაჩვენებლებმა 50 სმ-იან წლიურ ამპლიტუდას მიაღწია. შეიცვალა ზღვის დონის რყევადობის წლიური მსვლელობის რეჟიმიც:

„1989 წლამდე შეიმჩნეოდა შემოდგომა-ზამთრის მინიმუმი და გაზაფხულ-ზაფხულის მაქსიმუმი, რაც 2006 წლიდან შეიცვალა ზამთარ-გაზაფხულის მაქსიმუმითა და ზაფხულ-შემოდგომის მინიმუმით“.

2013 წლის შემდეგ აჭარის სანაპირო ზოლში ინფრასტრუქტურა მკვეთრად შეიცვალა, გაჩნდა მასშტაბური შენობები და მშენებლობების პროცესი ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.

დოკუმენტის მიხედვით, ამ ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობდნენ შემდეგი სახელმწიფო უწყებები: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ენერგეტიკის სამინისტრო; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ცალკეულ აკადემიურ ინსტიტუტები; აჭარის ა.რ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო; ქ. ბათუმის მერია; აჭარის ა.რ. რეგიონული უწყებები; დამოუკიდებელ ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სამუშაოს შესრულებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისს,
რომელიც დაეხმარა საქართველოს მთავრობას ამ დოკუმენტის მომზადებაში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: