მთავარი,სიახლეები

ემიჯნება თუ არა გია აბულაძე სააკაშვილის შეურაცხმყოფელ განცხადებას ხულოზე

15.05.2019 • 2730
ემიჯნება თუ არა გია აბულაძე სააკაშვილის შეურაცხმყოფელ განცხადებას ხულოზე

მიხეილ სააკაშვილის ფრაზას „ანზორ ბოლქვაძე რომ ჩემ გვერდით დაჯდებოდა და მისი სუნი არ მაწუხებდა, ესეც ჩემი პრობლემაა“, პარტიის სხვა ლიდერები არ ემიჯნებიან. მაგალითად, ასმათ დიასამიძემ თქვა, რომ სააკაშვილი ამავე გამოსვლაში ხულოს მოსახლეობას „მოეფერა“, გია აბულაძე კი ირწმუნება, რომ მხოლოდ ნეპოტიზმზე გაკეთებული განცხადებები მოისმინა. ხულოს სამხატვრო გალერეაში ცოლის დასაქმებას ანზორ ბოლქვაძეც ადასტურებს, თუმცა რატომ არის რიგით თანამშრომლად დასაქმება და 220 ლარი ხელფასი ნეპოტიზმი? – ესეც „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერს, გია აბულაძეს ვკითხეთ.

ბატონო გია, თქვენ არ გაემიჯნეთ თქვენი ლიდერის – მიხეილ სააკაშვილის შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ ლექსიკას. გამოდის, იზიარებთ ლიდერის ამ მიდგომას? 

მე რაც ვნახე, იქ იყო საუბარი ნეპოტიზმზე. ნეპოტიზმი „ქართული ოცნებისთვის“ არახალია. ყველა კვლევაში ჩანს, რომ მოსახლეობა ასახელებს „ოცნების“ სამ მთავარ პრობლემას, ეს არის კორუფცია, ნეპოტიზმი და არაპროფესიონალიზმი. მან ისაუბრა ნეპოტიზმზე და ანზორ ბოლქვაძეზე, რომელიც თითქოს ყველაზე გულმხურვალე დეპუტატია. სინამდვილეში ცხრა პარტიას იცვლის და ვითომ ახლა „ნაციონალურ მოძრაობას“ უპირისპირდება, ეს ჩვენი დიდი შეცდომა იყო…

დავაკონკრეტოთ, რა არის ნეპოტიზმი? 

მან თქვა, რომ მისი ცოლი არის დასაქმებული სამხატვრო გალერეაში. ეს გალერეა რომ აიტაცეს და ფაბრიკაცია მოახდინეს „ოცნების“ აქტივისტებმა, ამ გალერეას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს. იყო გეგმაც, რომ მიმდებარე ტერიტორია უნდა მოწყობილიყო, როგორც სიღნაღი. ეს ერთგვარი ტურისტული ცენტრი უნდა გამხდარიყო.

„რას ნიშნავს ხულოს სამხატვრო გალერეა“? – ეს იკითხა მიხეილ სააკაშვილმა და რამდენჯერმე გაიმეორა, ვიდრე დარბაზში არ გაიცინეს. ადამიანებმა ეს გაიგეს, როგორც დაცინვა. თქვენ როგორ გაიგეთ? 

არა, სიცილის შემდეგ თქვენ ნახეთ მეორე ნაწილი. ის ამბობს, რომ ეს სასაცილო არ არის და ხულოში ცხოვრობს ძალიან კარგი და ძალიან მაგარი ხალხი, მათ შორის, პროფესორები, აკადემიკოსიც… მან გალერეაზე ძალიან თბილად ისაუბრა. ვინ და მიხეილ სააკაშვილმა ნამდვილად ძალიან კარგად იცის ხულო და არაერთხელ არის იქ ნამყოფი. ხულოში თუ რამე არის გაკეთებული, მისი ინიციატივით არის გაკეთებული და დაწყებული, იგივე გოდერძი…

თქვენი ლიდერის კონკრეტული ფრაზა შეაფასეთ: „სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაშია?“ 

ეს მან იკითხა ნეპოტიზმის კონტექსტში, რომ ხულოს სამხატვრო გალერეაშიც კი, სადაც სულ რამდენიმე ადამიანია დასაქმებული, იქაც ნეპოტიზმია.

რატომ არის ეს ნეპოტიზმი, შეგიძლიათ დაგვისაბუთოთ? 

არ არის, თქვენ როგორ ფიქრობთ? ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ორგანიზაციაში არის დასაქმებული.

ასე თქვენი მეუღლეც მუშაობდა საბიუჯეტო ორგანიზაციაში, როცა თქვენ განათლების მინისტრი იყავით. 

უკაცრავად, მაგრამ ის ჩემი მუშაობის დროს და ჩემი მინისტრობის გავლენით არ დასაქმებულა.

რით დასტურდება, რომ ანზორ ბოლქვაძის გავლენა დასჭირდა მის ცოლს, რომელიც ოფიციალურად სასტუმროს ფლობს, ხოლო გალერეაში მისი ხელფასი 220 ლარია? ფიქრობთ, რომ არის ნეპოტიზმი? 

ნეპოტიზმი ხელფასის რაოდენობით განისაზღვრება? ნეპოტიზმის განმარტება არის ის, რომ შენი პირადი პოლიტიკური გავლენით ადამიანს ასაქმებ. იქ არ წერია, ხელფასი 100 ლარი უნდა იყოს, 200 თუ 300… მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა ნეპოტიზმზე, რომ მცირებიუჯეტიან ორგანიზაციასაც კი პირადი ინტერესებისთვის იყენებენო, ეს იყო მიხეილ სააკაშვილის საუბრის კონტექსტი.

„ანზორ ბოლქვაძე რომ ჩემ გვერდით ჯდებოდა და მისი სუნი არ მაწუხებდა, ესეც ჩემი პრობლემაა“, – თქვა მან. იყო თუ არა ეს შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი? 

ზეპირად მე ყველა ნაწილს ვერ გეტყვით. ის, რაც ნებისმიერისთვის, ჩემთვის, თქვენთვის და სხვა ადამიანისთვის არის შეურაცხმყოფელი, შეურაცხმყოფელია ჩემთვისაც. მე ახლა ყველა ზეპირად არ მახსოვს… თუ შეურაცხმყოფელი იყო, ეს სასიამოვნო არ იქნებოდა. ეს იყო ერთსაათიანი გამოსვლა და თავიდან ბოლომდე არ მინახავს. კონკრეტულად ეს ფრაზა მე არ მომისმენია. ვერ მოვიცალე, თავიდან ბოლომდე მენახა.

იქნებ ნახოთ მაშინ და შემდეგ გვითხრათ, ემიჯნებით თუ არა. არ არის დამაჯერებელი, რომ თქვენ სააკაშვილის საუბრის ამ მონაკვეთიდან 30 წამს მოუსმინეთ და დანარჩენ 30 წამს -არა.

კი ბატონო, ვნახავ და შევაფასებ, მაგრამ სოფელ თხილვანაში მივდივარ ახლა… თვითონ ანზორ ბოლქვაძემ რომ სიძულვილის ენით ისაუბრა იგივე ხულოს მცხოვრებლებზე, როცა გია ხალვაშს უთხრა, ვიღაც ლოთს რაღაცას აკეთებინებო, ესეც სიძულვილის ენაა ხო?… იქნებ ეს თავად ანზორ ბოლქვაძესაც ჰკითხოთ. ახლა დადებითად ვერ დაახასიათებდა მიხეილ სააკაშვილი იმას, რაც ანზორ ბოლქვაძემ გააკეთა და შეურაცხმყოფელი ლექსიკა თუ იყო გამოყენებული, ეს სასიამოვნო არ იქნებოდა. ჩემი პოზიცია არის ეს.

ჩვენ გვაინტერესებს, ემიჯნებით თუ არა ლიდერის შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ ლექსიკას. ასე ნებისმიერი მოქალაქე ამბობს, რომ შეურაცხყოფა მიუღებელია. თქვენ, როგორც პოლიტიკოსს, გაქვთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. 

მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია და ვამბობ, რომ თუ იქ იყო რამე შეურაცხმყოფელი, მათ შორის, ანზორ ბოლქვაძეზე, რომელიც მე დიდად არ მომწონს, ეს არ იქნებოდა სასიამოვნო.

თქვენმა კოლეგამ, ასმათ დიასამიძემ, სატელევიზიო კომენტარში თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი პირიქით, მოეფერა ხულოს მოსახლეობასო. რას ნიშნავს „მოეფერა“? თქვენ ფიქრობთ, რომ მოსახლეობას პოლიტიკოსების მოფერება სჭირდება? 

აბა, ცუდი უნდა ელაპარაკოს?… პოზიტიურად დაახასიათა. არ ვიცი, რას ეძახით მოფერებას. ადამიანი როცა პოზიტიურად აფასებს, მოფერება არ არის?… პოლიტიკოსებისთვის მოსახლეობასთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. აბა, ხელისუფალი თუ მოსახლეობას აკრიტიკებს, იმას ხელისუფლებაში რა უნდა?

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: