მთავარი,სიახლეები

ცოლის ცემაში ბრალდებული: არ ვიცი, რატომ დარეკა მან პოლიციაში

14.05.2019 • 1149
ცოლის ცემაში ბრალდებული: არ ვიცი, რატომ დარეკა მან პოლიციაში

ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ი.კ. სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დღეს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებული 2 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

გამოძიების ვერსიით, ი.კ.-მ საკუთარ სახლში სიტყვიერი კონფლიქტის შემდეგ ცოლს სახეში გაარტყა და თმებში მოქაჩა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, ბათუმში მოხდა.

“არ ვიცი, რატომ დარეკა მან პოლიციაში… ჩვენ მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება გვქონდა…” – აცხადებს ბრალდებული.

ა.კ. დაზარალებულ ქალთან რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა. მათ საერთო შვილი ჰყავთ, რომელიც ათი წლისაა.

ბრალდებულის ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კონფლიქტს მოწმე არ ჰყავდა.

“გარდა ამისა, ექსპერტიზა არ ადასტურებს ფიზიკური ძალადობის ფაქტს,” – გვითხრა ადვოკატმა, ირაკლი აბაშიძემ.

პროკურორი ზურაბ კონცელიძე კი ამბობს, რომ ბრალდებული აქამდეც გასამართლდა ძალადობრივი დანაშაულის გამო და იგი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გირაოთი ბრალდებულის გათავისუფლებაზე ამ მოტივით თქვა უარი.

“თქვენ იმყოფებით პირობითი მსჯავრის ქვეშ… ეს რომ არა, შესაძლებელია ამ მუხლზეც ბრალდებულის გირაოს საფუძველზე გათავისუფლება,” – დასძინა მოსამართლემ.

“ის ამას არ გააკეთებდა, აბსურდია, გთხოვთ, ეს აღნიშნეთ,” – ეს ბრალდებულის ახლობლებმა გვითხრეს პროცესის დასრულების შემდეგ. მათ ვერ გვიპასუხეს კითხვაზე: რატომ მიმართა მაშინ საშველად ქალმა პოლიციას?

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: