მთავარი,სიახლეები

როცა შუა ქალაქში შეუმჩნევლად კვდები

13.05.2017 • 1463
როცა შუა ქალაქში შეუმჩნევლად კვდები

„ცოტა ხნის წინ ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, ბინაში ორი გარდაცვლილი იპოვეს…“ _ წერდა „ბათუმელები“ 31 იანვრის საღამოს. გარდაცვლილები დედა და შვილი იყო, 78 წლის ჯანიკო სარჯველაძე და 53 წლის ამირან გორგაძე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დედამ შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღე იცოცხლა. ამირანი  საწოლში ჩამხობილი იპოვეს, ჯანიკოს ცხედარი კი ბინაში შესულ პოლიციელებს საძინებლის აივნის კართან დახვდათ. სავარაუდოდ, იგი მეზობლებისთვის საშველად დაძახებას აპირებდა, მაგრამ ვერ შეძლო. ჩანს, რომ ქალი იბრძოდა გადარჩენისთვის, მაგრამ არავინ გამოჩნდა, ვინც გამოიყვანდა ოთახიდან, სადაც გარდაცვლილ შვილთან ერთად იყო. დედა-შვილის გარდაცვალებიდან თვენახევრის შემდეგაც კი არ არის ცნობილი ექსპერტიზის შედეგები.

დედაშვილის უკანასკნელი დღეები

„დიდხანს ვაბრახუნებდი კარზე, არავინ აღებდა… ვიფიქრე, აღარ უნდა, ალბათ, ჩემი ნახვა, საერთოდ აღარაფრის მოსმენა უნდა-მეთქი… არადა, თვითონ ძალიან კარგად იცოდა ამბების მოყოლა უწინ, ახალგაზრდები რომ ვიყავით. 1974-დან მეზობლები ვართ. ბოლოს, როცა ლოგინად ჩავარდა და მასთან შევდიოდი, მე ვუყვებოდი ამბებს. რაღაცნაირად მამშვიდებდა, ისე მიყურებდა… კანფეტი უყვარდა კარამელის. მივუტანდი, ჩამოვუჯდებოდი, ის კარამელს შეექცეოდა, მე _ ვლაპარაკობდი… რამდენიმე დღე სულ ვაბრახუნებდი კარზე ასვლა-ჩამოსვლის დროს. იმ დღესაც ვაბრახუნე, უფრო ძლიერად, ვიდრე მანამდე. ისევ რომ არ გამცა პასუხი ჯანიკომ, მეზობელთან მივედი, რაღაც ხდება-მეთქი და სასწრაფოს გამოუძახეს. კარი შეამტვრიეს. ჯანიკო უსულოდ იწვა“, – გვიამბო იამზე კოპლატაძემ, რომელიც მოულოდნელად შემოვიდა, როცა მეზობლებს ვესაუბრებოდი. მაგიდასთან მოგვიახლოვდა და საყვედურივით თქვა:

„ველოდებოდი, რომ ექსპერტიზიდან სახლში მოასვენებდნენ დედა-შვილს… ერთ დღესაც გავიგე, პირდაპირ  ჩიბათში დაკრძალეს, აქ აღარ მოიტანენ ცხედრებსო. მე რა ვიცოდი, ველოდი… თოვდა, თორემ ხომ წავიდოდი საფლავზე. ახლა გავიგე, ჟურნალისტი დაინტერესებულაო და შემოვედი, რომ მეთქვა.“

ეს რატომ გაინტერესებთ?“

ეს კითხვა თითქმის ყველამ დამისვა – მეზობლებმა, ახლობლებმა, ოჯახის წევრებმა, როცა ტრაგიკულად გარდაცვლილი დედა-შვილის ცხოვრებაზე ვეკითხებოდი…

შეიძლება ადამიანები კვდებოდნენ ქალაქის შუაგულში ისე, რომ დღეები გადიოდეს და ამას ვერავინ იგებდეს? ვინ იყო დედა-შვილი, როგორ ცხოვრობდნენ, რას აკეთებდნენ? რას აკეთებდა საზოგადოება და სახელმწიფო? ინასარიძის ქუჩაზე იმ კორპუსს ვპოულობ, სადაც დედა-შვილი ცხოვრობდა და მესამე სართულზე ავდივარ. კარს ნონა ჩხაიძე მიღებს, ჯანიკო სარჯველაძის დისშვილი, რომელიც ჯანიკოსა და ამირანის მოსანახულებლად ხშირად დადიოდა.

„მებრძოლი ქალი იყო დეიდაჩემი“, – გვიყვება ნონა. პირველად საძინებელში შევდივართ, სადაც დედა-შვილის ცხედრები იპოვეს. კედლები მუქი ლურჯია, ირგვლივ – სიცარიელე და მარტოობა. ფანჯრიდან დღის სინათლე შემოდის, მაგრამ მაინც ბურუსია. კუთხეში ორი საწოლი დგას. ნონა მეუბნება, რომ აქ ჯანიკო იწვა, გვერდით -ამირანი. მერე აივნის კარს აღებს და ჩერდება:

„ჩემი აზრით, შემოსასვლელთან გასვლა ვეღარ შეძლო, ამიტომ აივნისკენ წამოვიდა, მეზობლებს დავუძახებო, მაგრამ კარამდე ვერ მიაღწია… ძალიან დაუძლურებული იყო ბოლო ორი წელი. ამირანი უვლიდა, შალვაც, მართლა კარგად უვლიდნენ. ბოლოს შობის ღამეს ვიყავი, ღვეზელები მოვუტანე. მერე ვეღარ მოვედი…“

დედასა და შვილებს ბინაში არ ჰქონდათ ცხელი წყალი, არც ბუნებრივი აირი. დროდადრო შეშის ღუმელს ანთებდა ამირანი და ასე თბებოდნენო – მიყვება ნონა. ამბობს, რომ ოჯახს საკვების შეძენა არ უჭირდა, სოციალურ დახმარებას იღებდნენ. სამზარეულოს იქეთ კიდევ ერთი ოთახია. დედა-შვილებს ერთად გაუფართოვებიათ ბინა რამდენიმე წლის წინ.

„გახარებული იყო დეიდაჩემი. შვილებთან ერთად ამოიყვანა ეს კედლები. მაშინ ამირანი ახალგამოსული იყო საავადმყოფოდან, მერე დააბრუნეს… ბოლო პერიოდში ხშირად იწვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. შალვა ხუთი წლის წინ დაავადდა, იმკურნალა და გამოვიდა. გასული წლის შემოდგომაზე ისევ გაუმეორა და წაიყვანეს…~, _ ამბობს ნონა.

მისაღებში გავდივართ. მაგიდა და ერთი კარადა დგას. კარადის თავზე ჯანიკოს, შალვას და ამირანის ახალგაზრდობის ფოტოებია.

როგორები იყვნენ ისინი?

„კი არ ვიცოდი მაშინ, ჩემი მეზობლები თუ იყვნენ. მგონი, 1974 იდგა,“ – გვიყვება ოთარ ცხვარაძე, ჯანიკო სარჯველაძის მეზობელი:

„მაშინ ორჯონიკიძის ქუჩაზე იყო შემნახველი სალარო. ეს ამხანაგური კორპუსი იყო და ფულს იქ ვიხდიდით. მივედი, სალაროს რიგში ჩავდექი და ატყდა უკან ერთი ალიაქოთი. ემჩნეოდათ, ცოლ-ქმარი რომ იყვნენ. რაზე ჩხუბობდნენ არ მახსოვს, მაგრამ ძალიან იჩხუბეს. რამდენიმე დღეში ის წყვილი ამ კორპუსში ვნახე, ჩემი მეზობლები ყოფილან _ ჯანიკო სარჯველაძე და მისი მეუღლე. იქედან რამდენიმე წელში დაშორდნენ ერთმანეთს, სამწუხაროდ.~

ჯანიკო გურიაში, სოფელ ჩიბათში გაზრდილა. გადასარევი გოგო ყოფილაო, – ამბობს იამზე კოპლატაძე. ორივე შვილი ჯანიკოს ჩიბათში გაუზრდია. სამკერვალოში მუშაობდა.

„ქოლგებს კერავდა, გახსოვთ?“, -წამოიძახა ირინა ჩხაიძემ, როცა სხვებს გაუჭირდათ გახსენება, რას კერავდა ჯანიკო: „ქოლგა რომ გაფუჭდებოდა, იმისგან მერე ჩანთებს ამზადებდა. „ერთხელ დედიკომ მოიტანა ქოლგა, შინდისფერი იყო. ჩვენ პატარები ვიყავით მაშინ. დედამ თქვა, ჯანიკომ გვაჩუქა ესო. კეთილი ქალი იყო, ვალში არ დაგრჩებოდა“.

მეზობლებმა ის დღეც გაიხსენეს, როცა ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ჯამ-ჭურჭელი აჩუქეს. „დაბადების დღე ჰქონდა და საჩუქარიაო, ასე ვუთხარით, თორემ, ისე როგორ იკადრებდა“, _ ამბობს ქეთევან ჩხაიძე.

მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახი მათთან იშვიათად კონტაქტობდა. უფრო სწორედ მას შემდეგ, როცა წლების წინ ამირანი დაავადდა და პერიოდულად მიჰყავდათ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სამკურნალოდ. ჯერ ხმაური გამოდიოდა მათი ბინიდან, მერე ეზოში სასწრაფო დახმარების მანქანა ჩნდებოდა.

გარდაცვლილი დედაშვილის შესახებ ჩიბათში

„მომიძულა, რატომ მომიძულა ასე?“ – ცრემლმორეული შეგვხვდა გარდაცვლილი ჯანიკოს და, მზია. ეზოს ჭიშკრიდან სახლთან მისვლამდე და გამოიტირა, ოპერაციას ვიკეთებდი მაგ დროს და ვერც კი ვიტირეო. შესვლისთანავე ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნებული ნეკროლოგი  და ახალგაზრდობაში დასთან და დისშვილებთან ერთად გადაღებული ფოტოები გვაჩვენა. მერე შეშის ღუმელთან დაჯდა და კითხვას აღარ დაელოდა:

„ეჭვიანი იყო ჩემი და, ძალიან ეჭვიანი. სულ ფიქრობდა, რომ მისი ბინით იყო დაინტერესებული ვინმე. ქმარი რომ დაშორდა, მაგაზე არ უდარდია საერთოდ. აქ გაზრდილია ის ბაღნები. გადასარევი ბიჭები იყვნენ. მეორე, ახლა რომ საავადმყოფოშია, ის კი იყო ცოტა ნერვული, მარა ახლა ყველა ახალგაზრდა ნერვულია. ოთხი და ვიყავით ჩვენ. მამაჩემმა სახლი ჯანიკოს დაუტოვა. ვერ ჩამოდიოდა ბათუმიდან, მოვლა უნდა სოფელს. ვუთხარი, ეს სახლი იქნებ შალვას მისცე, უყვარს ამ კაცს სოფელი, დასახლდება და მოვლილი იქნება სახლ-კარიც-მეთქი. გამიბრაზდა. მერე ის სახლი დაშალეს და წაიღეს, მიწაც გაყიდეს. ბოლოს, როცა ვიცოდი, რომ ძალიან უჭირდა, წელიწადში ერთხელ ჩავდიოდი. ხან შეშა ჩამქონდა, ხან _ რა. კარგად მხვდებოდა, მაგრამ დიდხანს ვერ გაჩერდებოდი, ეჭვიანობას დეიწყებდა… აქ აღარ ჩამოდიოდა. ახლა უფრო შალვაზე ვდარდობ. მამამისი მისულა ფსიქიატრიულში და უნახავს. თან ქალიშვილიც მიუყვანია, მეორე ცოლთან გააჩინა იგი. აქამდე რომ არ გახსენებია მისი შვილები, ახლა შვილის ნახვა მოუნდა ვითომ? ვეჭვობ, ბინის მისაკუთრება უნდა. ამირანიც ხომ მისი შვილია. მის საფლავზე რატომ არ გამოჩნდა?“

ამირანი

„ბავშვები უყვარდა განსაკუთრებით. რომ დაინახავდა, ითხოვდა, მაკოცნინოს რომელიმემ, რა მოხდებაო“, – იხსენებს ქეთევან ჩხაიძე, ამირანისა და ჯანიკოს მეზობელი.

ამირანს ჯარში სცემეს და მას მერე დაავადდაო, გვითხრეს სამეზობლოში. შედარებით ხანშიშესულებს ახსოვთ სხვა ისტორიაც – გოგო შეუყვარდა ამირანს და ამიტომ დასაჯეს, შეყვარებული ბიჭი გოგოს ახლობლებმა ქუჩაში უმოწყალედ სცემესო.

სიყვარულის ამბავს მზია სარჯველაძე სოფელ ჩიბათში ასე გვიყვება: „ჯარიდან ახალჩამოსულს ქალი შეყვარებია. იმ გოგოს მამა პოლიციელი ყოფილა და პოლიციელებს უცემიათ სასტიკად… მერე მოსულა სახლში, დაუხვევია ხელზე მავთულები და შეუერთებია დენისთვის, თავს იკლავდა.~

ინასარიძის #14-ის ეზოში მაინც ყველაზე ხშირად ამირანი ჩნდებოდა თურმე. ის მიდიოდა უფასო სასადილოში საკვების წამოსაღებად. ეზოში მეზობლებსაც დაელაპარაკებოდა და მერე მშვიდად აუყვებოდა სადარბაზოს კიბეებს.

ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, შალვა გორგაძესთან

„აქეთ“, – მეუბნება ექიმი და ფსიქიატრიული საავადმყოფოს გრძელი დერეფნის ბოლოს, პატარა ოთახში შევყავარ. ოთახში რამდენიმე ადამიანი მხვდება. ერთ-ერთი განზე დგას და მზერას მისწორებს. ვხდები, რომ შალვა გორგაძეა.

თავდაპირველად მოკლედ მპასუხობს, დაეჭვებული. მერე _ ვრცლად მიყვება ამბებს. შალვა 51 წლისაა და ოქტომბერს აქეთ მკურნალობს ფსიქიატრიულში. ოთახიდან ყველა გადის. ექიმს ვთხოვ, პირისპირ დამტოვოს მასთან.

„ნონამ მითხრა, დეიდაშვილია ჩემი… დამირეკა და მითხრა, დედა და ძმა გარდაცვლილი იპოვეს, ექსპერტიზაზე არიან გადაყვანილებიო… ნონა ხშირად დადიოდა ჩვენთან, გვივლიდა. ტელევიზორიც გვაქვს აქ. ყველამ გაიგო, მაგრამ მე არ ვუყურებ ტელევიზორს… არ ვიცი რის გამო გარდაიცვალნენ ჯანიკო და ამირანი. დედა ბოლო ორი წელი ლოგინიდან არ ამდგარა. სულ მაღალი წნევები ჰქონდა, ასე 200. მე ვუვლიდი დედას. ამირანიც ავადმყოფობდა. სოციალური დახმარება გვქონდა, სადილიც… საჭმელი არ გვიჭირდა. 400 ლარი მქონდა ბოლოს გადანახული. დეიდაშვილს ვუთხარი, სადაც მქონდა შენახული. ვუთხარი, აიღე და დაკრძალვისთვის გამოიყენე-მეთქი.

დედა ოქტომბრის მერე არ მინახავს, რაც აქ ვარ. ჩემთვის ვიყავი და წამომიყვანეს. არავის აუხსნია, რატომ. 5 წლის წინაც ვიყავი აქ. მაშინ ვიჩხუბე. მეზობელმა დაშენება დაიწყო გვერდით და ნერვები მომეშალა, ნუ აკეთებთ ასე-მეთქი. მოვიდნენ და წამომიყვანეს. ახლა ისევ აქ ვარ, მაგრამ მოვრჩები მალე, ალბათ.

ამირანი დეკემბრის ბოლოს ვნახე, ახალი წელი დგებოდა. ბევრი არ გვისაუბრია, მალე წავიდა.“

შალვას მამის შესახებ ვეკითხები. გავიგე, შენ სანახავად მოსულა-მეთქი. მპასუხობს, რომ მამას წარსულში რამდენჯერმე შეხვდა, თუმცა ახლო ურთიერთობა არ ჰქონია:

„გამიკვირდა ისე, აქ რომ მოვიდა. თან გოგო ახლდა, ვერ ვიცანი ვინ იყო და ვკითხე, ვინ არის-მეთქი. ეს შენი და არისო, მითხრა… კი ვიცოდი, დაც რომ მყავდა, არ მყავდა არასდროს ნანახი. კარგია, გავიცანი ახლა მაინც.

მომისამძიმრეს, მეტი არაფერი. მამამ მითხრა, თუ გინდა, შენთან ერთად ვიცხოვრებთო, მაგრამ მე მარტოობა მინდა. უარი ვუთხარი. ამ თემაზე ლაპარაკი აღარ მინდა…. აქედან როცა გამოვალ, ბინას გავარემონტებ და ჩემთვის ვიცხოვრებ…“

შალვას ექიმი დაზუსტებით ვერ ამბობს, როდის დასრულდება მკურნალობის კურსი. შალვას მომავალზეც ვეკითხები. მპასუხობს: „ჯერ არ ვიცი სად ვიმუშავებ. ელექტრიკი ვარ. რამეს მოვძებნი. ჯერ საფლავზე ვარ მისასვლელი.“

შალვა საავადმყოფოს დერეფნის ბოლოს, ფანჯარასთან რჩება, თოვას უყურებს.

საფლავები წარწერის გარეშე

„იმ დღეს გადაუღებლად თოვდა. ერთი უცნობი ქალბატონი გამოჩნდა ეზოში ყვავილებით ხელში, – მიამბობს ჯანიკოს მეზობელი, ლიანა ცხვარაძე. მივხვდი, ჯანიკოს დაკრძალვაზე მოვიდა, მაგრამ ცხედარი მოსვენებული არ იყო. ფანჯრიდან შევავლე თვალი. მერე შემოვიპატიჟე, გათბებით მაინც-მეთქი. შემოვიდა. ახლო მეგობარი ყოფილა ჯანიკოს. რომ აღარ მოასვენეს, გადარეკა სადღაც და გაიგო, რომ ჯანიკო უკვე დაუკრძალავთ ჩიბათში.

ძალიან უყვარდა ჯანიკოს ყვავილები. აივანზე სულ გაზაფხული ჰქონდა. მერე, ლოგინს რომ მიეჯაჭვა, ყვავილებიც გაქრა.

იმ საღამოს ეზოში კიდევ ერთი უცნობი კაცი გამოჩნდა, ხელში ბევრი პარკი ეჭირა. აგი ჯანიკოს სახელზე მიირთვით, მისი ქელეხიდან წამოღებული საჭმელი და ღვინოაო. ეზოში საერთო მაგიდასთან შევიკრიბეთ და თითო ჭიქა დავლიეთ მეზობლებმა“.

„დამირეკეს, ამა და ამ დღეს მოვასვენებთ, აღარ გინდა ჩამოსვლა, საფლავს და ქელეხს მიხედეო“, – გვიამბობს ჯანიკო სარჯველაძის დისშვილი, გელა ლომაძე სოფელ ჩიბათში.

საფლავის ადგილი ჩიბათის სასაფლაოს პირველი რიგის ბოლოს, ტყის განაპირას შეურჩევიათ, ქელეხის ადგილად – ლანჩხუთის სარიტუალო დარბაზი. ჩიბათელები ჯანიკოსა და ამირანს პირდაპირ სასაფლაოზე დახვედრიან, დაახლოებით 70 კაცი. „მეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ თოვდაო“, – ამბობს გელა.

ჯანიკოსა და ამირანის საფლავს დაკრძალვის დღეს დაწყობილი ყვავილები ფარავს ისევ. დედა-შვილის საფლავს ჯერ არა აქვს ღობე, არც საფლავის ქვა აღნიშვნით, ვინ არიან აქ დამარხული.

დედა-შვილის საფლავი ჩიბათში, თორნიკე თავაძის ფოტო

მთავრობა: „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით

„დედა-შვილი ჩართული იყო ყველა სოციალურ პროგრამაში“, – მაშინვე განაცხადა ხელისუფლებამ, როგორც კი მედიით გავრცელდა ინფორმაცია ჯანიკოსა და ამირანის გარდაცვალების შესახებ. ოჯახი იღებდა სოციალურ შემწეობას 2006 წლიდან, სარგებლობდა უფასო სასადილოს პროგრამით.

დედა-შვილი არ იყო ჩართული „შინმოვლის პროგრამაში“, რომელსაც ბათუმის მერია ახორციელებს. შინმოვლა სოციალურად დაუცველი, საწოლს მიჯაჭვული ადამიანებისთვის საექიმო და საექთნო მომსახურებას ითვალისწინებს ბინაზე მისვლით. პროგრამის ფარგლებში შერჩეულ ოჯახს კვირაში ერთხელ ექიმი აკითხავს, ორჯერ – ექთანი. სოციალურად დაუცველი და საწოლს მიჯაჭვული ჯანიკო სარჯველაძე ამ პროგრამით არ სარგებლობდა.

ამ პროგრამაში ჩართულობას შესაძლოა გამოერიცხა დედა-შვილის ტრაგედია, რადგან ამ შემთხვევაში ექთანი კვირაში ორჯერ მივიდოდა ოჯახში.

ჯანიკოს შვილისგან, დისგან, ახლობლებისგან თუ მეზობლებისგან განსხვავებით, გოჩა ჯიბლაძე, ბათუმის მერიის სოციალური დახმარების განყოფილების უფროსი ამბობს, რომ ჯანიკო მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღე იყო ლოგინად ჩავარდნილი:

„შინმოვლის პროგრამა გათვლილია ქრონიკული დაავადების მქონე, მძიმე პაციენტებისთვის. ამ ოჯახში, როგორც ასეთი, საწოლს მიჯაჭვული არავინ იყო. ჯანიკოს ვიცნობდი. ის ძალიან აქტიური ქალბატონი იყო და ხშირად მოდიოდა მერიაში. ბოლოს, დაახლოებით 15 დღე იყო ჩაწოლილი, მე როგორც ვიცი. ასე შეიძლება ყველა გავხდეთ ავად, გავცივდეთ, ან რამე დაგვემართოს… ყოველ შემთხვევაში, მომართვიანობა არ იყო ამ ოჯახიდან. რომ მოემართათ, განვიხილავდით და შეიძლება ჩართულიყო კიდეც შინმოვლის პროგრამაში.~

ბათუმის მერიის სოციალური დახმარების განყოფილების უფროსი ვერ ამბობს, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია ჯანიკო სარჯველაძის ოჯახს შინმოვლის პროგრამაზე. ის მიიჩნევს, რომ მოსახლეობა და კონკრეტულად მოწყვლადი ჯგუფები საკმარისად ინფორმირებულნი არიან „შინმოვლის პროგრამის“ შესახებ.

„მეზობლებიც მოდიან რიგ შემთხვევაში და ინფორმაციას გვაწვდიან ვის სჭირდება დახმარება, ადგილობრივი გამგეობებიც ჩართულია ამაში,“ – გვითხრა გოჩა ჯიბლაძემ.

ბათუმის მერიის შინმოვლის პროგრამა 90 ბენეფიციარზეა გათვლილი. რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა ქალაქში 90-ზე მეტ ოჯახს სჭირდება შინმოვლით სარგებლობა? _ გოჩა ჯიბლაძის, მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსის თქმით, რიგში დაახლოებით სამი-ოთხი ოჯახია, „როცა გამოთავისუფლდება ადგილი, ჩავსვამთ პროგრამაში. როგორც წესი, დიდხანს არ ვალოდინებთ ადამიანებს.~

„შინმოვლის პროგრამის“ ზუსტი კრიტერიუმები მერიას გაწერილი არ აქვს. პროგრამის სამიზნე ჯგუფია ადამიანები, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან და აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადება.

„შინმოვლის პროგრამას“ ამ დრომდე აჭარის რეგიონის რომელიმე სხვა მუნიციპალიტეტი არ ახორციელებს. ერთ-ერთი გერმანული ფონდი შინმოვლას აფინანსებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ორთაბათუმის თემში.

სოციალური შემწეობის გარდა, რა სერვისი აქვს სოციალური მომსახურების სააგენტოს ოჯახში მყოფი მძიმე ავადმყოფისთვის? _ „ასეთი ვალდებულება, რომ ოჯახში მიაკითხონ ვინმეს, ჩვენს აგენტებს არ აქვთ და არც სახელმწიფოს არ აქვს. ეს ოჯახი იღებდა ყველა ბენეფიტს, რაც პროგრამებით არის გათვალისწინებული. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით, რაც შეიძლებოდა“, _ ასეთია თემურ ქარცივაძის პასუხი. იგი სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსია.

ამ ტრაგედიამ აჩვენა სოციალური უსამართლობა

„ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“, – ამ ფრაზას ახსენებს ხელისუფლების რეაქცია ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილს. მისი აზრით, პრობლემაა, როცა ხელისუფლებამ სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესების ნაცვლად, თავის მართლების რეჟიმი არჩია:

„ვისმენთ თავის მართლებას, რომ ყველა ღონისძიება თურმე გავატარეთ, მე არ მეხებაო. არადა, ფაქტია, რომ ღიობია აქ, ამას მიხედვა უნდა, თუ არ გვინდა, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს სოციალური უსამართლობის მასშტაბები. პარლამენტში მილიონერ დეპუტატებს ვუსმენთ, საპატრიარქოში – ტრილიონერებს. ისინი არასდროს ისაუბრებენ და გააანალიზებენ მსგავს ადამიანურ ტრაგედიებს.

ამ ტრაგედიამ კარგად აჩვენა სოციალური უსამართლობა, რომელმაც მჭიდროდ მოიკიდა ფეხი ჩვენს სახელმწიფოში. ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება, მას არ აქვს უნარი იაქტიუროს, იდგეს რიგებში. სოციალური დაცვის პროგრამა თვითონ უნდა სთავაზობდეს დახმარებას ასეთ ადამიანებს. არ მოუმართავს, თორემ ჩავრთავდიო  –  ეს არაა პასუხი.

კიდევ უფრო მძიმდება სურათი, როცა ფსიქიკურ დაავადებასთან გვაქვს საქმე. ამ დროს, ფაქტობრივად, დაკარგული ხარ. სახელმწიფო არსებულ სერვისს გაძლიერების ნაცვლად, ასუსტებს. ჩაკეტილი წრე იქმნება, როცა ადამიანს ფსიქიკური დაავადება ტანჯავს, მისი შრომისუნარიანობაც ქვეითდება. ამ დროს სიდუხჭირის პრობლემა მძაფრდება. ეს დედა-შვილი ბოლომდე ჩაიკეტნენ და იზოლირდნენ საზოგადოებისგან. მათ აღარაფრის იმედი ჰქონდათ. როცა ადამიანებზე ზრუნვა ნაკლებია, გარიყულობის შეგრძნება იზრდება. ასე მივედით რეალობამდე, როცა მათი ცხოვრებიდან წასვლაც კი ვერავინ შეამჩნია.“

ფოტო: თორნიკე თავაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: