განათლება,მთავარი,სიახლეები

ორი წლის ხელფასი სკოლიდან წასვლის სანაცვლოდ – შეთავაზება ასაკოვან პედაგოგებს

13.05.2019 • 7567
ორი წლის ხელფასი სკოლიდან წასვლის სანაცვლოდ – შეთავაზება ასაკოვან პედაგოგებს

საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, დღეს, 13 მაისს, საპენსიო ასაკის პედაგოგებს პროფესიაში დარჩენის ან სკოლიდან წასვლის პირობები შესთავაზა. ამ პირობების მიხედვით, პედაგოგი, რომელიც ვერ დაადასტურებს საგნობრივ კომპეტენციას, ის სკოლას დატოვებს.

მეორე პირობის მიხედვით, პენსიონერ პედაგოგს შეუძლია აიღოს სამინისტროსგან შეთავაზებული ფულადი ჯილდო (ორი წლის ხელფასი) და დატოვოს სკოლა.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რა იქნება იმ შემთხვევაში, თუკი პედაგოგი ვერ ადასტურებს საგნობრივ კომპეტენციას, თუმცა არ სურს სკოლის დატოვება? განათლების სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ეკა კვიტაშვილი ამბობს:

„მინიმალური კომპეტენციის დადასტურება ყველა პედაგოგისთვის სავალდებულოა. თუ მასწავლებელი ორჯერ მცდელობის შემთხვევაში ვერ დაადასტურებს საგნობრივ კომპეტენციას, მას შეუძლია აიღოს ჯილდო და  პროფესიული საქმიანობა შეწყვიტოს. თუ გადამზადება უნდა, სახელმწიფო გადაამზადებს მას შემდეგი გამოცდისთვის. ორჯერ შეუძლია სცადოს კომპეტენციის დადასტურება. თუ მეორე ჯერზეც ვერ დაადასტურა,  სახელმწიფო უფლებას უტოვებს მას, აიღოს ჯილდო. გარდა ამისა, პედაგოგს უნარჩუნდება დაზღვევა“.

კითხვაზე, თუკი პედაგოგი ვერ ადასტურებს კომპეტენციას, მაგრამ მაინც სურს სკოლაში მუშაობა, შეუძლია თუ არა სკოლის დირექტორს მისი სამუშაოდან დათხოვნა? ეკა კვიტაშვილი ამბობს, რომ სკოლას დამოუკიდებლად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება.

„სკოლას ვუტოვებთ არჩევანს, თუ სკოლა გადაწყვეტს, რომ ეს პედაგოგი არის სკოლისთვის მნიშვნელოვანი, ხელშეკრულებით შეუძლია გააგრძელოს მასთან ურთიერთობა“.

ამავე თემაზე:

როგორ გაიზრდება მასწავლებლის ხელფასი სტატუსის მიხედვით სექტემბრიდან – მინისტრის განცხადება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: