მთავარი,სიახლეები

უფასო ვიზიტის კვირა ბათუმის მუზეუმებში – იხილეთ ღონისძიებების რუკა

13.05.2019 • 3128
უფასო ვიზიტის კვირა ბათუმის მუზეუმებში – იხილეთ ღონისძიებების რუკა

18 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით ბათუმში ყველა მუზეუმში ვიზიტი უფასო იქნება. 18 მაისს ჩატარდება პროექტი – „ღამე მუზეუმში“. ვიზიტორები თავად გახდებიან აქციის ფარგლებში ჩატარებული კულტურული აქტივობების მონაწილენი.  

დღეს, 13 მაისს, აჭარის მუზეუმი ერთვება პროექტში რეკონცეფცია ბუთქემფში (რომელიც მეწარმეობის ძირითადი პრინციპებისა და  სამეწარმეო უნარების  განვითარებას ითვალისწინებს). ეს აქტივობა 17 მაისამდე გაგრძელდება.

აჭარის მუზეუმის ინფორმაციით, შემდეგი აქტივობა იქნება RE-conception Bootcamp-ი, ეს არის ხუთდღიანი სემინარი, რომლის მიზანია სტუდენტების ჩართულობით შემუშავდეს სახელმწიფო მუზეუმების განვითარების გეგმა. „კერძოდ, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის, ბათუმის რელიგიის მუზეუმისა და გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის რეკონცეფციები.

ბუთქემფის ფარგლებში, მონაწილეები გადანაწილდებიან ჯგუფებში და იმუშავებენ იდეაზე, თუ როგორ შეიძლება მუზეუმი განვითარდეს, გახდეს ფინანსურად დამოუკიდებელი და გადაიქცეს მრავალფუნქციურ შემოქმედებით ცენტრად.

ბუთქემფის მიმდინარეობისას სტუდენტები მიიღებენ გამოცდილებას გუნდურ მუშაობაში, შეიძენენ პროექტის წერის უნარებს, გაიუმჯობესებენ ინგლისური ენის ცოდნის დონეს და გაეცნობიან სამუზეუმო სექტორში არსებულ გამოწვევებსა და სიახლეებს“.

სემინარის ბოლოს გაიმართება შემუშავებული იდეებისა და პროექტების პრეზენტაცია საგანგებოდ შერჩეული ჟიურის წინაშე, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს.

ბუთქემფში გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ Video Pitching-ში, რომელში გამარჯვებული გუნდიც მიიღებს 25 000 ფუნტს და გაემგზავრება ოქსფორდში.

დღეს, 13 მაისს, 16:00 საათზე, ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება საერთაშორისო ფესტივალის – ,,წელიწადის ოთხი დრო” – ფარგლებში ლატვიელ მხატვართა საპრეზენტაციო გამოფენა.

15 მაისს, 15:00 საათზე, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი დაგეგმილია შეხვედრა აჭარაში მოღვაწე ეთნოლოგებთან: ნოდარ კახიძესთან, ნუგზარ მგელაძესთან, თამაზ ფუტკარაძესა და ჯემალ ვარშალომიძესთან. წარმოდგენილი იქნება ფონდში დაცული ხის ნაკეთობანი, ბათუმის ნ. კანდელაკისა სახელობის სამხატვრო სკოლისა და სახელოსნო  „საჭრეთელის“ მოსწავლეთა ნამუშევრები. ასევე გაიმართება რეჟისორ სოსო სტურუას ეთნოგრაფიული დოკუმენტური ფილმების ჩვენება.

16 მაისს, 16:00 საათზე, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გაიხსნება გამოფენა – „ზღვა ყველაფერს აერთიანებს“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შავი ზღვის რეგიონის უძველესი რუკები და მსოფლიო არქივებში დაცული ცნობილი ბულგარელი კოლექციონერების რუკების სამეცნიერო კვლევის შედეგები. „გამოფენა წარმოაჩენს ბულგარეთის მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს კარტოგრაფიის ისტორიაში. აღნიშნული გამოფენა უკვე გაიმართა სოფიაში, ნიუ იორკსა და პარიზში“.

17 მაისს, 14:00 საათზე, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ასევე ის ორგანიზაციები, რომლებიც ჩართულნი არიან კამპანიაში „ძალა ევროპაშია”, აჭარის მუზეუმთან – ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმთან ერთად მართავს გამოფენას „ძველი ბათუმი და ევროპული ინვესტიციები”. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება XIX-XX საუკუნის მიჯნაზე ბათუმში განხორციელებულ ბიზნესაქტივობები, ძველ ბათუმში არსებული სასტუმროებისა და სამეწარმეო კომპანიების საარქივო მასალები.

გამოფენის მეორე ნაწილი მიეძღვნება ევროკავშირის მიერ აჭარაში ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ ინვესტიციებს სოფლის მეურნეობის დარგში.

18 მაისი – ,,ღამე მუზეუმში“.  ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი. ,,ერთი დღე ძველ ბათუმში“ 21:00-დან 01:00 საათამდე.
წარმოდგენილი იქნება მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ქალაქური ყოფა.

ამავე დღეს ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი შეგიძლიათ ნახოთ „არტეფაქტების მინაბაძების დამზადება კერამიკულ სახელოსნოში“. „ხალხური მეტალურგიის ტრადიციები აჭარაში“ – წარმოდგენილი იქნება  22:00 საათზე.

ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილი იქნება XX ს. ქართული მხატვრობა. დასაწყისი: 20:00 საათზე. მოეწყობა მსოფლიო შედევრების რეპროდუქციული ბანერების გამოფენა თემაზე ,,ცეკვა მხატვრობაში“ და ,,ბავშვთა სახეები ხელოვნებაში“.  დასაწყისი: 20:00 საათზე;
გამოჩენილი ებრაელი სკულპტორის, ფრანკ მაისლერის მცირე პლასტიკის ნიმუშების გამოფენა. დასაწყისი: 20:00 საათზე.

20 მაისს  ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში წარმოდგენილი იქნება „ჩინური სახლი“. სტუმრები გაეცნობიან ჩაის კულტურის მოკლე ისტორიას, ჩაის სმასთან დაკავშირებულ რიტუალს. გამოიფინება ამ რიტუალთან დაკავშირებული ექსპონატები.

21 მაისს კი ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ბათუმელ მხატვართა ჯგუფური გამოფენა. დასაწყისი: 16:00 საათზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: