მთავარი,სიახლეები

„ალიანს სიტი“ „ლუჟკოვის სახლის“ დანგრევას იწყებს – ნებართვა მერიამ გასცა

13.05.2019 • 3799
„ალიანს სიტი“ „ლუჟკოვის სახლის“ დანგრევას იწყებს – ნებართვა მერიამ გასცა

კომპანია „ალიანს სიტი“ ბათუმის ცენტრში, ზღვის პირას, ე.წ. „ლუჟკოვის სახლის“ დემონტაჟს იწყებს. ამ დროისთვის კომპანიას  მერიასთან ახალი პროექტი შეთანხმებული არ აქვს, აქვს მხოლოდ დამტკიცებული გენგეგმა, რომელიც სამომავლოდ გარკვეული პარამეტრების მშენებლობას უშვებს. ამ პარამეტრების მიხედვით, კომპანია „ლუჟკოვის სახლის“ ნაცვლად 50-სართულიან ცათამბჯენს ააშენებს. ერთ-ერთი ვერსიით, ლუჟკოვის სახლის ადგილზე შეიძლება ააშენონ არა ერთი, არამედ სამი ცათამბჯენი, რომლებსაც ერთი სივრცე გააერთიანებს.

ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის, მირიან მეტრეველის ინფორმაციით, მერიისთვის მთავარია, ლუჟკოვის სახლის ადგილზე მომზადდეს პროექტი, რომელიც მთელ სივრცეს არ ჩაკეტავს. კომპანიას მსგავსი ვერსიის რენდერიც ჰქონდა მერიაში წარდგენილი, თუმცა პროექტის საჯარო განხილვისას კომპანიის დირექტორმა აკაკი სონგულიამ განმარტა, რომ წარდგენილი რენდერის მიხედვით ახალ შენობას არ ააშენებდნენ და ამ ადგილზე ახალი შენობის პროექტის შექმნის მიზნით კომპანია კონკურსს გამოაცხადებდა.

„ალიანს სიტის“ პროექტი „ლუჟკოვის სახლის“ ადგილზე / რენდერი / წყარო: გრგ

უკვე დამტკიცებული გენგეგმის მიხედვით, კომპანია ითხოვდა მიწის ნაკვეთზე ზონის სტატუსის შეცვლას და კ2 კოეფიციენტის 15,0-მდე გაზრდას. მას მერიამ ამ ორივე მოთხოვნაზე თანხმობა უკვე მისცა. მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართობი 18 000 კვადრატული მეტრია.

კომპანია „ალიანს სიტის“ ასივე პროცენტს „ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებლის, გიორგი ბიწაძის მეუღლე მედეა ბოჭორიშვილი ფლობს.

კომპანია ალიანს სიტი „ლუჟკოვის სახლის“ დანგრევას და ახალი მშენებლობის წამოწყებას გეგმავს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: