სარაგბო კლუბი ბათუმი საქართველოს ჩემპიონია


სარაგბო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა. დიდი ათის ფინალში ბათუმის “ბათუმმა” რუსთავის “ხარები”  ანგარიშით 36:11 დაამარცხა და დიდი 10-ის გამარჯვებული გახდა.

პირველი ლელო სიჭინავამ 27-ე წუთზე დადო. ამ დროისთვის ანგარიში უკვე 19:6 იყო. მეორე ლელო ზურა ერისთავმა მეორე ტაიმის დაწყებისთანავე დადო და საკუთარ გუნდს 5 ქულა მოუტანა. ანგარიში 24:6 გახდა.

მესამოცე წუთზე რუსთავის ხარებმა პირველი ლელოს დადება შეძლეს. ლექსო მელიქიშვილის ლელოს შემდეგ ანგარიში 24:11 გახდა.

თამაშის 63-ე წუთზე ნიკა ნინიძის ლელოთი ბათუმელების უპირატესობა გაიზარდა  და ანგარიში 31:11 გახდა.

თამაშის მიწურულს ანზორ სიჭინავამ დუბლი შეასრულა და თავისი მეორე ლელო დადო. ანგარიში 36:11 გახდა. საბოლოოდ ტაბლოზე სწორედ ეს ანგარიში დაფიქსირდა. თავის ისტორიაში  „ბათუმი“ მესამედ გახდა საქართველოს ჩემპიონი.  პირველად საქართველოს ჩემპიონის ტიტული გუნდმა 1999 წელს მოიპოვა, მეორედ კი – 2002 წელს.

რაც შეეხება „ხარებს“, გუნდს საქართველოს ჩემპიონის ტიტული ერთხელ, 1993 წელს ჰქონდა.

„კარგი გუნდია ბათუმი და იმიტომ დავმარცხდით. ყველაფერში გვაჯობეს და იმსახურებდნენ ჩემპიონობას. 25 წლის წინ ვიყავით ბოლოს ფინალში. მინდა, რომ ჩემს გუნდსაც მივულოცო მეორე ადგილი და მადლობა გადავუხადო მაყურებელს, რომელიც რუსთავიდან ჩამოვიდა,“ – განაცხადა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე „ხარების“ კაპიტანმა გიორგი ბასილაიამ.

„მადლობას ვუხდი რუსთავის გუნდს, ღირსეული მეტოქე იყო და ძალიან გაგვიჭირდა მოგება. რაც შეეხება ჩემს გუნდს, ორი წელია ეს გუნდი შენდება. შარშან ვერ მოვახერხეთ, ორ ფრონტზე ვიბრძოდით. წელს რამდენიმე ისეთი ბიჭიც დაგვემატა, უფრო გრძელი სკამი გვქონდა, ასე რომ ვთქვათ, და დიდმა მუშაობამ და შრომამ შედეგი გამოიღო. ჩვენი მიზანი იყო ჩემპიონობა და ასე მოვედით დღემდე“, – თქვა მატჩის შემდეგ ინტერვიუში „ბათუმის“ კაპიტანმა ბექა ურჯუკაშვილმა.

ფოტო: თედო ჯორბენაძე

ფოტო: გიორგი ვარშანიძე

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი