საფრანგეთში მიმავალ მგზავრებს ქართულ აეროპორტებში ფრანგი მესაზღვრეებიც შეამოწმებენ


საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, კრისტოფ კასტანერის საქართველოში ვიზიტის დროს საქართველოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ქართულ აეროპორტებში და ქართველებთან ერთად, უკვე საფრანგეთის საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებიც იდგებიან და ისინიც შეამოწმებენ საფრანგეთისკენ მიმავალ მგზავრთა ნაკადს.

საქართველოს შს მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, „უვიზო მიმოსვლა საქართველოს ბოლო ათწლეულების ყველაზე დიდი მიღწევაა. შესაბამისად, მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს კოლეგებს, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით, რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის ამ მიღწევის შენარჩუნება და, რა თქმა უნდა, არც ერთ შემთხვევაში ეს მიღწევა არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, თუმცა მოითხოვს ჩვენი მხრიდან გარკვეული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.

საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები როგორც საფრანგეთიდან იქნებიან საქართველოში წარმოდგენილები, ასევე ქართული საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები იქნებიან წარდგენილი პარიზში, საფრანგეთში, მათ შორის ლიონში და სხვა ქალაქებში, სადაც იქნება პირდაპირი ფრენები, იმისთვის, რომ ჩვენ წინასწარ მოვახერხოთ იმ რისკების შეფასება, რომელიც შეიძლება არსებობდეს შემდგომ თავშესაფრის მოთხოვნის კონტექსტში. ძირითადად ეს არის პრევენციაზე მუშაობა“.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს ითქვა იმაზეც, რომ საქართველო თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობის მიხედვით საფრანგეთში უკვე პირველ ადგილზეა, რაც ანომალიაა. ქვეყნის შს მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, „ჩვენ სრული პასუხისმგებლობით აღვიქვამთ ჩვენი ევროპელი კოლეგების კითხვებს ამ მიმართებაში, ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი მუშაობით ამ მონაცემებს შევამცირებთ.

გიორგი გახარიამ ამის შესახებ გუშინ, 10 მაისს, ისაუბრა.

ამავე თემაზე:

ეს ჩვენი თავის ტკივილია – საფრანგეთის მინისტრი საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლებზე

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com