მთავარი,სიახლეები

სიკვდილი გზაში – როგორ ისჯებიან მძღოლები ავარიების შემდეგ

11.05.2019 • 2860
სიკვდილი გზაში – როგორ ისჯებიან მძღოლები ავარიების შემდეგ

ჯარიმა და პირობითი მსჯავრი – ეს შედეგი დგება ყველაზე ხშირად, როცა მძღოლები ადამიანებს ქუჩაში სხვადასხვა ტრანსპორტით ეჯახებიან. ჯარიმას ხშირად იყენებენ მაშინაც, როცა ავარიის შედეგად ადამიანი კვდება.

ავტოსაგზაო შემთხვევების შემდეგ გამოძიება ძირითადად სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად იწყება, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

„ბათუმელებმა“ ბათუმის საქალაქო სასამართლოდან გამოითხოვა ამ მუხლით განხილული ყველა საქმე. სასამართლოდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2017 და 2018 წლებში ბათუმის საქალაქო სასამართლოს სულ 163 საქმე განუხილავს ავტოსაგზაო შემთხვევებზე სისხლის სამართლის წესით. არცერთ შემთხვევაში გამამართლებელი განაჩენი არ დამდგარა.

„ბათუმელები“ იმ 163 განაჩენს გაეცნო, რომლებიც ბათუმის საქალაქო სასამართლოდან მიიღო. ამ ინფორმაციის მიხედვით, ჯარიმა, როგორც სასჯელის ფორმა, 124 შემთხვევაში გამოიყენა სასამართლომ, საპროცესო შეთანხმება პროკურატურასთან 69 შემთხვევაში შედგა, რაც იმას გულისხმობს, რომ შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა კონკრეტულ მსჯავრდებულებს პირობით გამოსაცდელი ვადით ჩაეთვალათ და ისინი არცერთი დღე პატიმრობაში არ ყოფილან. სასამართლო ასევე ხშირად იყენებს სასჯელის ფორმად მართვის მოწმობის უფლების კონკრეტული ვადით შეჩერებას.

განაჩენებში რთული არაა იპოვო საქმეები, როცა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მანქანა ქვეითს დაეჯახა, ადამიანი მოკვდა და მძღოლთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა პროკურატურამ. მსგავს შემთხვევებში, ძირითადად, 3 ან 4 წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯიან ბრალდებულებს, რომლებიც ბრალს აღიარებენ. მათ ამ სასჯელის მოხდა პირობით გამოსაცდელი ვადით ეთვლებათ, ანუ ისინი რეალურ პატიმრობაში არ არიან და არც ყოფილან იმ გამონაკლისების გარდა, როცა ბრალდებულები შემთხვევის შემდეგ დააკავეს და გირაოს შეფარდებამდე რამდენიმე დღით წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

ამ ტიპის საქმეებშიც საპროცესო შეთანხმება ძირითადად ითვალისწინებს ჯარიმებს, რაც 3 ათასიდან 5 ათას ლარამდე მერყეობს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოდან მიღებული საქმეებიდან ჩანს, რომ საპროცესო შეთანხმება პროკურატურასთან რომც არ გაფორმდეს, ხშირად თავად სასამართლოც საკუთარი ინიციატივით, ძირითადად, ჯარიმით სჯის ადამიანს, რომელიც ავარიას ახდენს და ეს შემთხვევა სიცოცხლის მოსპობით სრულდება.

საქმეების მიხედვით, მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში მოხვდა ადამიანი ციხეში ავარიის გამო, რომელმაც ადამიანის  სიკვდილი გამოიწვია.

ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაში სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბრალდებულს. 5 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს კიდევ ერთ პირს, რომელმაც ავარიის შემდეგ მომაკვდავი ქუჩაში მიატოვა. რეალურად დაისაჯა, ანუ პატიმრობაშია ლ.ფ.-ც, რომელიც ჭავჭავაძის ქუჩაზე დაეჯახა ახალგაზრდა გოგოს და იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ავარიის შედეგად ადამიანი გარდაიცვალა და საპროცესო შეთანხმება არ გაფორმებულა კიდევ ერთ შემთხვევაზე – მსუბუქი ავტომანქანა კლინიკა „მედინასთან“ დაეჯახა ქვეითად მოსიარულეს. ავტომანქანის მძღოლის თურქეთის მოქალაქე იყო. მას სასამართლომ 5 წლით და 9 თვით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა, თუმცა ავარიის დღესვე ბრალდებულმა საქართველოს საზღვრები დატოვა და მიიმალა.

სასამართლოდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსაც, რომლებმაც ავარიები გამოიწვიეს. მაგალითად, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პოლიციელს მხოლოდ 2 ათასი ლარი ჯარიმის გადახდა დააკისრა სასამართლომ. მეორე შემთხვევაში დაცვის პოლიციის თანამშრომელი დაჯახებია ქვეითად მოსიარულეს, რომელიც ავარიის შედეგად გარდაიცვალა. ამ სამართალდამცველსაც საპროცესო შეთანხმება გაუფორმა პროკურატურამ და მხოლოდ 2 წლით დაეკისრა თავისუფლების აღკვეთა, რაც მას ჩაეთვალა პირობით გამოსაცდელი ვადით.

სასამართლოდან მიღებული საქმეების მიხედვით, კიდევ ერთი ავარია უმცროსმა სერჟანტმა მოახდინა, თუმცა ამ შემთხვევაში დაზარალებული მხოლოდ დაშავდა. ამ სამართალდამცველს თავისუფლების აღკვეთა ორი წლით მიუსაჯეს, რაც ასევე პირობით ჩაეთვალა.

სიკვდილი გზაში

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: