პროგრამების ფორმალური პრეზენტაცია აჭარის განათლების სამინისტროში



აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დღეს, 10 მაისს, 2020-2023  წლების პროგრამების პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე ძირითადად იმ პროექტებზე იყო საუბარი, რაზეც სამინისტროში წლის დასაწყისში საუბრობდნენ.

თებერვალში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის განათლების მინისტრს არაეფექტურობის გამო უსაყვედურა და ახალგაზრდებისთვის მეტი მოტივაციის შესაქმნელად ექვსი კვირა მისცა. ახალგაზრდული პროგრამების მიმართულებით მინისტრს სწორედ ამ ვადაში უნდა წარმოედგინა სიახლეები. ექვსი კვირა გავიდა. განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, რომ „სიახლეების პაკეტი“ მზად აქვთ, თუმცა ამაზე ჯერ არ საუბრობენ.

მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე, რომელიც სპეციალურად ამ დავალების შესასრულებლად დაუნიშნეს ინგა შამილიშვილს, პრეზენტაციის შემდეგ „ბათუმელებთან“  მხოლოდ იმას აკონკრეტებს, რომ უმაღლეს საბჭოს ახალი პროექტის – „ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის“ ფუნქციონირებისთვის ერთი მილიონ 800 ათასი ლარი უნდა მოსთხოვონ.

ალექსანდრე დავითაძე არც იმაზე საუბრობს, ვინ იმუშავებს ახალ სამსახურში, დაამატებენ თუ არა ახალი შტატებს და რა პრინციპით შეარჩევენ თანამშრომლებს.

„ეს პროექტი ჯერ უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს და შემდეგ გვეცოდინება. აქ დასაქმებული პირების ნაწილი, რა თქმა უნდა, სამინისტროდან იქნება წარმოდგენილი, რადგან  სტრუქტურა ორ ნაწილად იყოფა, უფრო კონკრეტულ ინფორმაციას პრეზენტაციის შემდეგ მოგაწვდით“, – ამბობს ალექსანდრე დავითაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რამდენი ლარით ითხოვენ ბიუჯეტის ზრდას, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ „რაც არის, იმის ექვსჯერ გაზრდას მოითხოვენ, ანუ „დაახლოებით მილიონ 800 ათას ლარამდე“. უმაღლეს საბჭოს ბიუჯეტის ახალი პროექტი სამინისტრომ მაისის ბოლოს უნდა წარუდგინოს.

ალექსანდრე დავითაძის თქმით, სამინისტროს ახალ სამსახურს ოთხი სტრატეგიული მიმართულება ექნება. პირველი იქნება არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, ახალგაზრდული ეკონომიკის მხარდაჭერა,  ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, გართობა შემეცნება და შემოქმედებითი საქმიანობის მხარდაჭერა.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ მოხდება ამ პროგრამებით სამინისტროში უკვე არსებული ამავე მიმართულების პროგრამები, ალექსანდრე დავითაძე ამბობს, რომ არა.

რაც შეეხება თავად პრეზენტაციას, განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ რადგან ქვეყანამ განათლება პრიორიტეტად გამოაცხადა, ამ სფეროს დაფინანსება აჭარაშიც უნდა გაიზარდოს. „ჩვენ ვითხოვთ 20 მილიონ ლარს სამომავლოდ“, – განაცხადა ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძემ.

პრეზენტაციას განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამსახურებისა და სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თუმცა, პრეზენტაციის შემდეგ დარბაზიდან კითხვები არ დასმულა. ერთადერთი კითხვა, მხოლოდ შშმ პირთა პროგრამებში ჩართულობაზე დაისვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com