მთავარი,სიახლეები

ანზორ ბოლქვაძე: მე ქალისთვის არ მომითხოვია სასტუმროს დატოვება, ბიჭს მოვთხოვე

10.05.2019 • 2303
ანზორ ბოლქვაძე: მე ქალისთვის არ მომითხოვია სასტუმროს დატოვება, ბიჭს მოვთხოვე

„მე იმ ქალისთვის [ხათუნა ბერიძე] არ მომითხოვია სასტუმროს დატოვება, ბიჭს მოვთხოვე,“ – ამბობს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე. საუბარია „ნაცმოძრაობის“ აქტივისტის მიერ 7 მაისს გავრცელებულ ვიდეოზე. კადრში ჩანს დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, რომელიც დაჟინებით სთხოვს სტუმარს დატოვოს სასტუმრო „ხულო“. დეპუტატი კადრში ამბობს, რომ ეს სასტუმრო ხულოში მისი საკუთრებაა და მას აქვს ამის (სტუმრის გაძევების) უფლება.

ანზორ ბოლქვაძის თქმით, მან სასტუმროს დატოვება იმ ბიჭს მოსთხოვა, ვისი ვინაობაც არ იცის, მაგრამ მას ამ ინციდენტამდე სასტუმროს საკონფერენციო ოთახის ფანჯარაზე „ფეხები ჰქონდა შემოწყობილი“. დეპუტატი ირწმუნება, რომ მის საწინააღმდეგოდ და პირადი შეურაცხყოფისთვის მორიგ კლიპს მისსავე სასტუმროში იღებდნენ.

„სასტუმრო მე არავისზე დამიტოვინებია. მე მოვთხოვე იმას დატოვება, ვინც არ ცხოვრობდა სასტუმროში. ვუთხარი, გადი, მოშორდი აქაურობას-მეთქი. ის ბიჭი არ იყო არსად გაფორმებული,“ – გვიყვება ანზორ ბოლქვაძე.

დეპუტატმა გვისაყვედურა ჟურნალისტებს, თუ რატომ არ დავინტერესდით რეალური დაპირისპირებით, რომელიც დაახლოებით სამი თვის წინ „ნაცმოძრაობის“ წევრებსა და ანზორ ბოლქვაძეს შორის დაწყებულა.

„…რა ვერ გაიგეთ, იყო ეს გვერდები ფეისბუქში გამოქვეყნებული, სამი თვეა ამას აფრიალებდნენ… როცა მე დედას, ცოლს მაგინებდნენ, რატომ ერთმა ჟურნალისტმა არ დასვით შეკითხვა. ახლა წაშალეს ეს მასალები, ხალვაშს ჰქონდა გამოქვეყნებული, ადრე  საპატრულოში რომ მუშაობდა. ამბობდნენ, რომ თითქოს მე ხულოელებისთვის საძულველი პიროვნება ვიყავი“, – ამბობს ანზორ ბოლქვაძე.

სასტუმრო „ხულო“, სადაც 7 მაისს ინციდენტი მოხდა, ოფიციალურად ანზორ ბოლქვაძის ცოლის ბიზნესია. ინციდენტამდე ანზორ ბოლქვაძეს სასტუმროს მისაღებში „ნაცმოძრაობის“ წევრი გია ხალვაში დაუნახავს. დეპუტატს უთხრეს, რომ მისი პოლიტიკური ოპონენტები კლიპს იღებდნენ.

„იღებენ, გადაიღონ-მეთქი, სასტუმროს ნომრიდანაც „ოცნების“ შტაბს იღებდა ის გოგო მთელი დღე, მე მაგის გვარიც არ ვიცი… ვისაც სურვილი აქვს შტაბი გადაიღოს, ჩვენ ვუშვებთ სასტუმროში, პრობლემა არ არის, მაგრამ ასე დამალულად რომ აკეთებენ, ეს არის… სასტუმროში მოსვლამდე ესენი სოფელ ვაშლოვანში ყოფილან, აბულაძის ოჯახში. მერე დავადგინე მე ეს,“ – აღნიშნავს დეპუტატი.

კანონმდებელმა ვერ გვითხრა, რატომ ჰქონდა მას უფლება შესულიყო სხვა მოქალაქესთან სასტუმროს ნომერში და მოეთხოვა მისთვის ნომრის დატოვება.

„ის ბიჭი ადრეც იყო მოსული ღამე, შემიშვით, დავისვენებო და მორიგემ არ შეუშვა… გეუბნებით, არაფერი მის სახელზე გაფორმებული იმ სასტუმროში არ ყოფილა. როცა საკონფერენციო ოთახში დავინახე ეს ბიჭი, ფანჯარაზე შემოწყობილი ჰქონდა ფეხები, ახლა კულტურაა, მე აქ საკლასო ოთახს ვერ გავხსნიდი… რომ მოვიკითხე, რომელ ნომერში ცხოვრობს-მეთქი, მითხრეს, რომ არ იყო საერთოდ იქაური მცხოვრები და მოვთხოვე, დატოვე სასტუმრო-მეთქი. მე მას მივმართავ ვიდეოში, კარგად უყურეთ… ეს გოგო მეპასუხება, მაგრამ მე არ ვეპასუხები, არც იმ ბიჭმა მიპასუხა რამე,“ – განაგრძო დეპუტატმა.

ასეც რომ ყოფილიყო, რატომ არ ჰქონდა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტს, ან ნებისმიერ სხვა კლიენტს, ნომერში სტუმრის შეყვანის უფლება? – პარლამენტის წევრი შეკითხვამ გააღიზიანა და კითხვითვე გვიპასუხა: „ქმარი იყო ესა, თუ რას წარმოადგენდა?“

ანზორ ბოლქვაძე უარყოფს ინციდენტის ღამეს მასთან ერთად ბათუმის მერიის თანამშრომლის – თემურ ხასია ყოფნას. არადა, ბათუმის მერიის თანამშრომელი 7 მაისს გავრცელებულ კადრში ჩანს. თემურ ხასიმ ინციდენტის მეორე დღეს „ბათუმელებს“ უთხრა, რომ სასტუმროში წყალი არ იყო და ნომრის დატოვება ხათუნა ბერიძეს უსაფრთხოების დაცვის მიზეზით მოსთხოვეს.

„მე არავინ მახლდა. შეიძლება იყო და არ მახსოვს. ამ დროს გია ხალვაში ქვევით იყო, მას ახლდა ბევრი ვინმე, ამას რატომ არ მეკითხებით?… წყალი იყო თუ არა, არ ვიცი, სამეურნეო მუშაკი არ ვარ მე,“ – გვითხრა დეპუტატმა.

ამ ფაქტზე გამოძიებაც დაიწყო, თუმცა ამ დრომდე სამართალდამცველებს დეპუტატის ჩვენება არ მოუსმენია. „არ დავკითხულვარ. დამიძახებენ და მივალ, არც მაგის მეშინია,“ – ამბობს ანზორ ბოლქვაძე.

ანზორ ბოლქვაძეს ასევე ვკითხეთ,  რატომ არ ჩანდა წინა წლების ქონებრივ დეკლარაციებში ეს სასტუმრო, რომელსაც „ფონი+“ ფლობს. დეკლარაციის მიხედვით, ამ სასტუმროს შემოსავალი საერთოდ არ ჩანს.

„არაა შემოსავალი და როგორ დაფიქსირდება?… ჩემი მეუღლეა მეწილე და ბანკს იხდის, ხელფასები და ასე შემდეგ, ელექტრო ენერგიის ხარჯები. ბანკის კრედიტით არის აშენებული და მის ვალს ვერ იხდის. თუ რევიზირებას მიპირებ, მოგცემთ ტელეფონის ნომერს და გადაამოწმეთ. მიმართეთ „ფონი+“-ის დირექტორს და ის გაგცემთ წერილობით პასუხს. კანონიერი რაც არის, ყველაფერი ჩანს, რამე არ მაქვს მე დამალული,“ – გვიპასუხა ანზორ ბოლქვაძემ.

პარლამენტის წევრმა ასევე უარყო თავისი გავლენა, როცა „კარიტას საქართველომ“ ევროკავშირის პროექტის განსახორციელებლად ანზორ ბოლქვაძის სასტუმროში იქირავა ოფისი. დეპუტატი ირწმუნება, რომ „კაპიკებად მისცა“ ოფისი ამ ორგანიზაციას.

ანზორ ბოლქვაძე: „1500 ევრო არა, 1000 დოლარზე აქვთ გაფორმებული ხელშეკრულება და თვეში იმდენ ელექტრო ენერგიას ხარჯავენ, ეს შეგიძლიათ ცალკე გადაამოწმოთ… მაგი ჩვენს რაიონს რომ მორგებოდა და რამე გაკეთებულიყო, მიქირავდა კაპიკებში… ჩემი გავლენა არაფერ შუაში“.

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: