მთავარი,სიახლეები

როცა დაღლილობისგან ითიშები, მაგრამ მაინც მუშაობ – კონსულტანტები მძიმე შრომაზე

10.05.2019 • 4267
როცა დაღლილობისგან ითიშები, მაგრამ მაინც მუშაობ – კონსულტანტები მძიმე შრომაზე

სტატიაზე მუშაობდნენ: ნესტან ზოიძე და მარიამ დუმბაძე

მათ არაერთ სუპერმარკეტში უმუშავიათ და ყველგან ერთი და იგივე ვითარება დახვდათ: სამუშაო საათები – 12/14, სამუშაო დღეების რაოდენობა კვირაში – 6, ანაზღაურება – მინიმუმ 300 ლარი, მაქსიმუმ – 500 ლარი. წაიკითხეთ 20-25 წლის გოგონების ისტორიები, რომლებიც ბათუმის სუპერმარკეტებში კონსულტანტებად მუშაობენ.

სტუდენტი, რომელიც სწავლის პარალელურად მუშაობს მარკეტში

მარიამ გორჯელაძე, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხეკურსელი:

„ვარ მრავალშვილიანი ოჯახიდან, მყავს ტყუპი და და ერთი ძმა. უნივერსიტეტში დაფინანსების მოსაპოვებლად მჭირდებოდა მაღალი აკადემიური დასწრება და მაღალი ქულები. რა თქმა უნდა, კონკურენცია დიდი იყო. სანამ დაფინანსებას მივიღებდი, გადავწყვიტე ჩემი სწავლის საფასური თვითონვე დამეფარა და დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ სუპერმარკეტში.

კონსულტანტი ვიყავი, ყოველი მესამე ღამე ცვლა მიწევდა. სამუშაოს ვიწყებდი საღამოს ცხრა საათზე და დილის ცხრამდე ანუ 12 საათი ვმუშაობდი. ცვლის დასრულების შემდეგ ველოდებოდი 11 საათის მოსვლას – ამ დროს იწყებოდა სალექციო საათები. ლექციები ხუთ საათამდე გრძელდებოდა. ფაქტობრივად, არ მეძინა. შაბათს ან კვირას ვისვენებდი და ვცდილობდი, დასვენების დღეებში მთელი კვირის ლექციები მომემზადებინა. ვერც საჭირო განათლებას ვიღებდი, მაგრამ  დროც არაფრისთვის არ მქონდა – თითქოს სრულად მოვწყდი გარესამყაროს და მეგობრებს.

მარიამ გორჯელაძე

ძალიან გამიჭირდა ასე მუშაობა, უძილობისგან ფსიქოლოგიურად უფრო ვიღლებოდი, ვიდრე ფიზიკურად. ღამის ცვლაში მებარა პურ-ფუნთუშების სექცია, ცომეულის დახლების დასუფთავება, მომხმარებლის თითები არ უნდა დასტყობოდა დახლების შუშებს, ასევე მევალებოდა ცარიელი ადგილების შევსება…

ღამის ცვლაში განსაკუთრებით რთულია გათენების პერიოდი, როდესაც მარკეტში მომხმარებელი  იკლებს,  შესაბამისად საქმეც იკლებს. შვიდიდან ცხრა საათამდე კი ითიშები – დაღლილობით, უძილობით. მაგრამ ამ დროს დილის ცვლისთვის ამზადებ ყველაფერს – დახლებს, იღებ დისტრიბუციას… თავიდან ხილ-ბოსტნეულის სექციაში ვიყავი. პომიდვრის ან ვაშლის შეკვეთას ვამზადებდი – 30-100 კილოგრამი უნდა ჩამებარებინა დილით გამოუძინებელს, ამავე დროს ვამოწმებდი როგორც რაოდენობას, ისე ცალ-ცალკე, დამპალი ან შელახული რომ არ ყოფილიყო. მერე უკვე ვალაგებდი დახლზე.

იყო გაუთვალისწინებელი შემთხვევაც, მაგალითად, 25 კილოგრამი ბანანი დამაკლდა. მე მგონია, რომ არაფერ შუაში ვიყავი, მაგრამ ჩემზე გადატყდა ჯოხი. მე უნდა მეყიდა ეს დანაკლისი და გადამეხადა. თანამშრომლების გვერდში დგომით ფული შევაგროვეთ, 25 კილოგრამი ბანანი ვიყიდეთ და დარბაზში დანაკლისი შევავსეთ.

ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ისე ვიღლებოდი, სამსახურიდან წამოვედი.ზამთარში თან ძალიან გამიჭირდა ქობულეთიდან ბათუმში ჩასვლა. ბევრჯერ დაღლილობისგან „მარშრუტკაშიც“ ჩამძინებია და სახლიდან შორს ჩამოვსულვარ“.

„ნახევრად სველი ფეხსაცმლით გამოცდაზე“

 

სალომე დუმბაძე, იზნესისა და ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტი:

მე იმ სტუდენტების რიცხვს მივეკუთვნები, რომლებიც გადატენილი ავტობუსით მოძრაობენ, რომლებიც ჩაწითლებული თვალებით დადიან, რომლებიც ნახევრად სველი ფეხსაცმელებით მიდიან გამოცდაზე, რომლებიც „მივინა სუპებით“ იკვებებიან, რომლებსაც არეული აქვთ გრაფიკი, დღე და ღამეც ერევათ ერთმანეთში.

3 წლის განმავლობაში 5 სამსახურის გამოცვლა იმიტომ მომიწია, რომ არ არის დღეს ხელსაყრელი პირობები, სტუდენტმა ნორმალურად იცხოვრო და იმუშაო. სამწუხაროდ, არ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც სტუდენტებს სასტიკ რეჟიმში არ ამუშავებენ.

დღის განმავლობაში მინიმუმ 12 საათს ვმუშაობდი, შემდეგ უნივერსიტეტში მივდიოდი, ძილის კი არა, ჭამის დროც არ მქონდა.

რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს? იმიტომ, რომ დამოუკიდებელი ცხოვრება ვისწავლო. ნამდვილად არ მეგონა, ასეთი რთული თუ იყო ეს გზა. 12-საათიანი სამუშაო გრაფიკი საშინელებაა, მით უმეტეს, სტუდენტისთვის, რომელსაც სემინარი აქვს მოსამზადებელი და კვირაობით ვერ იძინებს. ეს ყველაფერი ყველას ფსიქიკაზე ცუდად აისახება!

სალომე დუმბაძე

წელს ბოლო კურსზე ვარ და ძალიან მიხარია უნივერსიტეტის დასრულება. არა იმიტომ, რომ დიპლომი მექნება. მეეჭვება ჩემი პროფესიით სამსახური ვიშოვო. უბრალოდ, მეტი თავისუფალი დრო მექნება, აღარ ვიდარდებ სწავლის საფასურზე და მშვიდ ცხოვრებას დავუბრუნდები.

კარგი იქნება, თუ მეტ ყურადღებას დაუთმობს განათლების სამინისტრო სტუდენტურ დასაქმებას. კარგი იქნება, თუ შეღავათიანი განრიგით იმუშავებენ სტუდენტები და არ იქნება ასეთი რთული სამუშაო პირობები. ძალიან მინდა, მომავალმა თაობამ უკეთეს პირობებში აიღოს დიპლომი“.

 

„მარკეტის უნიფორმა, რომელიც 150 ლარი ღირს, შენ უნდა გეყიდა“

მირანდა დუმბაძე

„მარკეტში ვმუშაობდი მოლარედ. სამსახურში მქონდა ძალიან რთული, გაუსაძლისი პირობები. ვმუშაობდი როგორც დილის, ისე ღამის ცვლაში. ერთი დღე  მქონდა დასვენება. რეალურად სამსახური უნდა დამემთავრებინა 9 საათზე, თუმცა მარკეტიდან ვერ გამოვდიოდი 11/12 საათამდე – ან ბუღალტერი იგვიანებდა, ან ჩემი შემცვლელი, რომელმაც რთული სამუშაო დღის შემდეგ ვერ გაიღვიძა. ასეთი იყო ყოველი სამუშაო დღის დასაწყისი და დასასრულიც.

დამატებით საათებში მუშაობა არასოდეს აუნაზღაურებიათ. ხელფასი 500-ლარამდე იყო, ოღონდ მას შემდეგ, თუ რამდენიმე თვეს გაძლებდი. პირველ თვეს მხოლოდ  350 ლარი გერიცხებოდა, მეორე თვეში – 400 ლარი, შემდეგ – 450 ლარი, მაგრამ შეიძლებოდა მესამე თვემდე ვერც კი მიგეღწია – უბრალოდ, ძალიან რთული იყო მუშაობა.

ამასთან, მარკეტის უნიფორმა, რომელიც 150 ლარი ღირს, შენ უნდა გეყიდა. ეს თანხა ხელფასიდან გეჭრებოდა ეტაპობრივად. ფორმის არჩაცმის შემთხვევაში, ჯარიმა 50 ლარი იყო, გაჯარიმებდნენ დაგვიანებისთვის, სალაროსთან თუ ჩაგეძინებოდა, მაშინაც, ჯარიმდებოდი სალაროს დატოვებისთვისაც. სალაროებს ჩვენ ვალაგებდით, მოხვეტა-მოწმენდა და ა.შ. სალაროში დათვლილი მეტობა რჩებოდა მარკეტს, ნაკლებობა კი ჩვენ უნდა შეგვევსო. ავადაც რომ გამხდარიყავი, ვალდებული იყავი, სიცხიანი მჯდარიყავი სალაროსთან, სამუშაო საათებს მხოლოდ სიკვდილის შემთხვევაში თუ გააცდენდი.

ბევრჯერ დამატებითაც გამოვუძახებივართ და არც ეს აუნაზღაურებიათ.

ამ სამსახურში მხოლოდ ორი თვე გავჩერდი, ფიზიკურად ვეღარ შევძელი გაძლება. ხელფასი ამ დროის განმავლობაში არც ერთხელ არ დამრიცხვია სრულად – ხან 30 ლარი დამაკლეს, ხან – 20 ლარი.

ასევე არ გვქონდა განსაზღვრული შესვენების საათები, მხოლოდ ნახევარი საათი შეგვეძლო – ყავის დალევასაც ვერ ასწრებდი. სულ მეძინებოდა. დილითაც, ღამითაც, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ყველგან მეძინებოდა. 12 საათი დგახარ ფეხზე… ასეთი ვითარების გამოა, რომ მარკეტებში ყოველდღიურად არის ვაკანსიები – ყოველდღიურად ვიღაცა მიდიოდა.

თავს არც იმისთვის იწუხებდნენ, რომ კადრი ნორმალურად მოემზადებინათ. სალაროსთან დაგვიყენებდნენ 2-3 ახალ კადრს და მუშაობის პარალელურად მათაც ვამზადებდით. რაღა თქმა უნდა, არც ეს ყოფილა ანაზღაურებადი. არადა, ესეც საკმაოდ რთული იყო, რადგან კლიენტებთან მომსახურების პერიოდში ასწავლიდი სტაჟიორს“.

 

მთავარი ფოტო: სალომე დუმბაძე, მარიამ გორჯელაძე, მირანდა დუმბაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: