ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმში მშენებარე „ბაბილონ თაუერი“ აუქციონზე 37 მილიონ ლარად იყიდება

06.05.2019 • 2789
ბათუმში მშენებარე „ბაბილონ თაუერი“ აუქციონზე 37 მილიონ ლარად იყიდება

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მშენებარე „ბაბილონ თაუერი“ ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. საწყისი გასაყიდი ფასი 36 750 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი – 490 ათასი,  საგარანტიო თანხა კი – 2 450 000 ლარი. ქონება ელექტრონულ აუქციონზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ [თბილისის სააღსრულებო ბიურომ] გაიტანა.

2019 წლის 15 აპრილს აჭარის მთავრობასა და შპს Tam Geo-ს შორის, რომელმაც ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე „ბაბილონ თაუერის“ მშენებლობა წამოიწყო, ახალი შეთანხმება გაფორმდა. Tam Geo-მ 2012 წელს აღებული ვალდებულება ამ ახალი შეთანხმებით და პირობებით 2022 წლამდე უნდა შეასრულოს. კომპანია ვადის გადაწევასთან ერთად გათავისუფლდა ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დარიცხული ჯარიმებისგანაც.

ამ თემაზე: ბათუმში „ბაბილონ თაუერის“ მშენებლობა გაგრძელდება – 141 მეტრიანი შენობა რუსთაველზე

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ქონების აუქციონზე გატანის მიზეზი შპს Tam Geo-სა და მის დამფუძნებლებს შორის დავა გახდა: „კომპანიას დამფუძნებლების მიმართ საკმაო დავალიანება დაუგროვდა. აუქციონზე ქონება, მართალია, იყიდება, თუმცა იმ პირობებით და ვალდებულებებით, რაც 2019 წლის 15 აპრილის შეთანხმების აქტითაა განსაზღვრული. ქონების მყიდველს ამ ვალდებულებების შესრულება მოუწევს.“

აუქციონზე ორი მიწის ნაკვეთია გატანილი, მასზე მდებარე უძრავი ქონებით.

გასაყიდი ქონების აღწერილობა [აუქციონიდან]:

სარეალიზაციო უძრავი ქონება წარმოადგენს ჯამში 3703 კვ.მ. მიწის ნაკვეთებს და მასზე განთავსებულ მშენებარე და დამხმარე ნაგებობებს… მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობა მრავალფუნქციური შენობაა, რომელიც მოიცავს საცხოვრებელ, სასტუმრო, კაზინოს, სავაჭრო, რესტორანი-ბარი-კაფე, საოფისე და მიწისქვეშა ავტოსადგომის ფართობებს.

შენობა შედგება ორი ნაწილისაგან, პირველი ნაწილის მშენებლობა (შავი კარკასი) დასრულებულია თოთხმეტი სართულის ჩათვლით, მე-15 სართული დასხმულია. პირველი ნაწილი შენობის მეორე ნაწილს უკავშირდება ორსართულიანი, სტანდარტული სართულის სიმაღლის ნაგებობით. მეორე ნაწილი დაუსრულებელია, აშენებულია მხოლოდ ცხრა სართული. შენობის პირველი სართული მაღალჭერიანია, ნაწილზე განთავსებულია ანტრესოლი.

ობიექტს, ასევე, გააჩნია მიწისქვეშა (სარდაფის სართული) ავტოსადგომი. 2019 წლის 13 მარტის მდგომარეობით აშენებულია სულ 31 323,51 კვ.მ. ფართობის შენობა (სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით). სარეალიზაციო ობიექტი შავი კარკასის მდგომარეობაშია.

მრავალფუნქციური ნაგებობის მომიჯნავედ განთავსებულია დამხმარე შენობა-ნაგებობა ფართობით 29,8 კვ.მ. რომელიც წარმოადგენს ტრანსფორმატორის შენობას და მშენებარე კომპლექსის ნაწილია.

ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2019 წლის 13 მაისს დასრულდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: