მთავარი,სიახლეები

რა სიმბოლოების გამოყენებას აპირებს 9 მაისს ზახაროვა-გოგიძის მოძრაობა

06.05.2019 • 1858
რა სიმბოლოების გამოყენებას აპირებს 9 მაისს ზახაროვა-გოგიძის მოძრაობა

ვინ არის „საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესის“ პრეზიდენტი და რას საქმიანობს მისი ორგანიზაცია ბათუმში, რომელიც ყოველ წელს, 9 მაისს, გმირთა ხეივანში მსვლელობას აწყობს. „ბათუმელები“  ორგანიზაციის ხელმძღვანელს ლიკა ზახაროვას დაუკავშირდა, თუმცა მის მობილურს რევაზ გოგიძემ უპასუხა. ის ამბობს, რომ ამ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტია.

რას საქმიანობს ლიკა ზახაროვა და რა მიზნები აქვს თქვენს ორგანიზაციას საქართველოში, გარდა იმისა, რომ 9 მაისს მსვლელობებს აწყობთ? – ვკითხებთ მას. რევაზ გოგიძე ამბობს, რომ მოძრაობა – „საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესის“ ძირითადი ფუნქცია სწორედ 9 მაისის, როგორც ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნაა.

რაც შეეხება ლიკა ზახაროვას, ის საქართველოს მოქალაქეა, ქართულად ვერ ლაპარაკობს, მაგრამ უკვე ოცი წელია საქართველოში ცხოვრობს. მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილმა დიდი დამსახურებების გამო მისცა. ეს დამსახურება ქართულ-რუსული ურთიერთობების გაღრმავებაა. ასევე, იმ ვეტერანების მიხედვა, რომლებიც ცოცხლები არიან.

ჩვენ გვაქვს იურიდიული დახმარების ცენტრი, სადაც მაქსიმალურად ვეხმარებით  იმ ხალხს, ვისაც არ აქვს წვდომა საქართველოს კანონებთან, რომ არ დაუშვან შეცდომა“, – ამბობს რევაზ გოგიძე.

კითხვაზე, აპირებენ თუ არა გეორგიევსკის ლენტის ან სხვა საბჭოთა სიმბოლოების გამოყენებას 9 მაისის აქციაზე, რევაზ გოგიძე ამბობს, რომ ისინი მხოლოდ მრგვალ ფონზე წმინდა გიორგის გამოსახულებას გამოიყენებენ. „ყველაფერი, რაც „თავისუფლების ქარტიაშია“ ჩაწერილი, რომ არ შეიძლება მისი გამოყენება, არ გამოვიყენებთ. არც გეორგიევსკის ლენტებს“, – ამბობს ის.

თუმცა გასულ წელს ამავე მოძრაობამ გამოიყენა გეორგიევსკის ლენტი, რასაც საზოგადოების ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. რევაზ გოგიძე ამბობს, რომ გეორგიევსკის ლენტები გასულ წელს რუსმა ტურისტებმა გამოიყენეს. „შარშან შემოგვიერთდნენ ის ტურისტები, ვინც საქმის კურსში არ იყვნენ. ჩვენ ავუხსენით და მოვახსნევინეთ, თუმცა მანამდე შეხლა-შემოხლა მოხდა“.

კითხვაზე, ელოდებიან თუ არა წელსაც რუს ტურისტებს აქციაზე, რევაზ გოგიძე ამბობს, რომ „ალბათ შეუერთდებიან“.

„ჩვენ დავწერეთ ფეისბუკზე, რომ გვაქვს შეკრება და ვისაც სურვილი აქვს, შემოგვიერთდება. რამდენი ადამიანი მოვა, ეს წინასწარ არ ვიცით“.

აღნიშნული ორგანიზაციის პროექტია ასევე „რუსული კუთხე“, რომელიც რუსული ენის უფასოდ სწავლებას ითვალისწინებდა. რუსული „სპუტნიკ საქართველოს“ ცნობით, ეს პროექტი ამ მოძრაობამ ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო.

რევაზ გოგიძე ასევე ამბობს, რომ ის არის ე.წ „უკვდავი პოლკის“ ხელმძღვანელი საქართველოში. ეს ორგანიზაცია თანამშრომლობს ფონდ „რუსკი მირსა“ და სხვა პრორუსულ ორგანიზაციებთან.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: