მთავარი,რეკლამა,სიახლეები

140 წლის შემდეგ ფოთში საზღვაო სწავლება დაიწყება

05.05.2019 • 2540
140 წლის შემდეგ ფოთში საზღვაო სწავლება დაიწყება

2019 წლის 5 მაისს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის დაარსების შესახებ.

მემორანდუმის ფარგლებში ფოთის მუნიციპალიტეტის მერია გამოყოფს ფილიალის ფუნქციონირებისა და სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მოსაწყობად საჭირო ფართს. თავის მხრივ, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიციური პერსონალის მიერ ფილიალის დაარსების საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას და სასწავლო პროცესის უწყვეტად წარმართვას.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის დაარსება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში საზღვაო განათლების პოპულარიზაციას და კვალიფიციური კადრების მომზადებასა და გადამზადებას.

პირველ ეტაპზე დაგეგმილია მხოლოდ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და საწვრთნელი კურსები, თუმცა მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში განიხილება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დამატებაც.

„საქართველოში საზღვაო განათლებას თითქმის 140 წლის წინ სწორედ ფოთში ჩაეყარა საფუძველი. ჩვენი საზღვაო ინდუსტრიის განვითარების ტემპისა და პერსპექტივების გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია საზღვაო სწავლების ტრადიციის აღდგენა და საზღვაო პროფესიების პოპულარიზაცია ამ რეგიონში. ორი უმნიშვნელოვანესი ნავსადგური სწორედ სამეგრელოს ტერიტორიაზეა განლაგებული: ფოთი და ანაკლია.

ფოთში საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულების შექმნა აუცილებელი და დროული ნაბიჯია იმისათვის, რომ ახლო მომავალში არ შეიქმნას მუშა-ხელის დეფიციტი და შევძლოთ გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომელსაც საზღვაო ინდუსტრიაში განხორციელებული პროექტების შედეგად მივიღებთ“ – განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი მერი გოჩა კურდღელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი, სსიპ – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: