მთავარი,სიახლეები

შიშველი სადენები კორპუსის სადარბაზოში – საფრთხე ბავშვებისთვის

05.05.2019 • 1936
შიშველი სადენები კორპუსის სადარბაზოში – საფრთხე ბავშვებისთვის

ავტორი: ნესტან ზოიძე

ბათუმში, ტაბიძის ქუჩის #7-ში, საერთო საცხოვრებლად წოდებული კორპუსის მცხოვრებლები „ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ და სთხოვეს, რომ მათი ხმა მიგვეწვდინა კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“. აქ მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათ კორპუსში ელექტროსადენები მოუწესრიგებელი და სიცოცხლისთვის საშიშია.

მოქალაქეების თქმით, ელექტროსადენები სადარბაზოში ქაოსურად არის გაყვანილი და განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისთვის. ზედაპირული დათვალიერებით ჩანს, რომ ამ სადენების სრული უმრავლესობა ელექტრომრიცხველებთან არის დაკავშირებული.

„ბათუმელები“ აღნისნულის თაობაზე დაუკავშირდა კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“.  კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა საკითხზე განმარტება მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, როცა ფოტომასალები მივაწოდეთ.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, „ენერგო-პრო ჯორჯია“ მაქსიმალურად ცდილობს მოაგვაროს მსგავსი პრობლემები და სწორედ ამ მიზნით სისტემატურად ამოწმებს კორპუსებს პრობლემების აღმოსაფხვრელად.

უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ბექა რომანაძე აქვე დასძენს: „ამ შემთხვევაში [ტაბიძის #7-ში], რასაც ჩვენ დავაკვირდით, ჩვენი სადენები მოწესრიგებულია და არანაირ პრობლემას არ ქმნის. ხოლო სხვა კომპანიების სადენებთან დაკავშირებით – ეს იქნება ტელევიზია, ინტერნეტი თუ სხვა, პასუხს ჩვენ ვერ გაგცემთ. აქ ჩანს, რომ 80% სხვა კომპანიების სადენებია, რაზეც პასუხს ჩვენ არ ვაგებთ“.

შიშველი სადენები კორპუსის სადარბაზოებში

გადაბეჭდვის წესი