ბათუმი,მთავარი,სიახლეები

მწვანე ტბასთან ინფრასტრუქტურის მოწყობაზე სამინისტრო მილიონიან ხელშეკრულებას ამზადებს

05.05.2019 • 1783
მწვანე ტბასთან ინფრასტრუქტურის მოწყობაზე სამინისტრო მილიონიან ხელშეკრულებას ამზადებს

ხულოში, მწვანე ტბასთან, ინფრასტრუქტურის მოსაწყობად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გასაფორმებელ ხელშეკრულებას ამზადებს. შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას კომპანია „მარდი“ სამინისტროს 1 036 363 ლარად სთავაზობს. ხელშეკრულება მას შემდეგ გაფორმდება, რაც კომპანია დამატებით დოკუმენტაციას წარადგენს.

2019 წლის 18 მაისამდე კომპანიამ სატენდერო კომისიაში უნდა წარადგინოს 51 498 ლარის საბანკო გარანტია, რის შემდეგაც ხელშეკრულებაც უნდა გაფორმდეს.

ხულოში, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურის მოწყობას კომპანია „ალიგატორი 1“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 1 მილიონ 29 ათას 970 ლარად სთავაზობდა. ეს იყო ტენდერში მონაწილე კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი დაასახელა, თუმცა მას კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო. ამ კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კომისიის გადაწყვეტილების დავების საბჭოში გასაჩივრებას არ აპირებენ.

მომდევნო კომპანია, რომელმაც „ალიგატორი 1“-ის შემდეგ ყველაზე დაბალი ფასი დაასახელა, იყო სწორედ შპს „მარდი“ [1 მილიონ 36 ათას 363 ლარი]. ეს კომპანია 1998 წელს დაარეგისტრირეს ქობულეთში. მისი 100% წილის მფლობელიც და დირექტორი ომარ ქათამაძეა.

მონაწილეობდა თუ არა ტენდერში სხვა კომპანიები, ჯერ უცნობია, ვინაიდან ტენდერი აუქციონის გარეშე გამოცხადდა, ამიტომ ყველა პრეტენდენტი შესყიდვების გვერდზე მას შემდეგ გამოჩნდება, რაც სამინისტრო გამარჯვებულთან ხელშეკრულებას გააფორმებს.

მწვანე ტბაზე ნავმისადგომები, ტბასთან კი გზების, ადმინისტრაციული შენობის, ფანჩატურების, ღამის გასათევის, ავტოპარკინგის, საპირფარეშოს, გამწმენდი ნაგებობისა და წყალგაყვანილობის მოწყობაა დაგეგმილი.

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის პირველ ნოემბრამდე პერიოდში უნდა დასრულდეს, თუმცა მიმწოდებელმა ნავმისადგომებისა და ფანჩატურების მშენებლობა უნდა დაასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს პირველ აგვისტომდე.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/188192/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: