მთავარი,სიახლეები

„ძიალოგი“ – რა მოიფიქრეს სტუდენტებმა პოლიტიკური ოპონენტების დასამეგობრებლად

05.05.2019 • 2346
„ძიალოგი“ – რა მოიფიქრეს სტუდენტებმა პოლიტიკური ოპონენტების დასამეგობრებლად

„ამ აპლიკაციით თქვენი პოლიტიკური ოპონენტი შესაძლოა თქვენი მეგობარი გახდეს,“ – ამბობს მარიამ ცერცვაძე. მან ხუთ მეგობართან ერთად მობილური აპლიკაცია შექმნა. აპლიკაცია პოლიტიკური პოლარიზების შემცირების პროექტის ფარგლებში გაკეთდა Democracy Reporting International Georgia-ს მხარდაჭერით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და „ფორსეტის“ ორგანიზებით გამართულ ჰაკათონზე.

აპლიკაცია პოლარიზებულ პოლიტიკურ რეალობაში საერთო ინტერესების მქონე პოლიტიკური ოპონენტების დაახლოების შესაძლებლობას იძლევა. აპლიკაციით სარგებლობა ივლისიდან იქნება შესაძლებელი და მას „ძიალოგი“ ერქმევა.

„ასე მოვიფიქრეთ მეგობრებმა. თავიდან ვთქვით, დიალოგი დავარქვათო. ბოლოს გადავწყვიტეთ, ძიალოგი დაგვერქმია. ეს უკეთესია,“ – ფიქრობს მარიამი, რომელიც ლევან ბეროშვილთან ერთად აპლიკაციის შესახებ მოგვიყვა. აპლიკაციის შესახებ ინფორმაცია 3 მაისს, საია-სა და აჭარის ტელევიზიის ორგანიზებით ბათუმში გამართულ მედიაფორუმზე გაჟღერდა.

„მარტივად იქნება შესაძლებელი „ძიალოგის“ ჩამოტვირთვა. აპლიკაციაში თავდაპირველად დაგხვდებათ კომპასი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში განსაზღვრავს, საითკენ იხრება თქვენი პოლიტიკური ორიენტაცია. აპლიკაცია დღეში ერთხელ დაგისვამთ შეკითხვას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე და კომპასზეც თქვენი ადგილი ამის მიხედვით განისაზღვრება. თქვენ ანონიმური რჩებით, ვიდრე ვინმეს გაცნობას და მასთან დამეგობრებას არ მოინდომებთ,“ – გვიყვება ლევან ბეროშვილი. ის და მარიამიც თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ისინი პროგრამისტებად უკვე მუშაობენ კერძო კომპანიაში.

როგორ შეხვდებიან და დაუმეგობრდებიან ოპონენტები ერთმანეთს? – მარიამ ცერცვაძე განმარტავს, რომ ალგორითმი ავტომატურ რეჟიმში შემოგთავაზებთ დაახლოებით 20 ადამიანს, ვინც თქვენი პოლიტიკური ოპონენტია, მაგრამ საერთო ღირებულებები გაქვთ.

„წინასწარ შევსებული კითხვარით ალგორითმმა იცის, რომელია თქვენი საყვარელი წიგნი, ფილმი, მუსიკა და ასე შემდეგ… წარმოიდგინეთ, რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს პოლემიკა ადამიანთან, რომელსაც ზუსტად ის წიგნი უყვარს, რაც შენ, რომელიც ისევე გიჟდება ფეხბურთზე, როგორც შენ. აპლიკაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაწვდის თქვენს პერსონალურ მონაცემს მეორე ადამიანს, თუკი თანახმა იქნებით,“ – გვიყვება მარიამ ცერცვაძე.

აპლიკაციის ავტორები „ძიალოგში“ შესულ ოპონენტებს დიალოგის თემებსაც შესთავაზებს. „მიზანია რადიკალიზმის შემცირებაა. მათ უნდა დაინახონ, რომ რეალურად მტრები არ არიან,“ – დასძენს ლევან ბეროშვილი.

აპლიკაციის მართვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით დაფინანსდება პროექტის ფარგლებში. აპლიკაციის ავტორები მიიჩნევენ, რომ „ძიალოგი“ პროექტის დასრულების შემდეგაც იფუნქციონირებს.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: