განათლება,მთავარი,სიახლეები

ვის შეეძლება ცხოვრება ბსუ-ს ახალ საერთო საცხოვრებელში

03.05.2019 • 6462
ვის შეეძლება ცხოვრება ბსუ-ს ახალ საერთო საცხოვრებელში

კვირას, 5 მაისს, ბათუმში, ლეონიძის 15 ნომერში, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ საერთო საცხოვრებელს გახსნის, რომელიც 200 სტუდენტზეა გათვლილი.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, საერთო საცხოვრებელი ოთხსართულიანია და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

საკონფერენციო დარბაზი სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში

„სტუდენტურ საცხოვრებელში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი, თავისუფალი სივრცეები, ბიბლიოთეკა, ლიფტი, დაცვის ოთახი, სამრეცხაო-საშრობი და ა.შ. სპეციალური საჭიროების პირთათვის გათვალისწინებულია  ადაპტირებული ბლოკები. შენობა ბლოკური პრინციპის კონსტრუქციით არის აგებული და უზრუნველყოფილია დამოუკიდებელი სველი წერტილებითა და სამზარეულოთი“.

საერთო საცხოვრებლის ჰოლი

როგორც „ბათუმელებს“ ბსუ-ს ადმინისტრაციაში უთხრეს, საერთო საცხოვრებელში ბინადრობის უფლებაზე უპირატესობა აქვთ: სოციალურად დაუცველ სტუდენტებს (ვისაც აქვს 70 000 და ნაკლები ქულა), ასევე, აჭარის ადმინისტრაციული საზღვრების მიღმა მცხოვრებ სტუდენტებს, აჭარის მაღალმთიან რაიონში მცხოვრებ სტუდენტებს (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლები), ქვედა ქოქოლეთში მცხოვრებ, ქობულეთის რაიონის სოფლებში, დიდვაკესა და ხინოში მცხოვრებ სტუდენტებს.

ასევე, ბინადრობის უფლებაზე უპირატესობა ექნებათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულის ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებულის შვილებს, საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შვილებსა და ობლებს (დედით ან მამით),  – იძულებით გადაადგილებულ (დევნილის) სტატუსის მქონე მრავალშვილიანი ოჯახიდან სტუდენტებს, ეკომიგრანტებს, მარტოხელა დედის სტატუსის მქონე სტუდენტს.

ბსუს-ს ინფორმაციით, ახალი სტუდენტური საცხოვრებლით ამ ეტაპზე ისარგებლებენ ის სტუდენტები, რომლებიც ძველ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდნენ. „საცხოვრებლის მობინადრეთა შესარჩევი კრიტერიუმების პროექტზე უნივერისტეტში მიმდინაროებს მუშაობა და იგი ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება, თუმცა ახალი კრიტერიუმები ძველი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მოსაგებლეებს არ შეეხებათ“.

საერთო საცხოვრებლის მშენებლობაზე უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 359 ათასი ლარი დაიხარჯა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: